საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№238აპ-21 ქ. თბილისი
ხ-ი გ-ნ, 238აპ-21 9 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ხ-მა ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
• 2018 წლის მარტში მ-ის რაიონის სოფელ ა-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, გ. ხ-მა მინის ჭიქის თავის არეში სროლით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – პ. გ-ას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
• გ. ხ-ი 2019 წლის მაისიდან 2019 წლის 20 ივლისამდე მ-ის რაიონის სოფელ ა-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – პ. გ-ას, კერძოდ, მოიხსენიებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ეუბნებოდა, რომ წასულიყო სახლიდან. გ. ხ-ის სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად პ. გ-ამ განიცადა ტანჯვა.
• გ. ხ-მა 2019 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ ა-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – პ. გ-ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ, თუ სახლიდან არ წავიდოდა, მოკლავდა. აღნიშნული პ. გ-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენით გ. ხ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი სალომე ქემაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. ხ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობასა და კანონიერი, სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20).
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ხ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა პ. გ-ამ (ბრალდებულის მეუღლემ) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ხოლო ბრალდებულმა გ. ხ-მა თავი დამნაშავედ არ ცნო, გამოიყენა დუმილის უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება. ბრალდებულის მიერ დაზარალებულზე შესაძლო ძალადობა და მუქარა სასამართლოში გამოკვლეული რაიმე უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურებულა. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებულ სხვა მტკიცებულებებს (ექსპერტიზის დასკვნას, მოწმეთა ჩვენებებს, შემაკავებელ ორდერს), ისინი უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
9. საკასაციო პალატის აზრით, ასევე დაუდასტურებელია გ. ხ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაც, რადგან, ისეთ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, წარმოუდგენელია იმის დადგენა, ნამდვილად გაუჩინა თუ არა გ. ხ-ის მუქარამ (ასეთი ფაქტი რომც მომხდარიყო) დაზარალებულ პ. გ-ას მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
10. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება, როგორც ისეთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. წარმოდგენილ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა კი ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და არ ადასტურებს ბრალდებულის ბრალეულობას მისთვის შერაცხული ქმედებების ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
11. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
13. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი