საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№134აპ-21 ქ. თბილისი
მ-ი დ-ო, 134აპ-21 23 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. მ-ს, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ე.ი. სხეულის დაზიანებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 9 ივნისს, ღამის საათებში, თ-ში, ს. ც-ის ქ. №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სკვერში, დ. მ-მა დანის ერთხელ დარტყმით გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა მიაყენა გ. ხ-ეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 ივნისის განაჩენით დ. მ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე; დ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 5 ივნისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2018 წლის 9 ივნისიდან იმავე წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით და სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და დ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ.№593აპ-15, №142აპ-13), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
10. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დ. მ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.
11. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია: საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მსჯავრდებული დ. მ-ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რა დროსაც ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა დაზარალებულს. ამ დასკვნის საფუძველს ქმნის ფაქტის შემსწრე მოწმე ლ. კ-სა და დაზარალებულ გ. ხ-ის ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა, ბრალდებულ დ. მ-ის ჩვენება, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №- ცნობა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 1 აგვისტოს №- დასკვნა, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ქცევა როგორც უშუალოდ ჯანმრთელობის დაზიანებისას, ისე – მანამდე. საყურადღებოა, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო დაზარალებული გ. ხ-ე. ამასთან, მას სხეულზე, გარდა დანით მიყენებული ერთი ჭრილობისა, სხვა, მკვრივ-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებების კვალი არ აღენიშნება. დ. მ-ზე ფიზიკური ძალადობა კი არ შეწყვეტილა იქამდე, სანამ მან დანა არ გამოიყენა. ამდენად, მსჯავრდებულის ქმედება განპირობებული იყო მხოლოდ თავდაცვის სურვილით, თუმცა ამ ქმედებაში იკვეთება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება, ვინაიდან, მართალია, მას შეექმნა აგრესიისაგან თავის დაცვისა და მოგერიების ვითარება, მაგრამ, ვინაიდან გ. ხ-ე არ იყო შეიარაღებული რაიმე საგნით, დ. მ-მა დანის გამოყენებით ჭრილობის მიყენებით გადაამეტა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დ. მ-ს ობიექტურად ჰქონდა თავდაცვის მიზანი, მაგრამ ამისათვის გამოყენებული საშუალება აშკარად შეუსაბამო აღმოჩნდა თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან, რომლის დროსაც გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს (საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დ. მ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება მართებულად მიაჩნია. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
15. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
16. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. მაგრამ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, დ. მ-მა გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე მოიხადა. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი (მაგალითისთვის – №1821-21, №1371-21).
17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე