ას-129-438-04 14 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 26 აპრილს ვ. კ.-მ და ნ. ბ.-მ განცხადებით მიმართეს სასამართლოს პ. ს.-ს მიმართ გადახდის ბრძანების მიღების შესახებ. მათ აღნიშნეს, რომ 1998წ. იანვარში 2001წ. მაისამდე ყოველთვიურად 20%-ის დარიცხვით პ.ს.-ს ვ.კ.-მ ასესხა 500 აშშ დოლარი, ხოლო მისმა მეუღლემ ნ.ბ.-მ _ 100 აშშ დოლარი. ერთი თვის შემდეგ პ.ს.-მ აღნიშნული თანხიდან ვ.კ.-ს დაუბრუნა 300 აშშ დოლარი და გადაუხადა ერთი თვის პროცენტი _ 100 აშშ დოლარი. განმცხადებელთა განმარტებით, პ.ს.-ას არც დარჩენილი თანხა და არც პროცენტი არ გადაუხდია, ხოლო სესხის დაბრუნების დროისათვის თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მაისის გადახდის ბრძანებით პ.ს.-ას განმცხადებელთა სასარგებლოდ დაეკისრა 1460 აშშ დოლარის გადახდა.
2002წ. 5 ივნისს პ. ს.-მ შესაგებლით მიმართა სასამართლოს, რომლითაც აღნიშნა, რომ ბრძანებას არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო: განმცხადებლებმა თავად მიმართეს პ.ს.-ას მათი თანხის სარგებლით გასესხებაში დახმარებისათვის, ვინაიდან იცოდნენ, რომ ეს უკანასკნელი ამგვარად ეხმარებოდა მეგობრებსა და ნათესავებს. აღნიშნულის საფუძველზე პ.ს.-მ ისინი დააკავშირა თავის მეზობელ ლ. ტ.-თან, რომელსაც პ.ს.-საგან გადაეცა ნ.ბ.-ს კუთვნილი 100, ხოლო ვ.კ.-ის _ 500 აშშ დოლარი. მხარეთა შორის, ნდობის არსებობის გამო, სესხი წერილობით არ გაფორმებულა. 1998წ. თებერვალში ვ.კ.-ის მოთხოვნისამებრ, პ.ს.-ას დახმარებით, მას დაუბრუნდა 400 აშშ დოლარი, დაახლოებით ერთ თვეში კი სარგებლის სახით _ 100 აშშ დოლარი. ლ.ტ.-ის თხოვნით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ უკანასკნელს იმ დროისათვის საჭირო თანხა არ ჰქონდა, პ.ს.-მ ვ.კ.-ს დაუბრუნა 120 აშშ დოლარი, ხოლო ნ.ბ.-ს 1998წ. თებერვალში სარგებლის სახით გადასცა 40 აშშ დოლარი. მას შემდეგ, რაც ლ.ტ.-მ სესხის დაბრუნება ვერ შეძლო და მიიმალა, 1999წ. მაისში პ.ს.-ამ მიმართა წყალტუბოს რაიონის პოლიციას, თუმცა უშედეგოდ. 2001წ. მაისში, როდესაც განმცხადებელთათვის სესხის დაბრუნების დრო დადგა, პ.ს.-ას განმარტებით, ლ.ტ.-თან არანაირი კონტაქტი აღარ ჰქონდა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ პ.ს.-ა თავდებად არავის დადგომია, მან უხერხულად იგრძნო თავი და ამიტომ 2001წ. ზამთარში ვ.კ.-ს გადასცა კიდევ 100 აშშ დოლარი და ისინი შეთანხმდენენ, რომ პ.ს.-ასთან არანაირი პრეტენზია არ ექნებოდათ. ამდენად, პ.ს.-ამ მოითხოვა ზემოაღნიშნული განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. კ.-ისა და ნ. ბ.-ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ აღნიშნული ურთიერთობა მიიჩნია სასესხო შუამავლობის ხელშეკრულებად და ჩათვალა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით სესხის ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობით და ამ წესის დარღვევით დადებული გარიგება ბათილია.
აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. კ.-მ და ნ. ბ.-მ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას ვ.კ.-მა და ნ.ბ.-მ შეამცირეს მოთხოვნა 1460 აშშ დოლარამდე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე პ.ს.-ას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 665 აშშ დოლარი.
საოლქო სასამართლოს 2003წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება პ. ს.-ას წარმომადგენელმა ე. ლ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 20 ივნისის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა, ხოლო საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 752-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობის სასესხო მაკლერის ხელშეკრულებად განხილვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. პალატამ მიუთითა პ.ს.-ს მიერ ვალისა და პროცენტების მოსარჩელეთათვის მის მიერ გადახდის შესახებ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ.-ისა და ნ. ბ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ პ.ს.-ს დაეკისრა ვ.კ.-ისათვის 349,6, ხოლო ნ.ბ.-სათვის _ 261,44 აშშ დოლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 1997წ. ნოემბერში ნ.ბ.-მ პ.ს.-ს ასესხა 100 აშშ დოლარი, ხოლო ამავე წლის დეკემბერში ვ.კ.-მ მასვე გადასცა 500 აშშ დოლარი. სასამართლომ პ.ს.-ას მოსაზრება სადავო თანხის ლ.ტ.-ისათვის გადაცემის შესახებ არ გაიზიარა, ვინაიდან პ.ს.-მ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ურთიერთობაში წარმოადგენდა სასესხო მაკლერს.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 1997 წელს, ერთის მხრივ, ნ.ბ.-ს, ვ.კ.-ს, ხოლო, მეორეს მხრივ, პ.ს.-ს შორის, სკ-ის 623-ე მუხლის შესაბამისად, დაიდო 600 აშშ დოლარის სესხის ზეპირი ხელშეკრულება 20%-ის სარგებლით, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2001წ. მაისამდე. პ.ს.-მ არ უარყო, რომ აღნიშნული თანხა აპელანტების მიერ გადაეცა ლ.ტ.-ისათვის გადასაცემად. სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, აპელანტებმა დაადასტურეს და სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ პ.ს.-ამ მათ დაუბრუნათ 420 აშშ დოლარი. აქედან 400 აშშ დოლარი _ ვ.კ.-ს, ხოლო 20 აშშ დოლარი _ ნ.ბ.-ს. დანარჩენი თანხის დაბრუნების ფაქტი პალატამ არ გაიზიარა სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წერილობითი მტკიცებულების არარსებობის გამო. პ.ს.-ას მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისრა 611,04 აშშ დოლარის გადახდა.
საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება პ.ს.-ას წარმომადგენელმა ე. ლ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად გააუქმა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სწორად დადგინდა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არანაირი გარიგება არ დადებულა. საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება მხარემ არასაკმარისად მიიჩნია, ვინაიდან იგი არ შეესაბამებოდა სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნას. მხარის აზრით, პალატამ არ გაითვალისწინა მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს განჩინებაში არსებული მითითებანი. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ მხარეთა ახსნა-განმარტებათა საფუძველზე უდავოდ მიიჩნია აპელანტების მიერ პ.ს.-სათვის 600 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, რაც საქმის მასალებსა და სხდომის ოქმებს არ შეეფერება. ამასთან, სასამართლო იშველიებს პ.ს.-ს განმარტებას, სადავო თანხის გამსესხებლებთან შეთანხმებით, ლ.ტ.-ისათვის გადაცემის შესახებ, რომელსაც ეკისრება თანხის დაბრუნების ვალდებულება. კასატორის განმარტებით, პ.ს.-ა ყველა ინსტანციის სასამართლოში უარყოფდა მოწინააღმდეგე მხარესთან რაიმე ფორმით გარიგების დადებას. მხარის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სკ-ის 623-625-ე მუხლებისა და სსკ-ის 102-ე, 104-ე მუხლების მოთხოვნები. ნ.ბ.-მ თავად მიმართა პ.ს.-ას თხოვნით, გაეპროცენტებინა მისი კუთვნილი თანხა, გადასცა კიდეც თანხა ამ უკანასკნელს და შეიტყო, რომ იგი გასესხებულია ლ.ტ.-ზე. კასატორის განმარტებით, ნ.ბ.-ს და ვ.კ.-ს სადავო თანხა პ.ს.-ასათვის საკუთრებაში არ გადაუციათ, როგორც ამას სესხის ხელშეკრულება მოითხოვს და არც ამ უკანასკნელს უკისრია ვალდებულება თანხის დაბრუნებაზე. მხარის მითითებით, აღნიშნული მოსარჩელეებსაც არ განუცხადებიათ. კასატორმა აღნიშნა, რომ პ.ს.-ს მოსარჩელეებმა თანხა იმის შემდეგ მოსთხოვეს, რაც დარწმუნდნენ, რომ ლ.ტ.-ი მიიმალა და მისგან სესხს ვეღარ დაიბრუნებდნენ. კასატორმა მიუთითა სკ-ის 624-ე მუხლსა და სსკ-ის 102-ე მუხლზე, რომელთა თანახმად, მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატა დაეყრდნო მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის განმარტებებს, რითაც დაარღვია ზემოხსენებული ნორმების მოთხოვნები. კასატორის განმარტებით, პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 131-ე მუხლი და შეგნებულად დაამახინჯა პ.ს.-ს ახსნა-განმარტება, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს განუმარტა, რომ 420 აშშ დოლარი მოსარჩელეებს დაუბრუნათ ლ.ტ.-მა მისი მეშვეობით. დანარჩენი თანხის, 140 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ პ.ს.-ს განმარტება სასამართლომ უკანონოდ არ გაიზიარა. კასატორის მითითებით, პალატამ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა, როდესაც პ.ს.-ს დააკისრა ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ, ამასთან დაარღვია სკ-ის 54-ე და 625-ე მუხლების მოთხოვნები. პ.ს.-ს წარმომადგენელმა ე.ლ.-მ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, აგრეთვე, ნ.ბ.-სა და ვ.კ.-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად იქნა ცნობილი შემდეგი გარემოებები:
პ. ს.-ას 1997წ. ნოემბერში ნ. ბ.-მ სესხად გადასცა 100 აშშ დოლარი, ხოლო ვ. კ.-მ 1997წ. დეკემბერში _ 500 აშშ დოლარი. პ. ს.-ას განმარტებით, ვინაიდან იგი იყო სასესხო მაკლერი, გამსესხებლებთან შეთანხმებით აღნიშნული თანხა გადასცა ლ.ტ.-ს, რომელსაც ეკისრება ამ თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება. ლ. ტ.-ისათვის თანხის გადაცემა რაიმე მტკიცებულებით დადასტურებული არ არის. ამდენად, ვ.კ.-ისა და ნ. ბ.-ს მიერ პ. ს.-ასათვის 600 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი თვით პ. ს.-ას განმარტებითვეა დადგენილი.
საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ ზემოხსენებულ გარემოებებზე საკასაციო საჩივარი დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ შეიცავს, რაც სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის ამ გარემოებების სავალდებულოდ მიჩნევის საფუძველია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს და მართებულად არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება მხარეთა შორის სასესხო ხელშეკრულების დადების შუამავლობისა და არა სასესხო ურთიერთობის არსებობის თაობაზე.
სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო კოდესის 752-ე მუხლით სასესხო ხელშეკრულების დადების შუამავლობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს მხარეთა შეთანხმებას ამავე ნორმით გათვალისწინებულ არსებით პირობებზე. ამავე კოდექსის 68-ე მუხლით გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, ხოლო 59-ე მუხლის პირველი ნაწილით ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაგებელში მითითებული სასესხო ხელშეკრულების შუამავლობის დამტკიცება პ. ს.-ას ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც მან ვერ შეძლო კანონით დადგენილი წესით.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლო თანხის ს.-ასათვის სესხად გადაცემის ფაქტი მხოლოდ მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებებით დაადგინა, რაც სკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს სასესხო ვალდებულების წარმოშობისათვის. აღნიშნული გარემოების დადგენისას სასამართლო დაეყრდნო, როგორც მოსარჩელის განმარტებას, ასევე თვით მოპასუხე ს.-ს აღიარებას მოსარჩელეებისაგან სადავო თანხის მიღების შესახებ. სესხის გარდა, აღნიშნული თანხის რაიმე სხვა მიზნით მიღებას კასატორი ვერ ასაბუთებს.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა პ.ს.-ას განმარტება 140 აშშ დოლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაბრუნების შესახებ. სკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი მტკიცებულების წარმოდგენა და, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების კანონით დადგენილი წესით დასაბუთება კასატორმა ვერ შეძლო.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 249-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზისა და სწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პ. ს.-ას წარმომადგენლის _ ე. ლ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
კასატორს დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის ¹220101107 კოდით, მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹507121303 ანგარიშზე საბიუჯეტო შემოსავლების ¹3114 სახაზინო კოდით სახელმწიფო ბაჟის _ 16 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.