Facebook Twitter

ას-126-440-04 26 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ვალდებულების შესრულება (ძირითად სარჩელში), ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 29 აპრილს შპს „მ.-ის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ნ. მ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „გ.-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხეზე, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად 195912 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1999წ. 10 ივლისს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორ ვ. ა.-სა და შპს „მ.-ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „გ.-ა“ კისრულობდა ვალდებულებას, დაეფინანსებინა საფეხბურთო კლუბი შპს „მ.-ი“. საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის მიერ წინასწარ გახარჯულ თანხებს ანაზღაურებდა სს „გ.-ა“ ყოველიწ. ბოლოს წარმოდგენილი ხარჯების შესაბამისად. ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სს „გ.-ა“ პირნათლად ასრულებდა 2002 წლამდე, 2002წ. ოქტომბერში შპს „მ.-ს“ გამოუყო მხოლოდ 2000 ლარი. შპს „მ.-ის“ პრეზიდენტი საკუთარ და სესხის სახით აღებულ ხარჯებს გუნდს ახმარდა 2003წ. 5 მარტამდე, სანამ დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. ამ დროისათვის აუდიტორული დასკვნის საფუძველზე მას გახარჯული ჰქონდა 131147 ლარი. შპს „მ.-ს“ ასევე მიუღებელი აქვს ადმინისტრაციის ხელფასი 20575 ლარისა და ფეხბურთელების ხელფასი 44190 ლარის ოდენობით, რაც საერთო ჯამში შეადგენს 195912 ლარს.

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სს „გ.-მ“ შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მხარეთა შორის 1999წ. 10 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სადავო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა არაუფლებამოსილმა პირმა, კერძოდ, ვ.ა.-მა, რომელიც სს „...-ის“ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა 2000წ. 29 სექტემბერს ანუ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ამასთან, ხელშეკრულების დებულება მოგების განაწილების შესახებ ეწინააღმდეგება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 47.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვით, საზოგადოებაში წლიური შედეგების დამტკიცებისა და გამოყენების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ პარტნიორთა კრებას.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „მ.-ის“ ყოფილი პრეზიდენტის _ ნ. მ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, სს „გ.-ს“ დაეკისრა ნ.მ.-ის სასარგებლოდ 195912 ლარის გადახდა. შეგებებულ სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „გ.-მ“.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „გ.-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: შპს „მ.-ის“ ყოფილი პრეზიდენტის _ ნ. მ.-ის სარჩელი სს „გ.-სათვის” 195312 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სს „გ.-ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ.ა.-სა და ნ.მ.-ს შორის 1999წ. 10 ივლისს დადებული ხელშეკრულება ცნობილ იქნა ბათილად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „მ.-ის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ნ. მ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა.

2004წ. 5 ივლისს ნ. მ.-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ნ.მ.-ის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სასამართლო ხარჯების შესახებ.

სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

ვინაიდან ნ. მ.-მ უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, ხოლო მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგო მოსაზრება ამის თაობაზე არ გამოუთქვამს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. მ.-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. მ.-ის განცხადება, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.