საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №221აპ-21 ქ. თბილისი
ა-ი დ-თ, 221აპ-21 7 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დ. ა-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ნოემბრის შუა რიცხვების, 2019 წლის 6 დეკემბრისა და 2020 წლის 27 იანვრის ეპიზოდები) – 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, 3 წლით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები და 43-ე მუხლის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო (საჯარო) სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2020 წლის 14 თებერვლიდან; მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, 3 წლით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებები და 43-ე მუხლის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო (საჯარო) სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ დ. ა-მა ჩაიდინა: გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (3 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
• კ-ს რაიონის სოფელ ა-ში მცხოვრებმა, სსიპ „დაცვის პოლიციის დეპარტამენტის“ ქ. თბილისის მე-4 სამმართველოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფის ინსპექტორმა დ. ა-მა, თავისავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივითა და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლის – თ. ც-ის მიმართ ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, 2019 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში სცემა მეუღლეს – თ. ც-ს: დ. ა-მა საძინებელ ოთახში, საწოლზე პირქვე წააქცია თ. ც-ი, თავი ბალიშში ჩააყოფინა და სხეულზე, კერძოდ კი – წელის, ბეჭებისა და თავის არეში დაუწყო ხელებით ცემა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ძალადობის შემდეგ დ. ა-მა თავის სახელზე რეგისტრირებული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი შუბლზე მიადო მეუღლეს და დაემუქრა, რომ, თუ ვინმეს ეტყოდა ცემის შესახებ, აუცილებლად მოკლავდა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
• 2019 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, საძინებელ ოთახში დ. ა-მა სცემა თ. ც-ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში, ამის შემდეგ გადმოაგდო საწოლიდან, თ. ც-ი ზურგით დაეცა კედელსა და საწოლს შორის, იატაკზე, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ძალადობის შემდეგ დ. ა-მა თავის სახელზე რეგისტრირებული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი შუბლზე მიადო მეუღლეს და დაემუქრა, რომ, თუ ცემის შესახებ ვინმეს ეტყოდა, აუცილებლად მოკლავდა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
• დ. ა-მა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ: 2020 წლის 27 იანვარს, დილის საათებში, თ. ც-ი სთხოვდა დ. ა-ს, მიეცა უფლება, წასულიყო ძმის სანახავად ქ. კ-ში, რაზეც იგი დასთანხმდა, თუმცა უთხრა, რომ დალოდებოდა მას და თვითონაც გაჰყვებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, დ. ა-ი იმიზეზებდა მოუცლელობას და თ. ც-ს არ აძლევდა უფლებას, მარტო წასულიყო ძმის სანახავად. დაახლოებით 16:00 საათზე თ. ც-მა უსაყვედურა დ. ა-ს, თუ რატომ არ გაუშვა ძმის სანახავად, რაზეც მან უპასუხა, რომ, რასაც ის ეტყოდა, ის უნდა გაეკეთებინა და მას უნდა დამორჩილებოდა, ვინაიდან ის იყო მამაკაცი; იმავდროულად იძალადა მეუღლეზე, კერძოდ, მარცხენა თვალბუდისა და ტუჩების არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ძალადობის შემდეგ დ. ა-ი დაემუქრა, რომ, თუ ვინმეს ეტყოდა ცემის შესახებ, აუცილებლად მოკლავდა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დ. ა-ის მიერ თ. ც-ის სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებული დ. ა-ი და ადვოკატი ვ. ლ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ მსჯავრდებულ დ. ა-ისათვის სასჯელის შემსუბუქებას, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით (დაზარალებულ თ. ც-ის, მოწმეების – ბადრი ცქვიტიშვილის, ლაურა ჩარაევას, ლია ხორბალაძის, სანდრო გოჩიტაშვილის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ფსიქოლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით) უტყუარადაა დადასტურებული დავით ასლამაშვილის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2019 წლის ნოემბრის შუა რიცხვების, 2019 წლის 6 დეკემბრისა და 2020 წლის 27 იანვრის ეპიზოდები) და 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.
8. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო პალატა მიუთითებს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
9. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად პალატას მიაჩნია, რომ დ. ა-ისათვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა (3 ეპიზოდი) და 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილისათვის როგორც დამოუკიდებლად, ასევე დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელები ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და დ. ა-ს განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. გარდა ამისა, მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული საბოლოო სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას და საკასაციო პალატის შეფასებით, მისი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი