Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №154აპ-21 ქ. თბილისი

ც-ე ლ-ნ, 154აპ-21 8 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ც-ისა და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლვაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ც-ეს ბრალად ედებოდა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, არაერთგზის, დიდი ოდენობით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ლ. ც-ემ 2019 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-ში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, იორდანიის რესპუბლიკის მოქალაქეებს – მ. ა. ქ. ჰ-სა და ქ. ა. ქ. ჰ-ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით წაართვა საფულეები, რომლებშიც მოთავსებული იყო: ფულადი თანხა – 1000 ამერიკული დოლარი და 150 ლარი, პლასტიკური ბარათები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ორი ცალი „აიფონ 5“ მოდელის მობილური ტელეფონი, 310 ლარად ღირებული ორი მაჯის საათი და 95 ლარად ღირებული ვერცხლის ძეწკვი კულონით, რის შემდეგაც ლ. ც-ე თანმხლებ პირებთან ერთად ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსით“ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაზარალებულებმა განიცადეს დიდი ოდენობით ზიანი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განაჩენით ლ. ც-ე, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ლ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 29 ივნისიდან.

3. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ლ. ც-ემ 2019 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-ში, წინასწარი შეთანხმების გარეშე სხვა პირთან ერთად, ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, იორდანიის რესპუბლიკის მოქალაქეებს – მ. ა. ქ. ჰ-სა და ქ. ა. ქ. ჰ-ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცა ფული და პირადი ნივთები, კერძოდ: საფულეები, რომლებშიც მოთავსებული იყო ფულადი თანხა – 1000 ამერიკული დოლარი და 150 ლარი, პლასტიკური ბარათები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ორი მობილური ტელეფონი, 310 ლარად ღირებული ორი მაჯის საათი და 95 ლარად ღირებული ვერცხლის ძეწკვი კულონით, რის შემდეგაც ლ. ც-ე თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: ლ. ც-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ლ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 29 ივნისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებული ლ. ც-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

6. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რომან ბოლქვაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ლ. ც-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მისთვის კანონით გათვალისწინებული, მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის მოთხოვნას მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულების – მ. ა. ქ. ჰ-ისა და ქ. ა. ქ. ჰ-ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების – თ. ჯ-ის, თ. კ-ის, ლ. ვ-ის, კ. ფ-სა და სხვათა ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, 2019 წლის 29 ივნისის პირადი ჩხრეკის ოქმი, ნივთების ამოცნობის ოქმები, 2019 წლის 29 ივნისის პირის ამოცნობის ოქმები, 2019 წლის 9 აგვისტოს ნივთმტკიცებების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო და სასაქონლო ექსპერტიზების ოქმები და სხვ., რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ლ. ც-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა.

10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ლ. ც-ის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობისა და 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მითითებული ნაწილი წარმოდგენილი საქმის მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებული არ არის. ლ. ც-ისათვის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, დიდი ოდენობით) წარდგენილი ბრალდება დიდი ოდენობის განსაზღვრისას ემყარებოდა მხოლოდ დაზარალებულ მ. ა. ჰ-ის განმარტებას, რომ, სხვა ნივთებთან ერთად, გატაცებული იყო 8000 აშშ დოლარის ღირებულების კულონი, თუმცა აღნიშნული არ არის ასახული ბრალის შესახებ დადგენილებაში; ამასთან, კულონი ვერ იქნა ნანახი და ზუსტი ღირებულების დასადგენად სასაქონლო ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ზიანის საერთო ოდენობამ კი შეადგინა 3434 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, არ იძლევა ლ. ც-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 178–ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების საშუალებას. ასეთ შემთხვევაში ზიანის ზუსტი ოდენობის შესახებ გაჩენილი გონივრული ეჭვი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასიკეთოდ. იმ ვითარებაში კი, როდესაც ბრალდების მხარეს რაიმე სხვა მტკიცებულება ამ კუთხით არ წარმოუდგენია, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. ც-ის ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №647აპ-18).

11. რაც შეეხება სასჯელს, პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ლ. ც-ეს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში კასატორები ამახვილებენ ყურადღებას. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა კასატორთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. ც-ისა და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი