საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№220აპ-21 ქ. თბილისი
ბ-ი გ-ი, 220აპ-21 15 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილისა და მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, გ. ბ-სა და გ. მ-ს ბრალი დაედოთ ძარცვაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ. ბ-ს ასევე ბრალად დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 23 სექტემბერს, შუადღის საათებში, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-10 კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სათამაშო მოედანზე, გ. ბ-მა, გ. მ-მა, გ. მ-მა, გ. შ-მა, გ. წ-მა და გ. გ-მა გ. ყ-ის მოსთხოვეს კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის, „A600“ მოდელის მობილური ტელეფონის გადაცემა, დალომბარდების მიზნით. გ. ყ-ისაგან უარის მიღების შემდეგ, ზემოაღნიშნული პირები წინასწარ შეთანხმდნენ და ჯგუფურად ჩაიდინეს მისი ძარცვა, კერძოდ: გ. ყ-ი ძალის გამოყენებით შებოჭეს, რის შემდეგაც ფიზიკური ძალის გამოყენებით ხელიდან აშკარად გასტაცეს კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის, „A600“ მოდელის მობილური ტელეფონი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა 646 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
· 2019 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ-ში, ვ-ის მე-- მასივის მე-- კვარტლის №- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ბ-მა ურთიერთშელაპარაკების დროს მ. ს-ს დანის საშუალებით განზრახ მიაყენა სამი ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის მიდამოში, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გამოიწვია, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 მარტის განაჩენით გ. ბ-ი, – დაბადებული 20-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. ამავე განაჩენით გ. მ-ი, – დაბადებული 20-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2019 წლის 26 სექტემბრიდან.
5. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2019 წლის 23 სექტემბერს, შუადღის საათებში, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-10 კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სათამაშო მოედანზე, გ. ბ-მა, გ. მ-მა და სხვა პირებმა გ. ყ-ს მოსთხოვეს კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის, „A600“ მოდელის მობილური ტელეფონის გადაცემა, ლომბარდში ჩაბარების მიზნით. გ. ყ-ისაგან უარის მიღების შემდეგ, ზემოაღნიშნულმა პირებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ძალის გამოყენებით შებოჭეს იგი და ხელიდან გასტაცეს კუთვნილი მობილური ტელეფონი. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა 350 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
8. პროკურორი ნათია ქომოშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლთან ერთად, გ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაც და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, სხვა ნაწილში კი – განაჩენის უცვლელად დატოვებას.
9. მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. ბ-ის უდანაშაულოდ ცნობას.
10. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
12. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
13. კასატორები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის განაჩენის მოტივაციას მხარეთა საჩივრებში მითითებული არგუმენტების უსაფუძვლობის დასაბუთების თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №87აპ-13, №566აპ–18, №2აპ-21) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ბ-ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გამართლების ნაწილში დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან და სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ იმ მოტივებს, რომელთა საფუძველზეც გ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ: გამოძიების ეტაპზე მიცემული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნებული, დაზარალებულ მ. ს-ის ჩვენებით, იგი იყო ნასვამი და არ ახსოვს მისი ჯანმრთელობის დაზიანების დეტალები, ხოლო „გ. ბ-ის“ სახელით არავის იცნობს და არ შეუძლია, მიუთითოს მასზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. არჩილ ავალიშვილი და მალხაზ გაფიშვილი არ არიან ფაქტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მათი ჩვენებები ირიბია. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის თანახმად, ვერც დაზარალებულ მ. ს-ის გამოკითხვის ოქმი (რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე) და ვერც ზემოთ მითითებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები, სხვა პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება ექსპერტიზების დასკვნებს, ისინი ვერ ადასტურებს გ. ბ-ის მიერ მ. ს-ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს და ასევე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ერთადერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებაა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა მხოლოდ ის ვერ ქმნის პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის მტკიცებით სტანდარტს. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ბრალდების ამ ნაწილში ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა გ. ბ-ის სრულად გამართლების შესახებ, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერებით, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით, ამოცნობის ოქმებით, დათვალიერების ოქმებითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ გ. ბ-მა ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ადვოკატის საჩივარში მითითებულ საკითხებს ამომწურავი პასუხები გაეცა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ („Georgiadis v. Greece“), N21522/93, 29/05/1997, §43).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა გ. ბ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. ბ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილისა და მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი