Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №103აპ-21 ქ. თბილისი

ო-ი ს-ო, 103აპ-21 17 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით ს. ო-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ს. ო-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 15 ოქტომბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ო-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 00:50 საათიდან 00:57 საათამდე დროის პერიოდში, თ-ში, გ-ში, ხ-ის ქ. №-–ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ს. ო-მა მოკვლის განზრახვით, შურისძიების მოტივით, წინასწარი შეცნობით 15 წლის არასრულწლოვან გ. ფ-ს დანის მუცლის არეში დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის შემდეგაც იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

4. მსჯავრდებულ ს. ო-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გელა ჩივაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ს. ო-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულ განაჩენზე წარმოდგენილ მოტივს უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულ გ. ფ-ის, მოწმეების – ნ. ხ-ის, ზ. ხ-ის, მ. ჩ-ის, გ. ც-ას, თ. მ-ის, ხ. მ-ის, ბ. მ-სა და სხვათა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმები, ამოცნობის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო, ფსიქიატრიული, ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები და სხვა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით დადასტურებულია ს. ო-ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური ნიშნების არსებობა. პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ს. ო-ი უგონო მდგომარეობაში იწვა ასფალტზე და მისთვის უცნობია, თუ ვინ მიაყენა დაზარალებულს დაზიანება, ვინაიდან ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ს. ო-მა მაღაზიიდან აღებული დანით გ. ფ-ს მიაყენა ჭრილობა, რომელიც სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 15 ივნისის №-- დასკვნით შეფასდა, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა იმ საკითხებზე, რომლებზეც დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001). ამასთან, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი