ას-114-400-04 7 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ბ-ე 1984 წლიდან მუშაობდა საწარმოო გაერთიანება «ს.» სხვადასხვა თანამდებობებზე. 1993 წელს დაინიშნა პირველი კატეგორიის ბუღალტრად.
«ს.» განხორციელებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ქ.ბ-ე 1998წ. 16 ნოემბრის ¹55 ბრძანების საფუძველზე გადაყვანილ იქნა საქწიგნის ¹.... მაღაზიის ბაზაზე შექმნილ სახაზინო საწარმო «ი.» ბუღალტრად.
2001წ. ივლისში სახაზინო საწარმოს ბაზაზე დაფუძნდა შპს «ი.». დამფუძნებლად წარმოდგენილი იყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.
შპს «ი.» დირექტორის 2001წ. 1 ოქტომბრის ბრძანებით ქ.ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან იმ საფუძვლით, რომ მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა იგი არ ცხადდებოდა სამუშაოზე. სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება ქ.ბ-ეს ჩაბარდა 2002წ. 31 მაისს.
2003წ. აპრილში ქ. ბ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში შპს «ი.» მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სამუშაოზე ვერ ცხადდებოდა ავადმყოფობის გამო. სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის ხანდაზმულობის ვადის გაშვება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ელოდებოდა რეაგირებას სხვადასხვა უწყებებში მის მიერ შეტანილ განცხადებებზე.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით ქ.ბ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სარჩელი აღძრული იყო კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
ქ.ბ-ემ პირველი ინსტანციიის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 ნოემბრის განჩინებით ქ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკამაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ქ.ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიო მიზეზი არ იქნა გათვალისწინებული.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შპს «ი.» ბუღალტერი ქ. ბ-ე 2001წ. ივნისიდან არ ცხადდებოდა სამუშაოზე.
ქ.ბ-ე 2001წ. 25 ივნისიდან ერთი თვის განმავლობაში შვილის ავადმყოფობის გამო იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. 2001წ. 30 ივლისიდან 9 აგვისტომდე საავადმყოფო ფურცელი გახსნილი იყო თვით ქ.ბ-ის ავადმყოფობასთან დაკავშირებით.
ის გარემოება, რომ 2001წ. 9 აგვისტოს შემდგომ პერიოდში ქ.ბ-ე სამუშაოზე ვერ ცხადდებოდა საპატიო მიზეზით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ არის დადასატურებული.
სამუშაოზე აღდგენის შესახებ სარჩელთან დაკავშირებითQქ.ბ-ემ გაუშვა შკკ-ის 204-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა. სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ასლი ქ.ბ-ეს ჩაბარდა 2002წ. 31 მაისს, ხოლო სარჩელი აღიძრა 2003წ. 15 აპრილს.
ის გარემოება, რომ ქ.ბ-ემ სარჩელის აღძვრამდე მიმართა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურს, შპს «ს.», არ ჩაითვალა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიო მიზეზად.
სსკ-ის 407-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებით სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ქ.ბ-ის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.