Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№192აპ-21 ქ. თბილისი

გ-ი თ-ე, 192აპ-21 16 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ისა და მსჯავრდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად: თ. გ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რისთვისაც მიესაჯა 1 წლით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თ. გაგლოშვილს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ლ. კ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ლ. კორინთელს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2019 წლის 23 თებერვლიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. გ-მა ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათო არ არის სიცოცხლისათვის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან; ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად, ხოლო ლ. კ-მა – ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 23:15 საათზე, თ-ი, მ-ის მე-- „-“ მიკრორაიონის მე-- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით, თ. გ-ი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ლ. კ-ი თავს დაესხნენ ა. ქ-ას.

· 2018 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 23:15 საათზე, თ-ში, მ-ის მე-- „-“ მიკრორაიონის მე-- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნიდან გასროლით თ. გ-მა ა. ქ-ას მიაყენა მარჯვენა მტევნის გამჭოლი ჭრილობა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, მისი ხანგრძლივი მოშლით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით კასატორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და თ. გ-ისა და ლ. კ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ადვოკატების საჩივრებში მითითებულ საკითხებს ამომწურავი პასუხები გაეცა. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის განაჩენის მოტივაციას საჩივრებში მითითებული არგუმენტების უსაფუძვლობის დასაბუთების თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №1317აპ-07, №393აპ–17, №158აპ-19) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებს საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ ა. ქ-ასა (რომლის ჩვენების სანდოობაში დაეჭვების საფუძველი პალატას არ გააჩნია) და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც შეესაბამება ერთმანეთს, პირის ამოცნობის 2019 წლის 23 თებერვლის ოქმები, დაქტოლოსკოპიური ექსპერტიზის 2019 წლის 22 თებერვლის №--, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 25 მარტის №--, ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 3 აპრილის №--, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2019 წლის 20 ივნისის №-- დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებები), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს თ. გ-ისა და ლ. კ-ის მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორთა პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

10. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. იმის მხედველობაში მიღებით, რომ არ არის წარმოდგენილი მონაცემები მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და დაზარალებულის თანხმობის შესახებ, რათა თ. გ-ის მიმართ გავრცელდეს ამნისტიის აქტი, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. ასევე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ლ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელზე, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა, რომელიც სავალდებულოა მითითებული კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით დაწესებული შეღავათის (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირის გათავისუფლების თაობაზე) გამოსაყენებლად.

11. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ისა და მსჯავრდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი