საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№186აპ-21 ქ. თბილისი
ფ-ა ე-ე, 186აპ-21 2 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის – ზინიკო ქობალიასა და მსჯავრდებულ ე. ფ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე. ფ-ამ ჩაიდინა: ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების მიღება, ჩადენილი ჯგუფურად.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
• ე. ფ-ამ სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად განიზრახა დაუსაბუთებელი ქონების – ხის მასალისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ე. ფ-ამ 2017 წლის 14 სექტემბერს დააფუძნა შპს „--“ (ს/კ --). საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებას დაფუძნების დღიდან ახორციელებდა ე. ფ-ა სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად.
• ე. ფ-ასა და სხვა პირების მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, შპს „---ის“ (ს/კ --) სახელით, გამოყენების მიზნით ამზადებდნენ და იყენებდნენ ყალბ სასაქონლო ზედნადებებს ხის მასალის სხვადასხვა საწარმოზე მიყიდვის თაობაზე. ყალბ საგადასახადო დოკუმენტებში ე. ფ-ა სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად აფიქსირებდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და ფირნიშების ყალბ მონაცემებს, რომლებითაც ნიღბავდნენ დაუსაბუთებელ ხის მასალის წარმომავლობას.
• ზემოაღნიშნული მიზნით, ე. ფ-ამ და სხვა პირებმა, 2017 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 05 იანვრის ჩათვლით პერიოდში, გამოყენების მიზნით დაამზადეს და გამოიყენეს შემდეგი ყალბი სასაქონლო ზედნადებები: ------------ და შესაბამისი ყალბი ანგარიშფაქტურები. ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, ე. ფ-ა და სხვა პირები გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მოპოვებულ დაუსაბუთებელ ხე-ტყეს რეალიზებულად აჩვენებდნენ სხვადასხვა შემძენზე.
• ჯამურად, 2017 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 5 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ე. ფ-ამ და სხვა პირებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე რეალიზებულად აჩვენეს 2 633 915.55 ლარად ღირებული, 5 010.823 კუბური მეტრი ხის მასალა, რითაც ე. ფ-ამ, ჯგუფურად, დაუსაბუთებელ ქონებას მისცა კანონიერი სახე, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 აგვისტოს განაჩენით ე. ფ-ა, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 28 ნოემბრიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ე. ფ-ამ ჩაიდინა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
• ე. ფ-ამ 2017 წლის 14 სექტემბერს დააფუძნა შპს „--“ (ს/კ -). საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებას დაფუძნების დღიდან ახორციელებდა ე. ფ-ა სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად.
• ე. ფ-ამ და სხვა პირებმა 2017 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 5
იანვრის ჩათვლით პერიოდში, გამოყენების მიზნით დაამზადეს და გამოიყენეს შემდეგი ყალბი სასაქონლო ზედნადებები: --------- და შესაბამისი ყალბი ანგარიშფაქტურები (დაფიქსირებული იყო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და ფირნიშების ყალბი მონაცემები), რომელთა საფუძველზეც, შპს „--“-ს (ს/კ -) 2017 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 5 იანვრის ჩათვლით პერიოდში, რეალიზებულად ნაჩვენები აქვს 2 633 915.55 ლარად ღირებული, 5 010.823 კუბური მეტრი ხის მასალა, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს, რომლის დირექტორიც იყო ე. ფ-ა, იმავე პერიოდში არ უფიქსირდება ლიცენზიის ფლობა ან ხის მასალის შეძენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორი – საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი ზინიკო ქობალია ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, ე. ფ-ას დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. კასატორი – მსჯავრდებულ ე. ფ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჯ. ქ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ე. ფ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ე. ფ-ას დამნაშავედ ცნობისათვის პროკურორის საკასაციო საჩივრით მოთხოვნილი კვალიფიკაციით. სააპელაციო სასამართლომ ნათლად დაასაბუთა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით ბრალდების ფორმულირება არის ბუნდოვანი და გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა ამ კვალიფიკაციით ქმედების შეფასების შესაძლებლობას, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ საყოველთაოდ აღიარებული პინციპის – „in dubio pro reo-ს“ საფუძველზე.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაც უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (კერძოდ: მოწმეების – ვ. ტ-ის, გ. ს-ის, ა. ფ-ის, გ. ო-სა და სხვათა ჩვენებებით, რეესტრის ამონაწერითა და სადამფუძნებლო დოკუმენტაციით, ელექტრონულ მონაცემთა ბაზებისა და ვებგვერდების დათვალიერების ოქმებითა და თანდართული დოკუმენტაციით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმისა და მისი დათვალიერების ოქმებით, სსიპ „გ-ს ე-ი სააგენტოს“ წერილით, რევიზიის აქტითა და სხვა მტკიცებულებებით) უტყუარადაა დადასტურებული ე. ფ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
11. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის – ზინიკო ქობალიასა და მსჯავრდებულ ე. ფ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი