საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1013აპ-20 ქ. თბილისი
ვ-ა ნ-ა, 1013აპ-20 23 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ვ-ას, ასევე – მსჯავრდებულ გ. ლ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: ნ. ვ-ას, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; დ. გ-ას, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. ლ-ას, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განაჩენით სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ლ-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 14 მარტიდან, დ. გ-ას – 2019 წლის 15 მარტიდან, ნ. ვ-ას კი – 2019 წლის 17 მარტიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ვ-ამ და დ. გ-ამ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ხოლო გ. ლ-ამ – ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 14 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, თ-ში, რ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. გ-ა, ნ. ვ-ა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი გ. ლ-ა თავს დაესხნენ ა. ო-ს, რომელსაც დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცეს 150 ლარად ღირებული, „HUAWEI-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი და 50 ლარად ღირებული საფულე, მასში მოთავსებული პირადი დოკუმენტებითა და 180 ლარით. აღნიშნული ქმედებით ა. ო-ს მიადგა როგორც მორალური, ასევე – 380 ლარის ქონებრივი ზიანი, ამასთან, განიცადა ფიზიკური ტკივილიც.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. ვ-ამ, ასევე –მსჯავრდებულ გ. ლ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ქ-ამ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ნ. ვ-ა აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო ადვოკატი მ. ქ-ა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და გ. ლ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძე შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №393აპ-17, №170აპ-18, №419აპ-14).
9. ადვოკატ მ. ქ-ას საკასაციო საჩივრის მოტივებს საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ ა. ო-ის ჩვენება, მისი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 17 აგვისტოს №-- დასკვნა, კ. ყ-ის, გ. ვ-ის, ნ. კ-ის, ნ. გ-ას, რ. გ-ის, ს. ჟ-ის, მ. ა-ისა და სხვათა თანმიმდევრული და ურთიერთთანხვდენილი ჩვენებები, გ. ლ-ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ტერიტორიის დათვალიერების ოქმი, დათვალიერების ოქმი, ბინის ჩხრეკის ოქმი, დ. გ-ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 22 ნოემბრის №- და ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2019 წლის 16 აგვისტოს №- დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცებები და სხვ.), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს გ. ლ-ასა და ნ. ვ-ას მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.
10. საკასაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულმა სასამართლოს ამომწურავად მიაწოდა თანმიმდევრული და დამაჯერებელი ინფორმაცია მის მიმართ ჩადენალ დანაშაულებრივ ქმედებაზე, დეტალურად აღწერა მსჯავრდებულთა ვიზუალური მახასიათებლები და თითოეული მათგანის როლი ყაჩაღობის ჩადენაში. ამასთან, მას მსჯავრდებულთა მიმართ არ გააჩნია პირადი ინტერესი. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია გ. ლ-ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის დროსაც გ. ლ-ამ აღიდგინა ვითარება და სწორედ მისი მითითებით ამოიღეს სამართალდამცავებმა დანა გადასასვლელი ხიდის კიბის გვერდით არსებული ლითონის კონსტრუქციის ზედაპირიდან, რაც ასევე ადასტურებს მის მიერ ყაჩაღობის ჩადენას.
11. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე; დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.
12. რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ. ვ-ას საჩივრის მოთხოვნას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა თითოეული მსჯავრდებულის, მათ შორის – ნ. ვ-ას მიერ ჩადენილი ქმედების სახე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ასევე – ინდივიდუალური მახასიათებლები. მსჯავრდებულ ნ. ვ-ასათვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა – არის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული, მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს და მისი კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ლ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ასა და მსჯავრდებულ ნ. ვ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი