Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№35აპ-21 ქ. თბილისი

ნ-ი კ-ა, 35აპ-21 15 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. ნ-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. კ. ნ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· კ. ნ-ი 2001 წლის დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია ხ. კ-თან, რომელსაც 2018-2019 წლებში პერიოდულად სთხოვდა ფულად თანხას და უარის მიღების შემდეგ, განაწყენებული, ლ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-ის თემში შემავალ სოფელ ხ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების – -- დაბადებულ თ. ნ-ისა და -- დაბადებულ მ. ნ-ის თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მას, აგინებდა დედასა და ნათესავებს, ემუქრებოდა სახლიდან გაგდებით და ფიზიკური ანგარიშსწორებით, რის გამოც ხ. კ-ი განიცდიდა ტანჯვას. კ. ნ-ს არასრულწლოვანი შვილები – თ. და მ. ნ-ები მოუწოდებდნენ, რომ შეეწყვიტა დედის – ხ. კ-ის სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც კ. ნ-ი უკვე არასრულწლოვანი შვილების მიმართაც, იმ მოტივით, რომ ისინი დედას ესარჩლებოდნენ, გამოხატავდა აგრესიას, სისტემატურად შეურაცხყოფდა მათ, ამცირებდა და აგინებდა დედას, რითაც არასრულწლოვნები – თ. ნ-ი და მ. ნ-ი განიცდიდნენ ტანჯვას.

· 2019 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე, ლ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-ის თემში შემავალ სოფელ ხ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, კ. ნ-ი მეუღლეს – ხ. კ-ს დაემუქრა სახლის დაწვითა და სიცოცხლის მოსპობით. ამის შემდეგ იგი შეეცადა საცხოვრებელი სახლისათვის ცეცხლის წაკიდებას. აღნიშნული ქმედების შედეგად ხ. კ-ს გაუჩნდა კ. ნ-ის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· კ. ნ-ი 2019 წლის 2 იანვარს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ლ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-ის თემში შემავალ სოფელ ხ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ მეუღლეს – ხ. კ-ს და მოსთხოვა ფულადი თანხის – 250 ლარის გადაგზავნა, რაზეც ხ. კ-მა უარი განუცხადა. ამ ფაქტით განაწყენებულმა კ. ნ-მა მას უთხრა, რომ, თუ თანხას არ გადაუგზავნიდა, ჩააკითხავდა, ძალადობის გამოყენებით გააგდებდა სახლიდან და ფიზიკურად გაუსწორდებოდა.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენით კ. ნ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; კ. ნ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; კ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 8 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ. ნ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კ. ნ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, თავისუფლების აღკვეთის სახით.

5.მსჯავრდებული კ. ნ-ი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ შეაფასა საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები და დაადგინა უკანონო განაჩენი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს კ. ნ-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ასევე – მის მიერ ჩადენილი ქმედების გადაკვალიფიცირება სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავი პასუხები გაეცა პროკურორის საკასაციო საჩივარში (იგივე საფუძვლები იყო მითითებული სააპელაციო საჩივარშიც) მითითებულ მოტივებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, თუ ის არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი სხვა მტკიცებულებით, ვერ დაადასტურებს მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულების მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების მიყენებას. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა – თ. ნ-მა და მ. ნ-მა უარი განაცხადეს მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, მათ მიერ გამოძიების პროცესში გამოკითხვის ოქმებში გადმოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინოს გამამტყუნებელი განაჩენი, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება კი, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა კ. ნ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, სასამართლოში არც წარმოდგენილა და არც გამოკვლეულა. ასევე, არ არის საკმარისი მხოლოდ დაზარალებულ ხ. კოჭლამაზიშვილის ჩვენება კ. ნიკოლაიშვილის საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის.

10. იმავდროულად, მსჯავრდებულ კ. ნ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა უტყუარად დასტურდება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ასევე – უდავოდ ცნობილი ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ხ. კ-ისა და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტოსურათებით, ნავთობპროდუქტებისა და სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2019 წლის 4 თებერვლის №- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

11. ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებაში „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა გამამტუნებელი განაჩენის დადგენისას ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებამდე ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად არ დაიშვება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37; II-52).

12. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ფასდება როგორც ცალკ-ცალკე (სსსკ-ის 82-ე მუხლის საფუძველზე მათი რელევანტურობის, დასაშვეობისა და უტუარობის თვალსაზრისით), ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ურთიერთს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს მსჯავრდებული პირის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი