Facebook Twitter

ას-130-436-04 28 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ლ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ქ.ო-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 1999წ. 22 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხესთან გააფორმა ქუთაისში, ..., მდებარე თავისი კუთვნილი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, იმ პირობით, რომ მოპასუხე მოუვლიდა მას გარდაცვალებამდე, გარდაცვალების შემდგომ კი ბინა მოპასუხის საკუთრებაში დარჩებოდა. თავდაპირველად მოპასუხე კარგად ექცეოდა, ხოლო შემდეგ აღარ უვლიდა, მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, რის გამოც მას შეუძლებლად მიაჩნია მათი ურთიერთობის გაგრძელება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, თავის მხრივ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მ. ლ-ს სადავო ბინიდან გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა შეიძინა 2200 ლარად, მ. ლ-ს დაუთმო ბინა მანამ, სანამ იგი შეიძენდა სხვა ბინას. მოპასუხის განცხადებით, მათ შორის არ შემდგარა გარიგება სამისდღეშიო რჩენის შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ.ლ-ს სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის 1999წ. 22 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ქ. ო-ის შეგებებული სარჩელი სადავო ბინიდან მოსარჩელის გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ო-ემ.

ნოტარიუსის განმარტების, საქმის მასალების, მოწმეთა განმარტებების, ქ.ო-ის მიერ პოლიციის უფროსის სახელზე შედგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მხარეებმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით დაფარეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 56-ე, 949-ე მუხლები და 2003წ. 21 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ო-ემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, ასეე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 949-ე მუხლი, სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნას და სამისდღეშიო ხელშეკრულებაც ცნო ბათილად, კასატორის განცხადებით, მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. მისი განმარტებით, თუ სასამართლო ნასყიდობის ხელშეკრულებას არ ცნობს ბათილად, იგი არ გამოასახლებს მ.ლ-ს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ მ.ლ- არის მარტოხელა პენსიონერი და პირველი ჯგუფის ინვალიდი. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ცხოვრობდა სადავო ბინაში და თვითონ იხდიდა გადასახადებს. სააპელაციო პალატამ უბნის ინსპექტორის, ნოტარიუსის, მოსარჩელის, მ. ლ-ს მეზობლების ჩვენებებისა და თავად ქ. ო-ის მიერ პოლიციის უფროსის სახელზე შედგენილი წერილის განხილვის შედეგად დადგენილად ცნო, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით მხარეებმა დაფარეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საალდებულოა სასამართლოსთვის, ვინაიდან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებები სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რის შედეგადაც გამოიტანა სწორი დასკვნა.

სკ-ის 941-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა, გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).

ამავე კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

აღნიშნული ნორმების თანახმად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან, პირველ რიგში, განსხვავდება სუბიექტური შემადგენლობის მიხედვით. ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები არიან მყიდველი და გამყიდველი, ხოლო სამისდღეშიო ხელშეკრულების მხარეები – მარჩენალი და სარჩენი.

მეორე რიგში, მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაყიდ ნივთზე წარმოეშობა საკუთრების უფლება და შეუძლია, ნაყიდი ნივთი განკარგოს თავისი შეხედულებისამებრ, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით კი სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირავოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.

მესამე რიგში, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ერთ-ერთი თავისებურება მდგომარეობს, აგრეთვე, იმაში, რომ იგი არის სასყიდლიანი და მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით, მაგრამ იგი არსებითად არ მოიცავს ისეთ პირობას, როგორიცაა ფასი და ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით არ ხასიათდება გადასაცემი ქონების ეკვივალენტურობით. სარჩოს ოდენობა, რომელსაც სარჩენი ღებულობს მარჩენალისაგან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისათვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება მნიშვნელოვნად გადააჭარბოს კიდევაც ქონების ღირებულებას (რაც აიხსენება იმით, რომ რჩენა განსაზღვრულია სარჩენის სიცოცხლის ვადით, თუმცა მხარეები შეიძლება განსაზღვრულ დროზეც შეთანხმდნენ).

მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორ ქ.ო-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარეთა განზრახვა და სურვილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, რადგან დადგენილია, რომ ქ.ო-ეს არ ჰქონდა მოსარჩელის გარდაცვალებამდე ბინის განკარგვის უფლება, მოპასუხეს უნდა ეპატრონა მოსარჩელისათვის გარდაცვალებამდე და მოპასუხეს არ გადაუხდია შეთანხმებული ფასი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სხვა გარიგება, რაც სკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარიგების ბათილობის საფუძველია. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები.

სკ-ის 949-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშერულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.

მითითებული ნორმის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ უარი თქვან ანუ მოშალონ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. სააპელაციო პალატამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში სკ-ის 949-ე მუხლის გამოყენების საფუძველზე მიუთითა, რომ სამისდღეშიო ხელშეკრულება ბათილია, რაც არასწორია. მაგრამ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან სასამართლომ გამოიყენა ხელშეკრულების მოშლის შესახებ ნორმა, ამასთან, განჩინების სარეზოლუციო ნაწილით უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნას და ბათილად ცნო სამისდღეშიო ხელშეკრულება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 21 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.