საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№224აპ-21 ქ. თბილისი
ს-ი ა-ე, 224აპ-21 23 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ს-ს ბრალი დაედო: ქურდობის მცდელობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; ქურდობის მცდელობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, ა. ს-ი ქ. თ-ში, ც-ის ქ. №--ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „პ-ში“ არსებული, შპს „ს. ტ-ის“ კუთვნილი №- მაღაზიიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 22 ლარად ღირებულ ყავის ელექტროსაფქვავს და შეეცადა მაღაზიის დატოვებას, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან მისი ქმედება შეამჩნიეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-- განყოფილების თანამშრომლებმა და შეაჩერეს მაღაზიიდან გასვლისთანავე.
· 2019 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 23:55 საათზე, თ-ში, მეტროს სადგურ „ა-ის თ-ის“ ქვედა ვესტიბიულიდან ამსვლელ ესკალატორზე ყოფნისას, ა. ს-მა სცადა ამავე ესკალატორზე მის წინ მდგარი მოქალაქის – ვ. ს-ის ქურთუკის ჯიბიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა საფულესა და მასში მოთავსებულ ფულად თანხას – 100 ევროსა და 175 ლარს, თუმცა ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან ვ. ს-მა დაიჭირა ა. ს-ის მიერ თავისი ქურთუკის ჯიბეში ჩაყოფილი ხელი და ამგვარ ვითარებაში მიმართა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის განაჩენით ა. ს-ი, – დაბადებული 19-- წელს, დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ა. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 700 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ამ განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. ს-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 1 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 22 ივლისიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული მოხდილი სასჯელი – 2019 წლის 9 აპრილიდან 2020 წლის 22 ივლისამდე.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნანა ჯაყელი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ა. ს-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების სრული მოცულობით – საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის სამართლიანი, ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.
6.. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (მაგალითისათვის იხ. №352აპ-20, №62აპ-17).
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედება არასწორად დააკვალიფიცირა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ს-ის მსჯავრდებისათვის ბრალდების ერთ ეპიზოდში (დაზარალებულ ვ. ს-ის ეპიზოდში) არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები (როდესაც თავად დაზარალებული სასამართლოში არ დაკითხულა). ამასთან, არ არსებობს სხვა პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. ს-ის მიერ 2019 წლის 9 აპრილს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ბრალდების ამ ნაწილში ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
9. ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებაში „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა გამამტუნებელი განაჩენის დადგენისას ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებამდე ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად არ დაიშვება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37; II-52).
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი, ისე – შემამსუბუქებელი (ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება, მსჯავრდებულის ასაკი, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და ამით სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელშეწყობა) გარემოებები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამდგარი შედეგი და ა. ს-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
12. ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამრიგად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
14. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუმცა ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა და, ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება ა. ს-ისათვის შეფარდებულ ჯარიმაზე. გარდა ამისა, მასზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით დაწესებული შეღავათი ნასამართლობის არმქონე პირისათვის დანიშნული სასჯელის განახევრების შესახებ, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი მონაცემები დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ და დაზარალებულის თანხმობა, რათა ა. საუნინზე გავრცელდეს ზემოთ მითითებული კანონის შეღავათები. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასჯელზე (რომელმაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი) ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.
15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე