საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№227აპ-21 ქ. თბილისი
ქ-ი ლ-ნ, 227აპ-21 7 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ქ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ს-ასა და ა. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ლ. ქ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლით, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 24 მარტის ეპიზოდი) – 7 წლით, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 3 აპრილისა და 6 აპრილის ეპიზოდები) – 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და ლ. ქ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 12 აპრილიდან. მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 15 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: ლ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 24 მარტის ეპიზოდი) – 7 წლით, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 3 აპრილისა და 6 აპრილის ეპიზოდები) – 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და ლ. ქ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 12 აპრილიდან. მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 15 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ქ-მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (3 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
§ ლ. ქ-მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით – 0,024 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი სამი აბი, რომლებსაც ინახავდა პირადად. ლ. ქ-მა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი სამი აბი ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს უკანონოდ გაასაღა ზ. მ-ეზე, კერძოდ: 2018 წლის 24 მარტს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ერთი აბი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველობა შეადგენდა 0,008 გრამს, უკანონოდ გაასაღა ზ. მ-ეზე ქ-ში, ი-ის ქ. №--ში მდებარე ეზოში. ასევე, ბრალდებულმა ლ. ქ-მა უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ერთი აბი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველობა შეადგენდა 0,008 გრამს, 2018 წლის 3 აპრილს, 650 ლარად უკანონოდ გაასაღა ზ. მ-ეზე ქ-ში, ი-ის ქ. №--ში მდებარე ეზოში, ხოლო ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ერთი აბი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველობა შეადგენდა 0,008 გრამს, 2018 წლის 6 აპრილს, 450 ლარად უკანონოდ გაასაღა ზ. მ-ეზე ქ-ში, ი-ის ქ. №--ში მდებარე ეზოში.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – მ. ს-ამ და ა. შ-მა. მათ ითხოვეს ლ. ქ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით (მოწმეების – დ. წ-ის, ი. მ-ის, დ. ნ-ის, ბ. ბ-ის, ზ. ც-ის, ზ. მ-ისა და სხვათა ჩვენებებით, ლ. ქ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების პატაკებით, ზ. მ-ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ლ. ქ-ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმებით, ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერებით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, დათვალიერების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით და სხვ.) უტყუარადაა დადასტურებული ლ. ქ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების (3 ეპიზოდი) ჩადენა. საკასაციო პალატის შეფასებით, მსჯავრდებულს სასჯელის საბოლოო ზომა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა – განსაზღვრული აქვს პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ქ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ს-ასა და ა. შ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი