ას-127-441-04 3 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციისთვის 10000 აშშ დოლარის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ჯ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და განმარტა, რომ 1998წ. 6 იანვარს ტელეკომპანია „...-ის“ ეთერში გავიდა გადაცემა, რომლითაც შეელახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას მიადგა მორალური და მატერიალური ზიანი და მოპასუხისგან მოითხოვა 10000 აშშ დოლარის გადახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ 1998წ. 6 იანვარს შპს ტელეკომპანია „...-ის“ მიერ ეთერში გაშვებული გადაცემა, რომლის გამოც გ.ჯ-მა მიმართა სასამართლოს, მომზადებული არ ყოფილა არც ჟურნალისტი ბ. ბ-ისა და არც სხვა ჟურნალისტის მიერ. ამ გადაცემისას მის წამყვანს ბ. ბ-ეს არ გამოუთქვამს არც თავისი, არც ტელეკომპანიას მოსაზრება, რომელიც შეიძლებოდა გ. ჯ-ის საწინააღმდეგო ყოფილიყო. სასამართლომ ჩათვალა, რომ გადაცემის წამყვანს უფლება არ ჰქონდა ხელი შეეშალა რესპოდენტებისათვის, გამოეთქვათ თავისი აზრი, ე.ი. ტელეგადაცემის წამყვანის, ასევე ტელეკომპანიის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება და ბრალი ვერ დადგინდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ჯ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 დეკემბრის განჩინებით გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 5 სექტემბრის გადაწყვეტილება. გ. ჯ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარების გადახდა. ბ. ბ-ე ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: პალატამ ჩათვალა, რომ გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და მან სათანადოდ დადგენილი წესით ვერ დაამტკიცა, რომ 1998წ. 6 იანვარს ტელეკომპანია „...-ის“ მიერ მომზადებულ გადაცემის შედეგად უხეშად შეილახა მისი პატივი და ღირსება, რამაც უარყოფითად იმოქმედა მის საქმიან რეპუტაციაზე და მიაყენა მორალური, მატერიალური ზიანი 10000 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, ჩათვალა, რომ აპელანტის ახსნა-განმარტებები ბუნდოვანია, ხოლო ზარალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ჯ-მა, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება. კასატორმა საკასაციო საჩივარს საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამდენად, განჩინება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რის გამოც სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის, სკ-ის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის, 120-ე, 411-ე, 992-ე მუხლებისა და 993-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ემყარება სასამართლო სხდომაზე მტკიცებულების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
საკასაციო პალატის სხდომაზე საკასაციო საჩივრის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, მოითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, ამიტომ შპს ტელეკომპანია „...-ის“ გენერალური დირექტორის თ. ღ-ისა და გ. ჯ-ის მიერ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს შემდეგი პირობებით: გ. ჯ-ი უარს აცხადებს სარჩელზე შპს ტელეკომპანია „...-ის“ მიმართ მატერიალური ზიანის (8000 აშშ დოლარის) ანაზღაურების თაობაზე.
თავის მხრივ, ტელეკომპანია „...-ი“ ვალდებულებას კისრულობს, ათი დღის ვადაში ეთერში გაუშვას ერთსაათიანი გადაცემა 21 საათიდან 22 საათამდე. მასში მონაწილეობას მიიღებს ტელეკომპანია „...-ის“ ჟურნალისტი ბ. ბ-ე, რომელიც გამოაქვეყნებს შემდეგ ტექსტს: ტელეკომპანია „...-ის“ მიერ 1998წ. 6 იანვარსა და 2000წ. დეკემბერში მოწყობილ ტელეგადაცემებში შელახულ იქნა გ. ჯ-ის პატივი და ღირსება სინამდვილესთან შეუფერებელი ინფორმაციების გავრცელებით, რამაც მას მიაყენა მორალური და მატერიალური ზიანი. ტელეკომპანია „...-ის“ ხელმძღვანელობის დავალებითა და სახელით მ. ჯ-ს ბოდიშს ვუხდით“.
გ. ჯ-ი პირადად აგებს პასუხს ზემოაღნიშნულ გადაცემაში მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე.
ტელეკომპანია „...-ი“, აგრეთვე, კისრულობს ვალდებულებას, გ. ჯ-ს გადაუხადოს 50 ლარი მორალური ზიანის ას-ღაურებლად. სარჩელით მოთხოვნილ დანარჩენ თანხაზე იგი უარს აცხადებს. ამის შემდეგ, მხარეთა შორის ურთიერთ პრეტენზიები წყდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ჯ-სა და შპს ტელეკომპანია „...-ის“ გენერალურ დირექტორ თ. ღ-ეს შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით: გ. ჯ-ი უარს აცხადებს სარჩელზე შპს ტელეკომპანია „...-ის“ მიმართ მატერიალური ზიანის (8000 აშშ დოლარის) ანაზღაურების თაობაზე.
თავის მხრივ, ტელეკომპანია „...“ ვალდებულებას კისრულობს, ათი დღის ვადაში ეთერში გაუშვას ერთსაათიანი გადაცემა 21 საათიდან 22 საათამდე. მასში მონაწილეობას მიიღებს ტელეკომპანია „...-ის“ ჟურნალისტი ბ. ბ-ე, რომელიც გამოაქვეყნებს შემდეგ ტექსტს: ტელეკომპანია „...-ის“ მიერ 1998წ. 6 იანვარსა და 2000წ. დეკემბერში მოწყობილ ტელეგადაცემებში შელახულ იქნა გ. ჯ-ის პატივი და ღირსება სინამდვილესთან შეუფერებელი ინფორმაციების გავრცელებით, რამაც მას მიაყენა მორალური და მატერიალური ზიანი. ტელეკომპანია „...-ის“ ხელმძღვანელობის დავალებითა და სახელით მ. ჯ-ს ბოდიშს ვუხდით“.
გ. ჯ-ი პირადად აგებს პასუხს ზემოაღნიშნულ გადაცემაში მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე.
ტელეკომპანია „...“, აგრეთვე, კისრულობს ვალდებულებას, გ. ჯ-ს გადაუხადოს 50 (ორმოცდაათი) ლარი მორალური ზიანის ას-ღაურებლად. სარჩელით მოთხოვნილ დანარჩენ თანხაზე იგი უარს აცხადებს. ამის შემდეგ, მხარეთა შორის ურთიერთ პრეტენზიები წყდება.
მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.