საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №226აპ-21 ქ. თბილისი
ს-ე ო-გ, 226აპ-21 30 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენით ო. ს-ე, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 5 წლით, ხოლო 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ო. ს-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 28 იანვრიდან; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: ო. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ო. ს-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ო. ს-ემ ჩაიდინა: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ო. ს-ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,024 გრამ – დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“, რაც 2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 18:35 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, ო. ს-ის თანხმობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული ენდოსკოპიური მანიპულაციის შედეგად, ამოიღეს ო. ს-ის სხეულიდან.
4. მსჯავრდებული ო. ს-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ჯ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ო. ს-ისათვის შეფარდებული ძირითადი და დამატებითი სასჯელების შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნო.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით (ენდოსკოპიური დათვალიერების 2019 წლის 28 იანვრის ოქმი, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 29 იანვრის --1 დასკვნა, ამოღების ოქმი, ტომოგრაფიული კვლევის 2018 წლის 27 დეკემბრის პასუხი, სხეულის დათვალიერებისა და ამოღების ოქმები, მოწმეების – რუსლან ბერიძის, კახაბერ მსხალაძის, არჩილ ძნელაძისა და სხვათა გამოკითხვის ოქმები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და სხვ.) უტყუარადაა დადასტურებული ო. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ჩადენა.
8. რაც შეეხება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მათი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს; ამასთან, ო. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა მინიმალური სასჯელი.
9. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში ო. ს-ემ, მართალია, აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ იგი დააკავეს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთანავე, რაც გამორიცხავს ო. ს-ის მიმართ სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ო. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი