Facebook Twitter

ას-123-433-04 11 მაისი, 2004 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: პარტნიორად აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

პ. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ლ. ჯ.“ (ამჟამად შპს „ქ.“) მიმართ და მიუთითა, რომ შპს „ლ. ჯ.“ “ სენაკის რაიონულ სასამართლოში სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაში გატარდა 2001წ. 27 თებერვალს. აღნიშნული საზოგადოების დამფუძნებელთა შორის მას გააჩნია 6%-იანი წილი. 2002წ. 15 ნოემბერს საზოგადოების პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მისი საზოგადოებიდან გარიცხვისა და საზოგადოების სახელწოდების შეცვლის შესახებ. გარიცხვას საფუძვლად დაედო საწესდებო კაპიტალში შესატანის მეორე ნახევრის შეუტანლობა და საზოგადოების ინტერებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

მოსარჩელის აზრით, მას საწესდებო კაპიტალში შესატანი ჰქონდა 12000 ლარი. აქედან 6000 ფულადი და 6000 არაფულადი შენატანის სახით. პირველი ნახევარი უნდა შეტანილიყო წესდებაზე ხელმოწერისთანავე, მეორე ნახევარი კი რეგისტრაციიდან ექვსი თვის ვადაში. პ. ხ-ის განცხადებით, მისი შესატანის შეტანა იკისრა საზოგადოების 80%-იანი წილის მფლობელმა სს „პ. ჰ.“, რაც მან შეასრულა კიდეც. თვითონ მას კი დარჩენილი თანხა უნდა დაეფარა საზოგადოების ფინანსური საქმიანობის დაწყებიდან 3 წლის ვადაში მოგების წილიდან.

მოსარჩელის განმარტებით, პარტნიორთა კრების მიერ მითითებული მოტივებით მისი საზოგადოებიდან გარიცხვა არ შეიძლებოდა, რადგან მას „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 3.5 მუხლის შესაბამისად, წერილობითი მოთხოვნა შესატან თანხაზე დამატებითი ვადის მითითებით არ ჩაბარებია. რაც შეეხება მეორე საფუძველს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების თაობაზე, არ არსებობს ამის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება.

პ. ხ-მა დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაუქმება, მისი პარტნიორად აღდგენა 6%-იანი წილის დაბრუნებით, ასევე სანაკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 მაისის დადგენილების გაუქმება, რომლითაც სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაში გატარდა მისი გარიცხვა შპს „ქ.“.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა შპს „ლ. ჯ.“ (ამჟამად შპს „ქ.“) 2002წ. 15 ნოემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პ. ხ-ის საზოგადოებიდან გარიცხვისა და მისი 6%-იანი წილის სხვა პარტნიორებზე გადანაწილების შესახებ, ასევე გაუქმდა ამავე სასამართლოს 2003წ. 20 მაისის დადგენილება სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ პ. ხაძიპაპასისის გარიცხვის თაობაზე და იგი აღდგენილ იქნა 6%-იანი წილით შპს „ქ.“ პარტნიორად.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პ. ხ-ის საზოგადოებიდან გარიცხვა არ მომხდარა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 3.5 მუხლის შესაბამისად, კერძოდ, მას არ ჩაბარებია პარტნიორთა გაფრთხილება შესატანის შეტანის თაობაზე სათანადო ვადის მითითებით, ამიტომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისი აღდგენა შპს „ქ.“ პარტნიორად. ამასთან, სასამართლომ არ იმსჯელა პ.ხ-ის საზოგადოებიდან გარიცხვის მეორე საფუძველზე _ საზოგადოებისათვის ზიანის მიყენებაზე, იმის გამო, რომ პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ამ საკითხზე არ ყოფილა წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ქ.“ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 3.5 მუხლი არ ითვალისწინებს დაზღვეული სახით საფოსტო წერილის გაგზავნას, განსხვავებით ამავე კანონის სხვა მუხლისაგან. პ.ხ-ისათვის გაფრთხილების წერილის ჩაბარება სავალდებულო არ იყო, მითუმეტეს, რომ იგი იმყოფებოდა ოფისში და წერილი სტენდზე იყო გამოკრული.

სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 4 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პ. ხ-ი წერილით იყო გაფრთხილებული საზოგადოებიდან გარიცხვის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ქ.“. კასატორი ითხოვს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ „მეწარმეთა შესახებ» კანონის 3.5 მუხლი ითვალისწინებს შესატანის განუხორციელებლობის საბაბით საზოგადოებიდან პარტნიორის შესაძლო გარიცხვის საკითხს. ამ მუხლის თანახმად, სავალდებულო არ არის დაზღვეული საფოსტო წერილის გაგზავნა, როგორც ეს მითითებულია 47.5 ან 54.2 მუხლებში. პ. ხ-ისთვის წერილობითი სახით გაფრთხილების ჩაბარება სავალდებულო არ იყო, რადგან გაფრთხილება სტენდზე იყო გამოკრული. ამასთან, არსებობს გაფრთხილებითი შინაარსის წერილი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჰყავს ადრესატი. ამასთან, საზოგადოების წესდებით უკვე დათქმული იყო შესატანის დარჩენილი ნაწილის შეტანის 6 თვიანი ვადა, ამიტომ პ.ხ-ს გაფრთხილების შემდეგ კანონის შესაბამისად კვლავ მიეცა ვადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სენაკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 ივლისის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ნოემბრის განჩინებით, გაუქმდა შპს „ლ. ჯ.“ (ამჟამად შპს „ქ.“) 2002წ. 15 ნოემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პ. ხ-ისის საზოგადოებიდან გარიცხვის თაობაზე. როგორც სასამართლოს განჩინებაშია მითითებული, პ. ხაძიპაპასისი საზოგადოებიდან გაირიცხა ორი საფუძვლით: შესატანის მეორე ნახევრის შეტანის ვადის გადაცილებისა და საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების გამო. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასამართოლომ საქმე განიხილა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების ანუ პარტნიორთა კრების ოქმისა და საზოგადოების წესდების გარეშე. ასეთი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, ამიტომ სასამართლო ვალდებული იყო სადავო საკითხის თაობაზე ემსჯელა მითითებულ მტკიცებულებებთან მიმართებაში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო უფლებამოსილი არ იყო მთლიანად გაეუქმებინა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, რადგან იგი მიღებულ იქნა ზემოთ მითითებული ორი საფუძვლის არსებობის გამო. სასამართლომ, მართალია, მიიჩნია, რომ შესატანის შეუტანლობის მიზეზით ხაძიპაპასისის გარიცხვის გამო საზოგადოებას დარღვეული ჰქონდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 3.5 მუხლის მოთხოვნები, მაგრამ არ იმსჯელა მეორე საფუძვლის თაობაზე, რომელიც ასევე სადავოდ იყო გამხდარი პანაიოტის ხაძიპაპასისის სასარჩელო მოთხოვნაში (აღნიშნულის თაობაზე მითითებულია დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში). იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საკითხი სადავოდ იყო გამხდარი მხარეთა შორის, აღარ იყო სავალდებულო საზოგადოების მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით სარჩელის შეტანა და სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე.

სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება პანაიოტის ხაძიპაპასისის საზოგადოებიდან გარიცხვის თაობაზე პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია შემოწმდეს მისი სამართლებრივი საფუძვლიანობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს პანაიოტის ხაძიპაპასისის საზოგადოებიდან გარიცხვის ორივე მოტივზე ერთდროულად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ქ.“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.