საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №157აპ-21 ქ. თბილისი
ი-ი გ-ლ, 157აპ-21 5 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით გ. ი-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 25 იანვრიდან; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
2. ამავე განაჩენით დამტკიცდა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილს, ბრალდებულ თ. ჩ-ასა და ადვოკატ ც. წ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, თ. ჩ-ა, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 3 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი და 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მსჯავრდებულ თ. ჩ-ას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2019 წლის 25 იანვრიდან.
3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ი-მა ჩაიდინა მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება თავის სასარგებლოდ, რათა მას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, განეხორციელებინა რაიმე ქმედება. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
• წ-ოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №- 138 განკარგულების თანახმად, გ. ი-ი არჩეულ იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე და ითვლებოდა მოხელედ.
• 2018 წელს ი-ის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ. თ-მ გადაწყვიტა, საქართველოში შეეძინა უძრავი ქონება ბიზნესსაქმიანობისათვის. ამ მინზით 2018 წლის სექტემბერში ის შეხვდა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეს – თ. ჩ-ას, რომელსაც სთხოვა დახმარება მიწის ნაკვეთის მოძიებასთან დაკავშირებით.
• თ. ჩ-ამ, თავის მხრივ, ჰ. თ. დააკავშირა წ-ოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს – გ. ი-ს, რომელმაც თ. ჩ-ას დახმარებით განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. გ. ი-მა თ. ჩ-ას მეშვეობით ჰამიდრეზა თარის შესთავაზა წ-ოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. წ-ში, შანიძის ქ. №1-ში მდებარე 6375 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, რომლის შეძენის სურვილის შემთხვევაში, გ. ი-ი თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, დადებითად გადაწყვეტდა სასურველ ფასად ქონების აუქციონზე გატანის საკითხს. აღნიშნულის სანაცვლოდ კი გ. ი-მა თ. ჩ-ას მეშვეობით ქრთამის სახით მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
• ამასთან, გ. ი-ის მოთხოვნითა და თ. ჩ-ას უშუალო დახმარებით ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად ჰამიდრეზა თარიმ თავისი კუთვნილი კომპანიის 16%-იანი წილი, რომლითაც აუქციონზე უნდა შეეძინა ქონება, გადაუფორმა გ. ი-ის ნდობით აღჭურვილ პირს.
• 2018 წლის 24 დეკემბერს, გ. ი-ის დაპირებისამებრ, წ-ოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდა ჰამიდრეზა თარი და შეძლო მითითებული შენობისა და მიწის ნაკვეთის წინასწარ შეთანხმებულ და ხელსაყრელ ფასად შეძენა.
• 2019 წლის 25 იანვარს გ. ი-მა, ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით, ჰ. თ-ის დაუბრუნა კომპანიის 16%, სანაცვლოდ კი მისი შვილის საბანკო ანგარიშზე ჰ. თ. ქ-ის სახით ჩაურიცხა 250000 ლარი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ჩ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ი-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივებით.
6. პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა ადვოკატის საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე. მოწმეების – ჰ. თ-ის, ი. ხ-ის, ზ. კ-ის, ე. გ-ის, თ. ჩ-ას, ზ. მ-ის, გ. ი-ის, მ. კ-ისა და სხვათა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით, საჯარო რეესტრის ელექტრონული საიტის დათვალიერებისა და აუქციონის ელექტრონული საიტის დათვალიერების ოქმებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისაგან მიღებული დოკუმენტაციით, ფულადი თანხის გამოყოფისა და გადაცემის ოქმებით, სამუშაო ოთახის ჩხრეკის ოქმით, სალაროს შემოსავლის ორდერით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ი-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
10. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ი-ის შვილის ანგარიშზე ჩარიცხული 250000 ლარი იყო სესხი, რომელიც გაფორმდა ნოტარიულად და მიუთითებს, რომ მხარის მიერ ქრთამის მოთხოვნის დაფიქსირება საკმარისია დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის. მოცემულ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, გ. ი-ი დაჰპირდა ჰ. თ-ის, რომ, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, შეეძლო, გავლენა მოეხდინა კონკრეტული ქონების აუქციონზე გატანასა და საქმის მის სასარგებლოდ დასრულებაზე, რაც შეასრულა კიდეც, რის სანაცვლოდაც, ჰამიდრეზა თარიმ გ. ივანეიშვილის შვილის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 250000 ლარი. როგორც ჰ. თ. განმარტა, ქრთამს სესხის სახე იმიტომ მიეცა, რომ, როგორც გ. ი-მა უთხრა, „იყო საჯარო მოხელე და სხვანაირად არ შეიძლებოდა“, რეალურად კი ეს იყო ფიქციური ქმედება და მისთვის თანხა არ უსესხებია.
11. გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი უცვლელად დატოვა. სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც გ. ი-ი საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო.
12. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებულობის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც კასატორს მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №128აპ-16).
13. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი ნამდვილად მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ ეს მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), 37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ, ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).
14. ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
16. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი