საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№164აპ-21 ქ. თბილისი
გ-ე ა-ა, 164აპ-21 6 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის განაჩენით ა. გ-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი), 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (6 ეპიზოდი) და მიესაჯა 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მეექვსე ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელები და ა. გ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 8 ნოემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. გ-ემ ჩაიდინა: ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენების მიზნით; წინასწარი შეთანხებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
პირველი ეპიზოდი:
· შპს “ბ-ი“ (ს/ნ --) რეგისტრირებულია 2017 წლის 25მაისს და მისი საქმიანობის სფეროა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. საზოგადოების ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორია თ. მ-ი, თუმცა მის ფაქტობრივ ხელმძღვანელებს წარმოადგენენ ნ. გ-ე და ა. გ-ე.
· შპს “--ი“ (ს/ნ --) რეგისტრირებულია 2017 წლის 18 აგვისტოს. საზოგადოების დამფუძნებლებს წარმოადგენენ მ. მ-ი და ზ. მ-ი. კომპანიის დირექტორია მ. მ-ი, თუმცა შპს “--ის“ ფაქტობრივ ხელმძღვანელებს ასევე წარმოადგენენ ნ. გ-ე და ა. გ-ე.
· 2018 წლის 21 მარტს გ-ის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ -- ელტენდერში, რომელიც შეეხებოდა სოფელ ვ-ში, ჰესის უბნის გზის მოასფალტების სამუშაოებს, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს “ბ-ი“. 2018 წლის 22 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა №- ხელშეკრულება, ღირებულებით – 377998 ლარი. სამუშაოების არაჯეროვანი და არათანმიმდევრული შესრულების გამო, გ-ის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ბ-ს“ შეუწყდა ხელშეკრულება. მხარეთა შორის შედგენილი დოკუმენტების თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტამდე საზოგადოებას ქვეკონტრაქტორის გარეშე შესრულებული ჰქონდა მხოლოდ 52762 ლარად ღირებული სამუშაო.
· 2018 წლის 21 მარტს ასევე გ-ის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ - ელტენდერში, რომელიც შეეხებოდა სოფელ ჩ-ში, „კ-ის“ სასაფლაოს გზისა და სოფელ ახაშენში სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს “ბ-ი“. 2018 წლის 22 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა N- ხელშეკრულება, ღირებულებით – 705387 ლარი. სამუშაოების არაჯეროვანი და არათანმიმდევრული შესრულების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ბ-ს“ შეუწყდა ხელშეკრულება. მხარეთა შორის შედგენილი დოკუმენტების თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტამდე საზოგადოებას ქვეკონტრაქტორის გარეშე შესრულებული ჰქონდა მხოლოდ 77676 ლარად ღირებული სამუშაო.
· შპს “ბ-ს“ გააჩნდა რა სახელმწიფოს წინაშე გარკვეული ფინანსური ვალდებულებები დარიცხული გადასახადის სახით, 2018 წლის აგვისტოში ნ. გ-ემ და ა. გ-ემ განიზრახეს, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების გზით, საზოგადოებისათვის შეექმნათ დღგ-ს ფიქციური აქტივი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2018 წლის 27 აგვისტოს მათ დაამზადეს ყალბი საგადასახადო ა/ფაქტურა N-, რომლის თანახმადაც, შპს “ბ-ს“ შპს “--მა“ თითქოსდა, მიაწოდა 698438 ლარის მომსახურება, დასახელებით – „შესრულებული სამუშაოს ღირებულება – გ-ის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვ-ი, სოფ. ჩ-ი, სოფ. ა-ი“. აღნიშნულის შედეგად შპს “ბ-მა“ მიიღო 106541 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა და შეიმცირა ბიუჯეტის მიმართ არსებული, 2018 წლის 21 აგვისტოს - საგადასახადო მოთხოვნით წარმოშობილი დავალიანება, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
მეორე ეპიზოდი:
· ამხანაგობა „კ-ა“ (--) რეგისტრირებულია 2018 წლის 25 მაისს. მისი დამფუძნებლები არიან შპს “ს-ო ს. ჩ-ის ს-ოს ფ-ი“ (ს/ნ -) და შპს “ე-ია“ (ს/ნ -). ამხანაგობა „კ-ას“ თავმჯდომარეა მ. მ-ი, რომელიც ასევე წარმოადგენს შპს “ე-იის“ ერთპიროვნულ დამფუძნებელსა და დირექტორს. ამხანაგობის ფაქტობრივი ხელმძღვანელები არიან ნ. გ-ე და ა. გ-ე.
· შპს „გზამშენი“ (ს/ნ --) რეგისტრირებულია 2012 წლის 28 ნოემბერს. საზოგადოების ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორია მ. ნ-ე, თუმცა მისი ფაქტობრივი ხელმძღვანელები არიან ნ. გ-ე და ა. გ-ე.
· შპს “ბ-ი“ (ს/ნ -) რეგისტრირებულია 2017 წლის 25 მაისს და მისი საქმიანობის სფეროა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. საზოგადოების ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორია თ. მ-ი, თუმცა მის ფაქტობრივ ხელმძღვანელებს წარმოადგენენ ნ. გ-ე და ა. გ-ე.
· 2018 წლის 22 ივნისს, ქ. თ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ - ელტენდერში, რომელიც შეეხებოდა სოფელ დიღომი-დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამარჯვებულად გამოცხადდა ამხანაგობა „კ-ა“. 2018 წლის 31 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით – 3038657 ლარი. სამუშაოების არაჯეროვანი და არათანმიმდევრული შესრულების გამო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „კ-ას“ შეუწყდა ხელშეკრულება. მხარეთა შორის შედგენილი დოკუმენტების თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტამდე ამხანაგობას ქვეკონტრაქტორის გარეშე შესრულებული ჰქონდა მხოლოდ 307402 ლარად ღირებული სამუშაო.
· 2018 წლის შემოდგომაზე ნ. გ-ემ და ა. გ-ემ განიზრახეს, თავიანთ მმართველობაში არსებული ზემოხსენებული მეწარმე სუბიექტების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, შეექმნათ დღგ-ს ფიქციური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდნენ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მათ დაამზადეს 2018 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული ყალბი საგადასახადო ა/ფაქტურა --, რომლის თანახმადაც, შპს “ბ-მა“ ამხანაგობა „კ-ას“ თითქოსდა, მიაწოდა 963939 ლარის მომსახურება, დასახელებით – „გაფორმებული ხელშეკრულება -- (სოფელ დ-ის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია)“ და 2018 წლის 20 დეკემბრით დათარიღებული ყალბი საგადასახადო ა/ფაქტურა N- 3265045, რომლის თანახმადაც, შპს „გ-მა“ შპს “ბ-ს“ თითქოსდა, მიაწოდა 678416 ლარის მომსახურება, დასახელებით – „მიწის ვაკისის მოსამზადებელი სამუშაოები, ფორმა №-, გაფორმებული 24.11.2018წ. (სოფელი დ-ი)“. აღნიშნულის შედეგად შპს “ბ-მა“ მიიღო 103487 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, ამხანაგობა „კ-ამ“ კი – 147042 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა (წარმოეშვა ზედმეტობა).
· 2019 წლის 9 იანვარს ნ. გ-ემ და ა. გ-ემ ამხანაგობა „კ-ას“ სახელით განცხადებით მიმართეს შემოსავლების სამსახურს და მოითხოვეს არსებული ზედმეტობიდან 140000 ლარის მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა, რაც არ დაკმაყოფილდა, ზედმეტობის წარმოშობის საფუძველთა საეჭვოობის გამო.
მესამე ეპიზოდი:
· შპს „ა-ი“ (ს/ნ --) რეგისტრირებულია 2017 წლის 9 იანვარს. საზოგადოების დამფუძნებლებს წარმოადგენენ შპს „ო-ა“ (ს/ნ 4-) და შპს „ს-ი“(ს/ნ -), ხოლო დირექტორია ნ. გ-ი. შპს „ა-ს“ საქმიანობას სრულად წარმართავდნენ ნ. გ-ე და ა. გ-ე.
· შპს „ე-. ე-. კ-ა“ (ს/ნ -) რეგისტრირებულია 2018 წლის 23 მაისს. მისი დირექტორი და ერთპიროვნული დამფუძნებელია მ. მ-ი, თუმცა საზოგადოების ფაქტობრივ ხელმძღვანელებს წარმოადგენენ ნ. გ-ე და ა. გ-ე.
· ამხანაგობა „მ-ი“ (ს/ნ -) რეგისტრირებულია 2017 წლის 31 იანვარს. მისი დირექტორია ნ. გ-ი, ხოლო დამფუძნებელს წარმოადგენს შპს „ა-ი“. ამხანაგობა „მ-ის“ საქმიანობას სრულად წარმართავენ ნ. გ-ე და ა. გ-ე.
· შპს “ბ-ი“ (ს/ნ -) რეგისტრირებულია 2017 წლის 25 მაისს და მისი საქმიანობის სფეროა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. საზოგადოების ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორია თ. მ-ი, თუმცა მის ფაქტობრივ ხელმძღვანელებს წარმოადგენენ ნ. გ-ე და ა. გ-ე.
· შპს „დ. ა. კ-ი“ (ს.ნ -) რეგისტრირებულია 2016 წლის 6 დეკემბერს, რომლის დამფუძნებლებსაც წარმოადგენენ რ. გ-ი და ა. კ-ა. საზოგადოების დირექტორის თანამდებობას იკავებს ირაკლი ყაჯრიშვილი, რომელიც შპს „დ. ა. კ-ის“ დაფუძნების დღიდან სრულად წარმართავს მის საქმიანობას.
· 2017 წლის დეკემბერში ნ. გ-ემ, ა. გ-ემ და ირაკლი ყაჯრიშვილმა განიზრახეს, თავიანთ მმართველობაში არსებული ზემოხსენებული მეწარმე–სუბიექტების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, შეექმნათ დღგ-ს ფიქციური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდნენ სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების გასაქვითად.
· განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მათ 2017-2018 წლებში დაამზადეს შპს „დ. ა. კ-ზე“ 1461241 ლარად ღირებული ბიტუმის მიწოდების ავანსის N----- ყალბი ა/ფაქტურები, ასევე – 2018 წლის 18 დეკემბრით დათარიღებული, 458764 ლარის მომსახურების მიწოდების ყალბი საგადასახადო ა/ფაქტურა --. აღნიშნულის საფუძველზე შპს „დ. ა. კ-მა“ შპს „ა-სგან“, შპს „ე. ე. კ-გან“, ამხანაგობა „მ-სა“ და შპს “ბ-ისგან“ მიიღო ჯამურად – 292882 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, რომელიც ეტაპობრივად გამოყენებულ იქნა ბიუჯეტში გადასახდელი თანხების გასაქვითად და სახელმწიფომ მიიღო დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
მეოთხე ეპიზოდი:
· შპს „ბ. დ. ჯ-ა“ (ს/ნ -) რეგისტრირებულია 2017 წლის 12 სექტემბერს. მისი დამფუძნებელია შპს “ბ-ი“, დირექტორი კი – თ. მ-ი, თუმცა საზოგადოების ფაქტობრივ ხელმძღვანელებს წარმოადგენენ ნ. გ-ე და ა. გ-ე.
· ინდმეწარმე „მ. გ-ე (ს/ნ -) რეგისტრირებულია 2006 წლის 30 იანვარს. 2010 წლიდან საწარმოს საქმიანობას სრულად წარმართავს ნ. გ-ე ა. გ-ესთან ერთად.
· ვინაიდან ინდმეწარმე „მ. გ-ეს“ გააჩნდა სახელმწიფოს წინაშე გარკვეული ფინანსური ვალდებულებები დარიცხული გადასახადის სახით, მისი გაქვითვის მიზნით, 2018 წლის იანვარში ნ. გ-ემ და ა. გ-ემ განიზრახეს, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების გზით, შეექმნათ დღგ-ს ფიქციური აქტივი.
· განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მათ 2018 წლის 13 იანვარს დაამზადეს შპს „ბ. დ. ჯ-ის“ მიერ ინდმეწარმე „მ. გ-ზე“ 450000 ლარის მომსახურების მიწოდების ავანსის N-- ყალბი ა/ფაქტურა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელ სუბიექტს შეექმნა 68644 ლარის ე.წ. „ყალბი“ ზედმეტობა, რითაც შეიმცირა ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულებები და სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
მეხუთე ეპიზოდი:
· შპს „ბ. დ. ჯ-ა“ (ს/ნ -) რეგისტრირებულია 2017 წლის 12 სექტემბერს. მისი დამფუძნებელია შპს “ბ-ი“, დირექტორი კი – თ. მ-ი. ორივე საზოგადოების ფაქტობრივი ხელმძღვანელები არიან ნ. გ-ე და ა. გ-ე.
· შპს „ე-ი --“ (ს/ნ -) რეგისტრირებულია 2019 წლის 1 მარტს, მისი ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორია რომან მამულაშვილი. შპს „ლ-ი“ (ს/ნ -) რეგისტრირებულია 2017 წლის 20 თებერვალს, მისი ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორია მ. ნ-ე. შპს „ფ-მა“ (ს/ნ -) რეგისტრირებულია 2016 წლის 18 ოქტომბერს, მისი ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორია ა. გ-ე. შპს „ა-ი“ (ს/ნ -) რეგისტრირებულია 2018 წლის 27 დეკემბერს, მისი ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორია ა. გ-ე. ზემოხსენებული ოთხივე საზოგადოების საქმიანობას სრულად წარმართავდნენ ნ. გ-ე და ა. გ-ე.
· 2019 წლის გაზაფხულზე ნ. გ-ემ და ა. გ-ემ განიზრახეს, თავიანთ მმართველობაში არსებული ზემოხსენებული მეწარმე სუბიექტების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, შეექმნათ დღგ-ს ფიქციური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდნენ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით.
· განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2019 წლის 22 აპრილიდან 20 მაისამდე პერიოდში მათ დაამზადეს შპს „ბ. დ. ჯ-ის“, შპს “ბ-ისა“ და ამხანაგობა „კ-ას“ მიერ შპს „ე--ზე“ 618500 ლარის ავანსის გადახდისა და 445663 ლარის მომსახურების მიწოდების ამსახველი ყალბი ა/ფაქტურები, ნომრებით: N---------------, ასევე შპს --ის“ მიერ შპს „ლ-ზე“, შპს „ფ-სა“ და შპს „ა-ზე“ 1321651 ლარის მომსახურების მიწოდების ამსახველი ყალბი ა/ფაქტურები, ნომრებით: ----.
· აღნიშნულის საფუძველზე შპს „ლ-მა“ მიიღო 94060 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, შპს „ფ-ამ“ – 87779 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა და შპს „ა-მა“ – 19769 ლარის უკანონო ჩათვლა, რომელიც ეტაპობრივად გამოიყენეს იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალებების განბაჟებისას და ბიუჯეტში გადასახდელი თანხების გასაქვითად, შესაბამისად, სახელმწიფომ მიიღო დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
მეექვსე ეპიზოდი:
· შპს „ე. ე. ე. გ-ი“ (ს/ნ -) რეგისტრირებულია 2016 წლის 14 მარტს. მისი ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორია ა. გ-ე.
· ინდმეწარმე „თ. მ-ი“ (ს/ნ -) რეგისტრირებულია 2010 წლის 15 ოქტომბერს და მის საქმიანობას სრულად წარმართავს ნ. გ-ე.
· 2018 წლის მარტში ნ. გ-ემ და ა. გ-ემ განიზრახეს, ზემოხსენებული მეწარმე-სუბიექტების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, შეექმნათ დღგ-ს ფიქციური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდნენ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2018 წლის 25 მარტს მათ დაამზადეს შპს „ე. ე. ე. გ-ის“ მიერ ინდმეწარმე „თ. მ-ზე“ 385000 ლარის მომსახურების მიწოდების ავანსის N- ყალბი ა/ფაქტურა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელ სუბიექტს შეექმნა 58729 ლარის ე.წ. „ყალბი“ ზედმეტობა, რითაც შეიმცირა ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულებები და სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ი. ბ-ამ. კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №1750აპ-07, №53აპ-12, №610აპ-09).
7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ა. გ-ეს დანაშაულები არ ჩაუდენია, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (კერძოდ: მოწმეების – გ. ს-ის, თ. მ-ის, რ. ქ-ის, მ. მ-ის, გ. მ-ს, მ. ნ-ის, ი. ყ-სა და სხვათა ჩვენებებით, საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, შემოსავლების სამსახურიდან ამოღებული დოკუმენტაციით, ა. გ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ბლოკნოტებით, ბეჭდებით, ე.წ. „შავი ჩანაწერებითა“ და სხვა მტკიცებულებებით) უტყუარადაა დადასტურებული ა. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა (6 ეპიზოდი) და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისა და სახელმწიფოსათვის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი.
8. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
9. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
10. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი