ას-127-825-03 11 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: შენობიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 30 მარტის ბრძანებით შპს «ს-ო 2000-ის» საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა ცვლილება და განისაზღვრა, რომ დაფუძნებული ყოფილიყო შპს «ც-ი», საწესდებო კაპიტალში 100%, სახელწიფო ქონებრივი შენატანით. შპს «ც-ის» საწესდებო კაპიტალი აუდიტორული დასკვნის შესაბამისად განისაზღვრა 198290 ლარის ღირებულებით. სახელწიფოს წილი შპს-ს ქონებაში შეადგენს 100%-ს მართვის უფლება გადაცემული იყო სათბობენერგეტიკის სამინისტროზე.
შპს «ც-ი» რეგისტრაციაში გატარდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 აპრილის დადგენილებით.
2002წ. 18 მარტს ქ. თბილისში ..... მდებარე შპს «ც-ის» ოთხსართულიან შენობაში უნებართვოდ შეიჭრა ლტოლვილთა ჯგუფი კერძოდ ე. ხ-ა, ჯ. უ-ა, ნ. ა-ი, თ. ა-ი, ი. ბ-ა, ს. ხ-ა, ნ. ჯ-ა, ბ. უ-ე, ქ. შ-ა, ო. ქ-ა, ნ. ბ-ა, მ. ბ-ი, მ. ფ-ა, ლ. პ-ი, შ. ხ-ა, ლ. პ-ი, ზ. ს-ი.
2002წ. 26 მარტს შპს «ც-ის» დირექტორმა თ. ბ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში შენობიდან თვითნებურად დაკავებულ პირთა გამოსახლების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეებს არ გააჩნდათ ფართის დაკავების კანონიერი საფუძველი.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული საამართლოს 2002წ. 24 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმყოფილდა იმ საფუძვლით: რომ სადავო შენობა წარმოადგენს შპს «ც-ის» ქონებას.
მოპასუხეების წარმომადგენელმა გ. მ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, იმ საფუძვლით, რომ შპს «ც-ი» არ წარმოადგენდა სათანადო მოსარჩელეს, რადგან იგი არ არის სადავო შენობის მესაკუთრე; საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 25 სექტემბრის ¹643 ბრძანებულების შესაბამისად, მოპასუხეებს გააჩნდათ სადავო ფართის დაკავების უფლებამოსილება; არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოებაც, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 5 ივნისის ¹5 ბრძანებულების მეათე პუნქტის თანახმად, ქონების მართვის სამინისტროსა და სხვა უწყებებს იმ ობიექტების გასხვისება პრივატიზებისას, სადაც ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებულები, ევალებათ მათი გამოსახლება მხოლოდ კონფლიქტური სიტუაციის მოწესრიგების ან მათი სხვა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი. ახალი გადაწყვეტილებით ე. ხ-ა, ჯ. უ-ა, ნ. ა-ი, თ. ა-ი, ი. ბ-ა, ს. ხ-ა, ნ. ჯ-ა, ბ. უ-ე, ქ. შ-ა, ო. ქ-ა, ნ. ბ-ა გამოსახლებულ იქნენ შპს «ც-ის» ადმინისტრაციული შენობიდან.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან სადავო შენობა საჯარო რეესტრში არ ირიცხებოდა შპს «ც-ის» სახელზე სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლებით.
მოპასუხეების წარმომადგენელი გ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს; მოსარჩელე მოპასუხეების გამოსახლებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ იყო შენობის მესაკუთრე. სასამართლომ თავისი ინიციატივით შეცვალა სარჩელის საფუძველი; არასწორად იქნა გამოყენებული სკ-ს 159-ე და 160-ე მუხლები; სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ს 83-ე, 377-ე და 384-ე მუხლები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. თბილისში ..... მდებარე ოთხსართულიანი შენობაში სახელმწიფოს ქონების მართვის სამინისტროს 2001-2003წ. 27 იანვრის მომართვის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება «ც-ი» დაფუძნდა სამინისტროს 2001წ. 30 მარტის ¹1-3/220 ბრძანებით შპს «ს-ო-2000» საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული შენობა-ნაგებობების ბაზაზე. აღნიშნული შენობა-ნაგებობები მის ბალანსზე ირიცხება. შპს «ც-ის» დირექტორი უფლებამოსილი იყო სასამართლოში შეეტანა სარჩელი საზოგადოების საწესდებო კაპიტალში რიცხული სასაწავლო ადმინისტრაციული კორპუსში შეჭრილ პირთა გამოსახლების შესახებ.
სააპელაციო სასმართლომ დადგენილად ჩათვალა რომ შპს ც-ი სკ-ს 159-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს კეთილსინდისიერ მფლობელს. ამავე კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია, ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება.
დადგენილია, რომ მოპასუხეებს სადავო შენობა დაკავებული აქვთ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ისინი არ შეიძლება ჩაითვალონ მოსარჩელესთან შედარებით მფლობელობის უკეთესი უფლების მქონე პირებად.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს. სინამდვილეში შეიცვალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და გამოყენებულ იქნა კანონის შესაბამისი ნორმა.
საკასაციო საჩივარში მითითებული პრეზიდენტის 1996წ. 25 სექტემბრის ¹643 და 2002წ. 5 ივნისის ¹5 ბრძანებულებები მოპასუხეებს არ ანიჭებდა სადავო ფართის თვითნებურად დაკავების უფლებას.
2001წ. 18 დეკემბერს მიღებული კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე 7-ე მუხლის მესამე ნაწილის «დ» პუნქტის მიხედვით, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით. ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით.
დადგენილია, რომ მოპასუხეებს არ გააჩნდათ სადავო შენობის დაკავების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ხ-ას, ჯ. უ-ას, ნ. ა-ის, თ. ა-ის, ი. ბ-ას, ს. ხ-ას, ნ. ჯ-ას, ბ. უ-ის, ქ. შ-ას, ო. ქ-ას, ნ. ბ-ას წარმომადგენლის, გ. მ-ის, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.