Facebook Twitter

ას-11-317-04 20 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავს საგანი: ქონებიდან წილის გამოყოფა და ნივთების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. გ.-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: კ. მ.-ს, ც. მ.-ისა და ზ. მ.-ის მიმართ და აღნიშნა, რომ იგი 1992წ. 22 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე კ. მ.-ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში 1993წ. 17 აპრილს შეეძინათ ერთი შვილი _ მ. მ.-ე. ისინი ცხოვრობდნენ მოპასუხის მეზობლების სახლში. შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ მოპასუხის მამის აწ გარდაცვლილი ჯ. მ.-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში მდებარე ქუთაისში, ... მათ ერთად ცხოვრების პერიოდში ააშენეს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი თერჯოლის რაიონის სოფ. ...-ში, სადაც კომლად აღირიცხა მოპასუხე. ასევე, მის საკუთრებაშია ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

მხარეთა განქორწინების შემდეგ მოსარჩელე თავის შვილთან ერთად ცხოვრობს ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთ ოთახში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს ქ. ქუთაისში, მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოეყოს მისაღები და შესასვლელი ოთახები, ხოლო სოფ. ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ნახევარზე მეტი, ასევე _ აღნიშნული სახლის ეზოსა და ჰექტარი მიწის ნაკვეთის გამოყოფას და კუთვნილი ნივთების ნატურით დაბრუნებას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილებით შ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ შ. გ.-ეს წილის გამოყოფის თაობაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო, ხოლო ნივთების დაბრუნების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

შ. გ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, კ. მ.-ს დაევალა შ. გ.-ის პირადი საკუთრების ოქროს ნივთები ან მათი ღირებულების დაბრუნება. აპელანტს სარგებლობის უფლებით გამოეყო საცხოვრებელი ფართი ქუთაისში, ... ჯ. მ.-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში, მასვე საკუთრების უფლებით მიეკუთვნა თერჯოლის რაიონის ...ში არსებული საცხოვრებელი სახლის 1/2.

ამავე პალატამ 2003წ. 22 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში მიიღო კ. მ.-ის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, ხოლო 2003წ. 13 ნოემბრის განჩინებით იგი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დატოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. განჩინების სამოტივაციო ნაწილში პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ კ. მ.-ე გაფრთხილებული იყო 2002წ. 25 ივნისს სასართლო სხდომის გამართვის თაობაზე, მან იცოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ და არასაპატიო მიზეზით იგი კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია.

კ. მ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება საოლქო სასამართლოში, კასატორის განმარტებით დარღვეულია სსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვით თუ საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მოთხოვნის ახსნა-განმარტებას. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით კი საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესის დაცვით რაც დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი ცვლილებებითა და დამატებებით. აღნიშნული ნორმა ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა იხელმძღვანელოს სსკ-ის 230-ე მუხლით. ამასთან ერთად ამავე მუხლის მეორე ნაწილით იმპერატიულად დადგენილია, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობისას სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე, ამდენად სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებისას აუცილებლად უნდა შეამოწმოს და შეაფასოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებს თუ არა მოთხოვნას, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მათი დამტკიცებულად ჩათვლა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ კ. მ.-ს დაევალა შ. გ.-ის პირადი სამკაულების ან მათი ღირებულების დაბრუნება. აპელანტს სარგებლობის უფლებით გამოეყო და შესახლდა ქ. ქუთაისში, ... ჯ. მ.-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში, მასვე საკუთრების უფლებით მიეკუთვნა თერჯოლის რაიონის სოფ. ...-ში არსებული საცხოვრებელი სახლის 1/2.

ამავე პალატამ 2003წ. 27 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში მიიღო კ. მ.-ის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, ხოლო 2003წ. 13 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა იგი და უცვლელი დატოვა 2002წ. 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. პალატამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში დადასტურებულად მიიჩნია, რომ კ. მ.-ე გაფრთხილებული იყო 2002წ. 25 ივნისს სასამართლო სხდომის გამართვის თაობაზე, მან იცოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ და იგი კანონით დადგენილი წესით არასაპატიო მიზეზით არ გაუსაჩივრებია.

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემცველი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

ზემოთმითითებული ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერია, თუ ერთდროულად არსებობს ორი პირობა, პირველი _ მხარე გაფრთხილებულია სათანადო წესით სხდომაზე გამოცხადების თაობაზე და მეორე _ თუ მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია.

საქმის მასალების მიხედვით ქუთაისში, ... მდებარე სადავო საცხოვრებელი სახლი ირიცხება მოსარჩელის ყოფილი მამამთილის _ ჯ. მ.-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1992 წელს; მოპასუხეთა სახელზე სადავო საცხოვრებელი სახლი არ ირიცხება.

საქმის მასალებში ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მოპასუხეთა საკუთრებაში თერჯოლის რაიონის, ...-ში სადავო საცხოვრებელი სახლის ან მისი ნაწილის არსებობას, გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულის თაობაზე არაფერია მითითებული. სასამართლომ არ მიუთითა მატერიალური სამართლის ის კონკრეტული ნორმა, რომელიც შეიძლება მოსარჩელის მოთხოვნის _ სარგებლობისა და საკუთრების უფლებით სადავო საცხოვრებელი ფართის გამოყოფის სამართლებრივი საფუძველი გახდეს.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში იურიდიულად გამართლებულია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა და, შესაბამისად, არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქ.ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.