საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №176აპ-21 ქ. თბილისი
გ-ე გ-ა, 176აპ-21 12 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ-ეს ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ცივი იარაღის ტარება განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 20 საათსა და 10 წუთამდე დროის მონაკვეთში, ბ-ის რაიონის სოფელ ფ-ში, მ. ჩ-ისა და რ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე, მკვლელობისათვის ნასამართლევი, ალკოჰოლით მთვრალი გ. გ-ე დანის დემონსტრირებით დაემუქრა რ. კ-ეს სიცოცხლის მოსპობით და უყვიროდა, რომ დანით მოკლავდა, თუ წინ გადაეღობებოდა და ხელს შეუშლიდა დედამისთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში. რ. კ-ემ იცოდა, რომ გ. გ-ე იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი პირი, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2020 წლის 18 ივნისს, 19 საათსა და 26 წუთზე, მ. ჩ-ეს პირადი მობილურის ნომერზე – - დაუკავშირდა მკვლელობისათვის ნასამართლევი, ალკოჰოლით მთვრალი გ. გ-ე ნომრიდან – - და ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ: გ. გ-ე გამოხატავდა მ. ჩ-ის მიმართ სქესობრივი კავშირის დამყარების სურვილს და თუ ვინმე გადაეღობებოდა, მასაც და ყველას მოკლავდა, ააფეთქებდა. მ. ჩ-ემ იცოდა, რომ გ. გ-ე იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი პირი, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 20 საათსა და 10 წუთამდე დროის მონაკვეთში, ბ-ის რაიონის სოფელ ფ-ში, მ. ჩ-ისა და რ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე, მკვლელობისათვის ნასამართლევი, ალკოჰოლით მთვრალი გ. გ-ე დანის დემონსტრირებით დაემუქრა მ. ჩ-ეს სიცოცხლის მოსპობით და უყვიროდა, რომ სურდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება და, თუ არ დასთანხმდებოდა, ყველას დახოცავდა. მ. ჩ-ემ იცოდა, რომ გ. გ-ე იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი პირი, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 20 საათსა და 10 წუთამდე დროის მონაკვეთში, ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში, მკვლელობისათვის ნასამართლევი, ალკოჰოლით მთვრალი გ. გ-ე მივიდა მ. ჩ-ისა და რ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც ხელთ ნაქონი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ჩ-ესა და რ. კ-ეს, რა დროსაც იქვე, ეზოში, იმყოფებოდა მ. ჩ-ისა და რ. კ-ის მცირეწლოვანი ნათესავი – 5 წლის ტ. კ-ე. გ. გ-ე ცივი იარაღის დემონსტრირებით განაგრძობდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას, პარალელურად, წინასწარი შეცნობით მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ამბობდა, რომ „ვინც გადაეღობებოდა და ხელს შეუშლიდა მ. ჩ-ესთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში, ყველას მოკლავდა და ააფეთქებდა“. გამომდინარე აქედან, ტ. კ-ემ გ. გ-ის მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩავარდა სტრესულ მდგომარეობაში, იტირა და მხოლოდ ნათესავების ძალისხმევით მოხერხდა მისი დაწყნარება.
· განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის (მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისათვის) ნასამართლევი გ. გ-ე 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 20:10 საათზე, ბ-ის რაიონის სოფელ ფ-ში ატარებდა გასაშლელ დანას, რაც, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის - დასკვნით, მიეკუთვნება ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ-მჭრელ, მაფიქსირებელი მოწყობილობის მქონე ცივ იარაღთა კატეგორიას. გ. გ-ე ზემოაღნიშნული ცივი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეზობლებს – მ. ჩ-ეს, რ. კ-ესა და არასრულწლოვან ტ. კ-ეს, რა დროსაც ყვიროდა, რომ სურდა მ. ჩ-ესთან სქესობრივი კავშირის დამყარება და, თუ არ დასთანხმდებოდა ან ვინმე ხელს შეუშლიდა, ყველას დახოცავდა.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით გ. გ-ე, – დაბადებული 1969 წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში; გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ-ის ეპიზოდი; მ. ჩ-ის ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით და მ. ჩ-ის ეპიზოდი) – 1-1 წლით, სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. გ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 23 ივნისიდან.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1№ ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა: გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში; გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ-ის ეპიზოდი; მ. ჩ-ის ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით და მ. ჩ-ის ეპიზოდი) – 1-1 წლით, სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. გ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 23 ივნისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებული გ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას საჩივარში მითითებული მოტივებით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. გ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (რ. კ-ის ეპიზოდი; მ. ჩ-ის ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით და მ. ჩ-ის ეპიზოდი) და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ.: სუსგ №610აპ-16) და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
8. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
9. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მსჯავრდებულის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე დეტალურად იმსჯელა და გასცა ამომწურავი პასუხები, რომლებსაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულების თანხმობა მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
11. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი