საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№12აპ-21 ქ. თბილისი
შ-ი ა-ი, 12აპ-21 29 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. შ-ს, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალი დაედო: ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 28 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, ქ. ბ-ში, ს. ხ-ის ქ. №--, ბინა --ში, ა. შ-მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სხეულის სხვადასხვა ნაწილში დარტყმებით, ასევე – ყელში ხელების მოჭერით ი. ს-ას მიაყენა სხეულის დაზიანებები, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2018 წლის 29 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ. ბ-ში, ს. ხ-ის ქ. №--, ბინა --ში, ალკოჰოლით მთვრალმა ა. შ-მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სხეულის სხვადასხვა ნაწილში ხელებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმით ი. ს-ას მიაყენა სხეულის დაზიანებები, რითიც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2018 წლის 29 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ. ბ-ში, ს. ხ-ის ქ. №--, ბინა --ში, ალკოჰოლით მთვრალი ა. შ-ი დანის დემონსტრირებით ი. ს-ას დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით ა. შ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; ა. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 10 სექტემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ოლღა მერებაშვილი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ა. შ-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების სრული მოცულობით და მისთვის უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
6.. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასწორად შეაფასა და გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. შ-ის მსჯავრდებისათვის ბრალდების ორ ეპიზოდში (მუქარისა და 2018 წლის 29 ოქტომბრის ძალადობის ეპიზოდებში) არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი (როდესაც თავად დაზარალებული სასამართლოში არ დაკითხულა). ამასთან, არ არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. შ-ის მიერ 2018 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.
9. პროკურორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან. ამასთან, 2018 წლის 29 ოქტომბრის ძალადობისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, გარდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე დაზარალებულის გამოქვეყნებული ჩვენებისა, ბრალდების მხარეს სხვა პირდაპირი მტკიცებულება არ მოუპოვებია. შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი, ისე – შემამსუბუქებელი გარემოებები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, დამდგარი შედეგი და ა. შ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
12. ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამრიგად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
14. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულ ა. შ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი