Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1311-887(კ-05) 15 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 29 ივლისს ე. ტ.-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატში მუშაობდა 1990 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე, განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, 1995 წლიდან აპარატის კადრებისა და საიდუმლო საქმეთა ჯერ სამსახურის, ხოლო შემდეგ _ ...-ის თანამდებობაზე.

ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2004წ. 24 ივნისის ¹238/კ განკარგულებით 2004წ. 18 ივნისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ»' კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე.

მოსარჩელის განმარტებით, მითითებული განკარგულება იყო უკანონო, ვინაიდან ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა როგორც მას, ასევე მთელ აპარატს განუცხადა, რომ დაეწერათ განცხადებები პირადი ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე იმ პირობით, რომ კვლავ დაინიშნებოდნენ იმავე თანამდებობაზე მისივე განკარგულებით, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაითხოვდნენ სამსახურიდან.

2004წ. 1 მაისს მოსარჩელე ე. ტ.-ემ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგინა ორი განცხადება სამსახურიდან დათხოვნისა და იმავე თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე. ორივე განცხადებას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაადო შესაბამისი რეზოლუციები: პირველ განცხადებას _ «თანახმა ვარ», ხოლო მეორე განცხადებას _ «დაინიშნოს საორგანიზაციო განყოფილების ...-ად კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე». მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, არც ერთ განცხადებაზე არ გამოიცა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი. მოსარჩელის მითითებით, მან პირველი განცხადებით, დადგენილი წესითა და ვადებით, მოითხოვა განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულების მოშლა, რაც ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა და არ გამოსცა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი, ასევე კანონით დადგენილი ვადებითა და წესით არ შეუწყვიტა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და არც განსაზღვრული სარგოს მიღება. მეორე განცხადებით, მისი ნება სამსახურიდან პირადი ინიციატივით წასვლის თაობაზე შეიცვალა და იგი გამოისახა იმავე სამსახურში მუშაობის გაგრძელებაში, ხოლო ადმინისტრაციის ნება გამოიხატა საორგანიზაციო განყოფილებაში ...-ად დანიშვნაში, რაზეც, მოსარჩელის განმარტებით, მას არც სიტყვიერი და არც წერილობითი უარი არ განუცხადებია. გამომდინარე აღნიშნულიდან, მის პირველ განცხადებაში გამოხატული ნება, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, იმავე დღეს შეიცვალა, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, სამსახურში დანიშვნის ნებით, რის გამოც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს აღარ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი 2004წ. 24 ივნისის ¹238 «კ» განკარგულების გამოცემისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2004წ. 24 ივნისის ¹238/კ განკარგულების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

მოპასუხე ქუთაისის მერიამ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელე პირველი განცხადებით ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლებას, რაც დაკმაყოფილდა მერის მოვალეობის შემსრულებლის მიერ. რაც შეეხება ე. ტ.-ის მეორე განცხადებას, ვინაიდან ქუთაისის საკრებულოს 2004წ. 13 მაისის ¹50 გადაწყვეტილებით გაუქმდა ის შტატი, რომელზე დანიშვნასაც მოსარჩელე ითხოვდა, ამიტომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის რეზოლუციით მისთვის შეთავაზებულ იქნა სხვა თანამდებობა. მაგრამ როდესაც მზადდებოდა განკარგულების პროექტები, ე. ტ.-ემ ოპერატორების ოთახიდან თვითნებურად წაიღო ორივე განცხადების პროექტი და ისინი დააბრუნა მხოლოდ 2004წ. 5 ივნისს, რაც ქუთაისის მერიის ადმინისტრაციამ ჩათვალა შეთავაზებულ თანამდებობაზე უარის თქმად და ამის გამო გამოსცა განკარგულება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ტ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ტ.-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ე. გ.-ე, რომელმაც უსაფუძვლობის მოტივით მხარის არ დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.

აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ იგი სამსახურიდან გათავისუფლდა არა საკუთარი ნებით, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, რასაც მის მიმართ ახორციელებდა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი. აპელანტის განმარტებით, მოპასუხე მხარემ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მეორე განცხადებით, რომლითაც მოითხოვა მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, ფაქტობრივად, უარყო პირველ განცხადებაში გამოხატული ნება, რისი უფლებაც მას ჰქონდა შრომის კანონთა კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს 2004წ. 24 ივნისის ¹238/კ განკარგულების გამოცემისათვის სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ აღარ არსებობდა მისი ნება გათავისუფლებაზე, რაც გამოიხატა მისი მეორე განცხადებით, მეორეც, გასული იყო კანონით დადგენილი ყოველგვარი ვადა განკარგულების გამოცემისა და მისი გათავისუფლებისათვის.

აპელანტის მითითებით, აგრძელებდა რა ადმინისტრაციასთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას, მასთან ფაქტობრივად დაიდო ახალი გარიგება.

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლო არ ჩაუღრმავდა საქმის არსს და ზედაპირულად განიხილა საქმე, არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ თვითმმართველობის აპარატში საკრებულოს 2004წ. 13 მაისის ¹80 გადაწყვეტილებით ფაქტობრივად განხორციელდა რეორგანიზაცია და მოხელე «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე და 97-ე მუხლების შესაბამისად, არ შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იქნებოდა‚ სხვა თანამდებობაზე დანიშნულიყო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 მარტის განჩინებით ე. ტ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ტ.-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 11 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 19 ივლისის განჩინებით ე. ტ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2004წ. 18 მაისს ე. ტ.-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს და მოითხოვა 2004წ. 10 მაისიდან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაზედაც თანხმობა მიიღო იმავეწ. 18 მაისს. ე. ტ.-ემ მეორე განცხადებით მოითხოვა დროებით მოვალეობის შემსრულებლად კადრებისა და საიდუმლო საქმეთა სექტორის თანამდებობაზე დანიშვნა. აღნიშნულ განცხადებაზე მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაადო შემდეგი შინაარსის რეზოლუცია: «დაინიშნოს საორგანიზაციო განყოფილების ...-ად კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე». აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ე. ტ.-ეს შესთავაზა ახალი სამსახური, რაზეც მან უარი განაცხადა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქუთაისის საკრებულომ 2004წ. 13 მაისს გამოსცა ¹50 გადაწყვეტილება ქ. ქუთაისის თვითმმართველობის აპარატის სტრუქტურის დამტკიცებისა და ადგილობრივი სამსახურების შექმნის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა «ქ.ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე» საკრებულოს 2002წ. 20 სექტემბრის ¹2 გადაწყვეტილება და შეიქმნა ახალი ადგილობრივი სამსახური, გაუქმდა კადრებისა და საიდუმლო საქმეთა სექტორი, შესაბამისად, ...-ისა და ...-ის თანამდებობა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქუთაისის საკრებულოს 2004წ. 13 მაისის ¹50 გადაწყვეტილება, როგორც ნორმატიული აქტი, იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრაციაში გატარდა 2004წ. 17 მაისს და 18 მაისს გამოქვეყნდა გაზეთში «...-სი». გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის თანახმად, იგი ძალაში შევიდოდა კანონით დადგენილი წესით. «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 44-ე მუხლის თანახმად, «ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტი ძალაში შედის ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს, თუ ამავე ნორმატიული აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ვინაიდან ¹50 გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებულია 2004წ. 17 მაისს, ამიტომ იგი ამოქმედდა 27 მაისიდან. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ 2004წ. 17 მაისს, როდესაც ე. ტ.-ემ მერიის კანცელარიას მიმართა განცხადებით, ამ დროისათვის მის მიერ დაკავებული ქუთაისის თვითმმართველობის კადრებისა და საიდუმლო საქმეთა ...-ის თანამდებობა არ იყო გაუქმებული. აღნიშნული თანამდებობა გაუქმდა მხოლოდ საკრებულოს ¹50 გადაწყვეტილებით. ამდენად, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს სრული უფლება ჰქონდა ემსჯელა ე. ტ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან ამ დროისათვის მისი თანამდებობა იურიდიულად და ფაქტობრივადაც ჯერ კიდევ არსებობდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ე. ტ.-ის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერად მოხდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ე. ტ.-ემ 2004წ. 17 მაისს განცხადებით მიმართა ქუთაისის მერიას და მოითხოვა 10 მაისიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად: «პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას».

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შრომის კანონთა კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო განცხადების შეტანიდან 14 დღეში, რაც მას არ გაუკეთებია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შრომის კანონთა კოდექსის 32-ე მუხლი ეხება მუშაკის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტისას ადმინისტრაციის გაფრთხილების ვალდებულებას ორი კვირით ადრე, მაგრამ აღნიშნული მუხლი არ ადგენს იმ ვადას, რომლის განმავლობაშიც ადმინისტრაცია ვალდებულია დააკმაყოფილოს მუშაკის განცხადება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან დავის მხარე არის საჯარო დაწესებულება, ამიტომ დავა უნდა გადაწყდეს არა შრომის კანონთა კოდექსის, არამედ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისის მერიამ იმიტომაც დააგვიანა განცხადების შეტანის შემდეგ განთავისუფლების განკარგულების გამოცემა, რომ ე. ტ.-ემ ქუთაისის მერიიდან თვითნებურად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, უკან გაიტანა თავისი განცხადება, რომელიც დააბრუნა მხოლოდ 2004წ. 5 ივნისს. ყოველივე ამან გამოიწვია გათავისუფლების შესახებ განკარგულების გამოცემის გაჭიანურება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ე. ტ.-ის მოსაზრება, რომ, ვინაიდან იგი 2004წ. 10 მაისიდან ივნისის ბოლომდე ღებულობდა ხელფასს, ამიტომ ადმინისტრაციის მხრიდან მასთან დადებული იყო ახალი შრომის ხელშეკრულება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ე. ტ.-ეზე 2004წ. ივნისის ხელფასის გაცემა გამოწვეული იყო იმით, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2004წ. 25 მაისის ¹199 განკარგულებით შეიქმნა კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის კადრებისა და საიდუმლო სექტორის დოკუმენტაციის აღწერა-გადაცემის თაობაზე, რომელშიც შეყვანილ იქნა ე. ტ.-ეც და მას ამ კომისიაში მუშაობისათვის მიეცა ხელფასი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქუთაისის საკრებულოს 2004წ. 13 მაისის @¹50 გადაწყვეტილებით გაუქმდა კადრებისა და საიდუმლო საქმეთა ...-ის თანამდებობა და შეიქმნა ახალი შტატი _ ...-ი კადრების საკითხებში. ამდენად, ის თანამდებობა, რომელზეც ე. ტ.-ე მუშაობდა გათავისუფლებამდე, დღევანდელი მდგომარეობით აღარ არსებობდა, რაც სარჩელზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ე. ტ.-ის მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს მან განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე დაწერა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის ფსიქოლოგიური ზეწოლით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოში არ წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ე. ტ.-ე, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით თავისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

კასატორი მიუთითებს, რომ ქუთაისის საკრებულოს 2004წ. 13 მაისის ¹50 გადაწყვეტილებით გაუქმდა «კადრებისა და საიდუმლო საქმეთა ...-ის» თანამდებობა და შეიქმნა იმავე შინაარსისა და ფუნქციის მქონე თანამდებობა: «კოორდინატორი კადრებისა და საიდუმლო საქმეთა საკითხებში». კასატორის განმარტებით, მისი გათავისუფლების მომენტისათვის, ანუ 2004წ. 24 ივნისისათვის, მისი თანამდებობა აღარ არსებობდა‚ ამიტომ მისმა გათავისუფლებამ შეიძინა ფორმალური ხასიათი და მას არ უნდა მოჰყოლოდა რაიმე იურიდიული შედეგი.

კასატორს მიაჩნია, რომ ქუთაისის საკრებულოს 2004წ. 13 მაისის ¹50 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხის გარკვევის დროს სააპელაციო პალატა არასაწორად დაეყრდნო «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონს, ვინაიდან ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახე» ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის მიხედვითაც: «საკრებულოს, გამგეობის (მთავრობის), გამგებლის (მერის) ნორმატიული აქტი ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების შემდეგ». ამრიგად, საკრებულოს 2004წ. 13 მაისის ¹50 გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2004წ. 18 მაისს გაზეთ «...-სში» გამოქვეყნების დღიდან.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, თითქოს მან უკან გაიტანა თავისი განცხადება გათავისუფლების შესახებ, რამაც განკარგულების გამოცემის გაჭიანურება გამოიწვია.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ე. ტ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, სასამართლოს მიერ კი დადგენილია შემდეგი:

1990 წლიდან ე. ტ.-ე მუშაობდა ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, 1995 წლიდან აპარატის კადრებისა და საიდუმლო საქმეთა ჯერ სამსახურის, ხოლო შემდეგ _ ...-ის თანამდებობაზე.

2004წ. 17 მაისს ე. ტ.-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ გ. გ.-ეს და ითხოვა იმავე წლის 10 მაისიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება, რაზეც 2004წ. 18 მაისს განცხადებაზე დადებული რეზოლუციით თანხმობა მიიღო. 2004წ. 18 მაისს ე. ტ.-ემ მეორე განცხადებით მიმართა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს და ითხოვა დაენიშნათ დროებით მოვალეობის შემსრულებლად კადრებისა და საიდუმლო საქმეთა ...-ის თანამდებობაზე. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა განცხადებას დაადო რეზოლუცია: «დაინიშნოს საორგანიზაციო განყოფილების ...-ად, კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე».

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ გ. გ.-ის 2004წ. 24 ივნისის ¹238-კ განკარგულებით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე, ე. ტ.-ე 2004წ. 18 ივნისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საქმეში წარმოდგენილი ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ გ. გ.-ის წერილიდან ირკვევა, რომ 2004წ. 13 მაისს ქუთაისის საკრებულოს ¹50 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის სტრუქტურა, რის შემდეგაც გაუქმდა კადრებისა და საიდუმლო საქმეთა სექტორი და შესაბამისად, ...-ისა და ...-ის თანამდებობები.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს უფლება ჰქონდა ე. ტ.-ე პირადი განცხადების საფუძველზე გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 95-ე მუხლის მიხედვით: «პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას». ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ «სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით».

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მისი განცხადების დაწერის მომენტისათვის მის მიერ დაკავებული თანამდებობა აღარ არსებობდა, რის გამოც მოპასუხეს არ ჰქონდა არარსებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების უფლება. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ე. ტ.-ემ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით ქუთაისის მერს მიმართა 2004წ. 17 მაისს. განცხადებას თანხმობის რეზოლუცია დაედო მეორე დღეს, 18 მაისს. საქმის მასალებიდან ასევე დგინდება, რომ ე. ტ.-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული კადრებისა და საიდუმლო საქმეთა ...-ის თანამდებობა გაუქმდა ქ. ქუთაისის საკრებულოს 2004წ. 13 მაისის ¹50 გადაწყვეტილებით, რომელიც 2004წ. 18 მაისს გამოქვეყნდა გაზეთში «...-სი». «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: «საკრებულოს, გამგეობის (მთავრობის), გამგებლის (მერის) ნორმატიული აქტი ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების შემდეგ». ასევე, «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ნორმატიული აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: «ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე» _ ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე. «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკრებულოს გადაწყვეტილება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ე. ტ.-ის მიერ განცხადების შეტანისა და მასზე თანხმობის რეზოლუციის დადების მომენტისათვის (2004წ. 17 და 18 მაისი) მის მიერ დაკავებული თანამდებობა ჯერ კიდევ არსებობდა, ვინაიდან ქუთაისის საკრებულოს 2004წ. 13 მაისის ¹50 გადაწყვეტილება, რომლითაც კასატორის თანამდებობა გაუქმდა, ძალაში შევიდა 2004წ. 18 მაისს (გამოქვეყნების დღის), 24 საათზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მართალია, ქუთასის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ე. ტ.-ის გათავისუფლების შესახებ სადავო განკარგულება გამოსცა დაგვიანებით, 2004წ. 24 ივნისს, მაგრამ განკარგულებიდან, ასევე ქუთაისის თვითმმართველობის აპარატის თანამშრომლების _ გ. ყ.-ისა და ე. გ.-ის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ ამაში ბრალი თვითონ ე. ტ.-ეს ეკუთვნის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ტ.-ემ თავისი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მერიიდან თვითნებურად წაიღო ყოველგვარი თანხმობის გარეშე, რომელიც უკან დააბრუნა მხოლოდ 2004წ. 5 ივნისს, რამაც გამოიწვია მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულების გამოცემის გაჭიანურება.

ამასთან, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოსაზრება, თითქოს ქუთაისის მერია ვალდებული იყო შრომის კანონთა კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე მისი გათავისუფლების განკარგულება გამოეცა ორი კვირის ვადაში. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში მუშაკის მიერ ადმინისტრაციის ორი კვირით ადრე გაფრთხილების ვალდებულებას, მაგრამ ადმინისტრაციის მიერ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტული ვადა ამ მუხლით გათვალისწინებული არ არის.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მან განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დაწერა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის ფსიქოლოგიური ზეწოლით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოში არ წარუდგენია.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შეპირდა თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას, ხოლო შემდეგ უარი უთხრა დანიშვნაზე. რაიონულ სასამართლოში ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა განმარტა და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ ქუთაისის საკრებულოს 2004წ. 13 მაისის ¹50 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით გაუქმდა ის თანამდებობა, რომელიც ე. ტ.-ეს ეკავა. ამის გამო, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა განცხადებაზე დადებული რეზოლუციით მას შესთავაზა საორგანიზაციო განყოფილების ...ად დანიშვნა კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ე. ტ.-ემ განკარგულების მომზადების პროცესში ოპერატორების ოთახიდან თვითნებურად წაიღო თავისი ორივე განცხადება, რაც მერიის ადმინისტრაციამ ჩათვალა შეთავაზებულ თანამდებობაზე უარის თქმად და ვინაიდან მის მიერ დაკავებული თანამდებობა უკვე გაუქმებული იყო, გაათავისუფლა სამსახურიდან.

საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლს, რომლის თანახმად, შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

შრომის კანონთა კოდექსის 206-207-ე მუხლების თანახმად, უკანონოდ დათხოვნილი მუშაკი აღდგენილი უნდა იქნეს წინანდელ თანამდებობაზე. ამრიგად, აღნიშნული მუხლები ითვალისწინებენ უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის აღდგენას მხოლოდ წინანდელ და არა ტოლფას თანამდებობაზე.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია ქ.ქუთაისის საკრებულოს 2005წ. 25 ოქტომბრის ¹127 გადაწყვეტილება «ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ». აღნიშნული გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. ქუთაისის საკრებულოს 2004წ. 13 მაისის ¹50 გადაწყვეტილება. როგორც წარმოდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, დღევანდელი მდგომარეობით ქ. ქუთაისის თვითმმართველობის აპარატში აღარ არსებობს ე. ტ.-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული კადრებისა და საიდუმლო საქმეთა ...-ის თანამდებობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ე. ტ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადიმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ტ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.