ას-125-434-04 9 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სამკვიდრო ქონების გაყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 11 ნოემბერს გ. ა-ემ თავისი ძმისა და რძლის – ა. ა-ისა და ი. ა-ე-მ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ვანის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა, ვანის რაიონ სოფ. ...ში მისი მშობლების დანაშთი სამკვიდრო უძრავი ქონებიდან – საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთიდან 1/2-ის გამოყოფა, აგრეთვე, თავისი რძლის _ ი. მ-ე-ა-ის სახელზე ქონების უკანონო აღრიცხვის გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
მისი მამა დ. ა-ე გარდაიცვალა 1991 წელს, დედა _ შ. ს-ე – 1995 წელს. მამკვიდრებლებს დარჩათ სამი პირველი რიგის მემკვიდრე: თვითონ მოსარჩელე და მისი და _ ძმა (ლ. და ა. ა-ეები).
1995 წელს კომლში უკანონოდ ჩაეწერა და სახლი რეგისტრაციაში გაატარა რძალმა ი. მ-ე-ა-ემ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის პირველი სართული აშენდა აწ გარდაცლილი დ. ა-ისა და ა. ა-ის მიერ, ხოლო მეორე სათული მამის გარდაცვალების შემდეგ ააშენეს ა. ა-ემ და მისმა მეუღლე ი. მ-ემ, რის გამოც ამ სახლიდან მოსარჩელეს წილი არ ეკუთვნოდა.
ვანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მას აღუდგა სასარჩელო ვადა და ცნობილ იქნა მშობლების დანაშთი ქონების 1/3-ის მემკვიდრედ. გ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო ქონების ი. მ-ე-ა-ის სახელზე აღრიცხვის გაუქმების ნაწილში დატოვა ღიად და მოსარჩელეს განუმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეეძლო დამოუკიდებელი სარჩელის შეტანა.
მითითებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ორივე მხარემ.
მოსარჩელე მოითხოვდა კუთვნილი წილის ნატურით გამოყოფას, ხოლო მოპასუხეები – გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სააპელაციო სასამართლოში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაება მესამე მემკვიდრე ლ. ა-ე, რომელმაც მშობლების დანაშთი ქონებიდან მოითხოვა 1/3 წილი.
სააპელაციო სასამართლოში გ. ა-ემ (წარმომადგენელი თ. მ-ე) სააპელაციო მოთხოვნა შეცვალა და მოითხოვა გადაწყვეტილების იმ ნაწილში ცვლილების შეტანა, რომლითაც გ. ა-ე ცნობილ იქნა სადავო ქონების 1/3-ზე მემკვიდრედ, აგრეთვე, თუ სასამართლო მესამე პირის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, მაშინ იგი მემკვიდრედ ცნობილიყო სახლის 1/2-ზე, ამასთან გაუქმებულიყო ი. მ-ე-ა-ეზე სახლის უკანონოდ აღრიცხვა.
მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის პრეტენზია არ გამოუთქვამს, ხოლო მოპასუხე და მოსარჩელე საქმის განხილვამდე შეთანხმებული იყვნენ მიწის ნაკვეთის სარგებლობის წესზე.
სააპელაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეები სადავოდ ხდიდნენ ვანის რაიონის სოფ. ...ში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მას საკუთრების უფლებით გამოეყო საცხოვრებელი სახლის 1/4.
მესამე პირის _ ლ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასწორების შესახებ სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 29 დეკემბერს მიიღო განჩინება, რომელშიც მიუთითა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაშვებული იყო უსწორობა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი საბოლოოდ ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: გ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და მას გამოეყოს საკუთრების უფლებით ვანის რაიონი სოფ. ...ში მდებარე ი. მ-ის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან 1/4. მოცემულ საქმეზე მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც ამგვარად ჩამოყალიბდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე და მოპასუხეები მამის გარდაცვალების დროიდან დაეუფლნენ დანაშთ ქონებას, ორსართულიანი სახლის პირველ სართულსა და მიწის ნაკვეთს, ხოლო მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით დანაშთ ქონებას არ დაუფლებია. მოსარჩელესა და მოპასუხეებს სამკვიდროს მიღების ვადა გაშვებული არ ჰქონდათ, ხოლო მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით გაშვებული ჰქონდა სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც აღრიცხული იყო ერთ-ერთი მოპასუხის _ ი. მ-ის სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დ. ა-ემ თანაზიარად ააშენა შვილთან _ ა. ა-ესთან ერთად, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ სახლის მეორე სართულისა და მთლიანი მშენებლობის დამთავრება აწარმოა ა. ა-ემ, ამდენად სამკვიდროს წარმოადგენდა ორსართულიანი სახლის პირველი სართულის ნახევარი, რომლის ორ მემკვიდრეს შორის გაყოფის შედეგად მოსარჩელეს შეიძლებოდა შეხვედროდა ორსართულიანი სახლის პირველი სართულის 1/4.
მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი არ შეუტანია.
2004წ. 20 თებერვალს ა. ა-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც ნაწილობრვ დაკმაყოფილდა გ. ა-ის სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 16 თებერვალს კერძო საჩივრით მიმართა გ. ა-ემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის განჩინების (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის უსწორობის გასწორება) გაუქმება.
გ. ა-ეს საქმეზე მიღებულ დასაბუთებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარი არ შეუტანია.
კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლო დაუშვებლად და დაუსაბუთებლად მიიჩნია, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ იყო.
კერძო საჩივრის ავტორს უკანონოდ მიაჩნდა გასაჩივრებული განჩინება, რადგან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უსწორობის გასწორებით შეიცვალა გადაწყვეტილების შინაარსი.
საკასაციო საჩივრის ავტორი გადაწყვეტილების ნაწილის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს შემდეგი საფუძვლით:
მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ა-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში დაუსაბუთებელია, ამასთან სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სამკვიდრო ქონებას ისე მიაკუთვნა სადავო სახლის პირველი სართულის ნაწილი, არ გააჩნდა საამისო მტკიცებულებები. ორსართულიანი სახლი აშენებულია მისი სახსრებით და სწორადაა აღრიცხული თავისი მეუღლის სახელზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე საკასაციო საჩივრისა და კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, კერძოდ, გ. ა-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში, რაც ჩამოყალიბებულია დასაბუთებული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში, უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 257-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილება საქმის განხილვის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოტანილი. გამონაკლის შემთხვევაში განსაკუთრებით რთული საქმეების მიმართ, დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანა შეიძლება გადაიდოს არა უმეტეს 14 დღის ვადით, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ უნდა გამოაცხადოს იმავე სხდომაზე, რომელზედაც დამთავრდა საქმის განხილვა.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც ამ შემთხვევაში ცხადდება, წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შემადგენელ ნაწილს, იგი დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იდენტურია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ცხადდება დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და არა სხვა რომელიმე შუალედური გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში 2003წ. 23 დეკემბერს დამთავრდა რა საქმის განხილვა, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 257-ე მუხლის შესაბამისად, გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის მე-4 პუნქტით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მას საკუთრების უფლებითYგამოეყო ვანის რაიონის სოფ. ...ში აღრიცხული საცხოვრებელი სახლის 1/4.
იმავე დღეს გამოტანილი დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით კი გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მას საკუთრების უფლებით გამოეყო ვანის რაიონი სოფ. ...ში ი. მ-ის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის 1/4.
მოცემული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც გამოცხადდა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დამთავრების შემდეგ, აშკარად განსხვავდება დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილისაგან. თუკი გამოცხადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სადავო მთლიანი სახლის 1/4-ზე, დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სარჩელი დაკმაყოფილდა სადავო სახლის მხოლოდ პირველი სართულის 1/4-ზე, რაც დაუშვებელია.
სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი, ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ უსწორობის გასწორებით შეიცვალოს გადაწყვეტილების შინაარსი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი უსწორობების და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორება, რომელიც გადაწყვეტილების შინაარსს არ ცვლის. მოცემულ შემთხვევაში კი უსწორობის გასწორებით შეიცვალა გადაწყვეტილების შინაარსი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და უსწორობის გასწორების შესახებ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია.
სსკ-ის 394-ე მუხლის შესაბამისად კი ამგვარი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, მამკვიდრებლების გარდაცვალების შემდეგ, თუ რისგან შედგებოდა სამკვიდრო მასა და რა ქონებაზე გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდროს გაყოფის დროს სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოებაც, რომ დ. ა-ის გარდაცვალების შემდეგ პირველი რიგის მემკვიდრეებში ითვლებოდა მისი მეუღლეც, რომელიც 1995 წელს გარდაიცვალა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე, 419-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტლების მე-4 პუნქტი, რომლითაც გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მას საკუთრების უფლებით გამოეყო ვანის რაიონის სოფ. ...ში ი. მ-ის სახელზე არსებული საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან 1/4¼და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
გაუქმდეს ამავე სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის განჩინება გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორების შესახებ.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.