Facebook Twitter

ას-119-814-03 7 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: სამემკვიდრეო ვადის აღდგენა და მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 4/14 ნაწილი ირიცხება პ. მ-ის სახელზე.

1937 წელს პ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

პ. მ-ი გარდაიცვალა 1942წ. ივლისში სასჯელის მოხდის ადგილზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1956წ. 1 დეკემბრის განჩინებით პ. მ-ის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის არარსებობის გამო და იგი რეაბილიტირებულ იქნა.

2000წ. იანვარში პ. მ-ის შვილიშვილმა-თ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სანოტარო კანტორის მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და სახლის 4/14 მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მისმა მამამ – ი. მ-მა, როგორც რეპრესირებულის შვილმა, ვერ შეძლო ბინის გაფორმება და ამ ბინაში უკანონოდ ცხოვრობენ მოქალაქეები.

სადავო სახლში მცხოვრებმა ნ. ხ-მა, ვ. ი-მა და ლ. ლ-მა მოითხოვეს საქმეში მესამე პირად ჩაბმა და შეძენითი ხანდაზმულობის მოტივით მათ მიერ დაკავებულ ბინებზე, მესაკუთრეებად ცნობა.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. მ-ის სარჩელი. მესამე პირებს-ნ.ხ-ს, ვ.ი-ს და ლ.ლ-ს ასევე უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე. პ. მ-ზე რიცხული სახლის 4/14 გადაეცა ხაზინას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სადავო სახლის ნაწილის ხაზინაზე გადაცემის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

თ. მ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალტის გადაწყვეტლებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 21 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც თ. მ-ს უარი ეთქვა მემკვიდრეობის მიღების ვადის გაგრძელებაზე და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ არ იყო გარკვეული, ვისგან შეიძინა ე.ხ-მა 1946 წელს სადავო ბინა, თუ პ. მ-ის მემკვიდრეები ქონებას ფაქტობრივად არ იყვნენ დაუფლებული. საქმის ხელახლა განმხილველ სასამართლოს უნდა მიეცა სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებისათვის, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება მემკვიდრეთა შორის დავის არარსებობის პირობებში იყო თუ არა მემკვიდრის მიერ გაცხადებული მოთხოვნის დაკამყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი. რაიონული სასამართლოს 2000წ. 6 ივლისის გადაწყვეტილება სამემკვიდრეო ვადისა აღდგენისა და მემკვიდრედ ცნობის შესახებ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად.

თ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას, იმ საფუძვლით რომ პ. მ-ის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეები: მეუღლე ვ. ს-ა, შვილები-იური და ვ. მ-ები შეუდგნენ სამემკვიდრეო ქონების ფლობასა და მართვას. ვინაიდან, ოჯახი იყო რეპრესირებული, ვერ მოხერხდა სამკვიდროს მიღების სანოტარო წესით გაფორმება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

პ. მ-ის ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა 1942წ. 16 ივნისს. იმ დროს მოქმედი სკ-ით განსაზღვრული იყო სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა. სამკვიდრო ითვლებოდა მიღებულად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგებოდა სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც განცხადებას შეიტანდა სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს მიღების შესახებ.

მოსარჩელე მხარემ სააპელაციო სასამართლოს ვერ წარუდგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ პ. მ-ის მემკვიდრეები ფლობდნენ ან მართავდნენ სამკვიდრო ქონებას მათ განცხადება შეტანილი ჰქონდათ სამკვიდროს მიღების შესახებ. სანოტარო დაწესებულებაში არ დადასტურდა ის გარემოება რომ 1946 წელს ხუციშვილმა პ. მ-ის მემკვიდრეებისაგან შეიძინა მათ მიერ დაკავებული ფართი.

სკ-ის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგაც სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე, თუ ამაზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.

სკ-ის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო ქონება შეიცავს ქონებრივი უფლბებისა და მოვალეობის ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. მოცემულ საქმეზე დავის საგანია არა უშუალოდ სამკვიდროს დამტოვებლის ქონებაზე ვადის გაგრძელება, არამედ დავა ეხება პაპის დანაშთ ქონებაზე ვადის გაგრძელებას, რომელიც პირველი რიგის მემკვიდრეების (მეუღლე და შვილები) მიერ არ ყოფილა მიღებული.

თ. მ-ის 1979 წელს გარდაცვლილ მამას-იური მ-ს არ ქონდა მიღებული მამის დანაშთი ქონება, რის გამოც ეს ქონება ვერ შევიდოდა სამემკვიდრეო მასაში.

სსკ-ის 407-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებული ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

თ. მ-ის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.