საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№115აპ-21 ქ. თბილისი
დ-ე მ-ა, 115აპ-21 23 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, მ. დ-ეს ბრალად დაედო: ნარკოტიკული საშუალების გამოძალვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, ხოლო გ. ო-ეს – ნარკოტიკული საშუალების გამოძალვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 31 მაისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. ბ-ში, გ-სა და კ-ის დასახლებაში, ასევე – მ. მ-ის ქ. №--ში არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ყოფნისას, მ. დ-ე და გ. ო-ე, ერთად, პისტოლეტის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, კ. დ-ისაგან მოითხოვდნენ ნარკოტიკული საშუალების გადაცემას.
· 2019 წლის 31 მაისს, ქ. ბ-ში, მ. მ-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ყოფნისას, მ. დ-ემ პისტოლეტის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოახდინა კ. დ-ის ნების პარალიზება და მისგან მოითხოვდა ნარკოტიკული საშუალების გადაცემას. აღნიშნულის შემდეგ მ. დ-ე კ. დ-ის საცხოვრებელი სახლიდან დაეუფლა ფულად თანხას – 6500 ლარს.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისის განაჩენით მ. დ-ის, – დაბადებულის 19- წელს, და გ. ო-ის, – დაბადებულის 19-- წელს, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მ. დ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან – სსკ-ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. მ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით, ხოლო 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. დ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 17 სექტემბრიდან; გ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 17 სექტემბრიდან იმავე წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. დ-ემ და გ. ო-ემ ჩაიდინეს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად; მ. დ-ემ ასევე ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიშვია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 31 მაისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ბ-ში, გ-ოს დასახლებაში, ბენზინგასამართ სადგურ „ს-ს“ მოპირდაპირედ მდებარე კაფე-ბარში ყოფნისას, კ. დ-ს მ. დ-ემ, გ. ო-ესთან ერთად, ჯერ ი. ს-ის მეშვეობით, შემდეგ კი პირადად მოსთხოვა, ეშოვა და მათთვის გადაეცა ნარკოტიკული საშუალება. ამ მიზნით კ. დ-ი თავისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულეს, ჩამჯდარიყო მათ მანქანაში, სადაც კვლავ მოითხოვდნენ მისგან ნარკოტიკული საშუალების გადაცემას ან მოძიებას, ამასთან, კ. დ-ს არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, აიძულეს იგი, გაჰყოლოდა მათ და გადაეცა ბინის გასაღები. ნარკოტიკული საშუალების მოსაძებნად მ. დ-ე შევიდა კ. დ-ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ბ-ში, მ. მ-ის ქ. №--ში. ბრალდებულთა ქმედებით კ. დ-მა განიცადა ფიზიკური იძულება – შეესრულებინა ან არ შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულება ან შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლება იყო.
· მ. დ-ე 2019 წლის 31 მაისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ბ-ში, მ. მ-ის ქ. №--ში მდებარე კ. დ-ის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა კ. დ-ის კუთვნილ ფულად თანხას – 6500 ლარს, რითიც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დავით ხარძეიშვილი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას, მ. დ-ისა და გ. ო-ის დამნაშავეებად ცნობას წარდგენილი ბრალდების სრული მოცულობით და მათთვის მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მ. დ-ისა და გ. ო-ის ქმედებათა კვალიფიკაციისა და სასჯელების განსაზღვრის ნაწილში და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება მსჯავრდებულთა მიერ ჯგუფურად გამოძალვის, ხოლო მ. დ-ის მიერ – ასევე ყაჩაღობის ჩადენა.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. დ-ისა და გ. ო-ის ქმედება წარმოადგენს დაზარალებულის ფიზიკურ და ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მისი უფლებაა. სწორედ პირისათვის თავისუფალი არჩევანის მიუცემლობა წარმოადგენს იძულებას (მაგალითისათვის იხ. №391აპ-14).
11. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოტივებს, რომ გასაჩივრებული განაჩენი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირების ნაწილშიც უკანონოა და მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ მ. დ-ის ქმედება სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ნათლად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს. საკასაციო პალატის შეფასებით, მ. დ-ისათვის წარდგენილი ბრალდება ყაჩაღობიდან ქურდობაზე ასევე სწორად გადაკვალიფიცირდა, ვინაიდან, როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, მ. დ-ე მას სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია – მან ფარულად, ისე, რომ არავისთვის უთქვამს, აღმოაჩინა უჯრაში კ. დ-ის კუთვნილი თანხა, მიისაკუთრა და განკარგა თავისი შეხედულებისამებ, რითიც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი (მაგალითისათვის იხ. №650აპ-19).
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
13. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის მონაცემები მ. დ-ის მხრიდან ზიანის ანაზღაურების შესახებ და დაზარალებულის თანხმობა მის მიმართ ამნისტიის აქტით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე, მისთვის დანიშნულ სასჯელზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არცერთ წინაპირობას.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე