საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1019აპ-20 17 ივნისი, 2021 წელი
ა-ე ზ., 1019აპ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენით ზ. ა-ე, – დ-ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2. 2020 წლის 11 მარტს, თ-ი, გ-ში ყოფნისას, ზ. ა-ემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, გ. გ-ისა და ა. მ-ისაგან ნაქირავები „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ---) უკანა და წინა ფარები, ჰიბრიდული ელემენტები და ე.წ. „აბეესის“ ბლოკი, რითაც დაზარალებულებს – გ. გ-სა და ა. მ-ს მიაყენა 4300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. აღნიშნული ქმედებისათვის ზ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი; მასვე დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ზ. ა-ისათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორი – თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი როინ ხინთიბიძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ზ. ა-ისათვის შეფარდებული სასჯელი უსამართლოა და ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ზ. ა-ისათვის სამართლიანი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ. ა-ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რის შესახებაც პალატა დამატებით აღარ იმსჯელებს, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რასაც არც ბრალდების მხარე ხდის სადავოდ.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ. ა-ისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს სრულყოფილად უნდა შეაფასოს არა მხოლოდ მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, არამედ – ჩადენილი დანაშაულის სახე და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის მოცულობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი თანაბრად პასუხობდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ ყველა მიზანს, როგორც დამნაშავის რესოციალიზაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ისე – სამართლიანობის აღდგენას.
4. მსჯავრდებულ ზ. ა-ისათვის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.
5. სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები; ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის აზრით, მხოლოდ დანაშაულის აღიარება, ნასამართლობის არქონა და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა არ არის საკმარისი მსჯავრდებულ ზ. ა-ისათვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის – 2000 ლარი ჯარიმის განსაზღვრისათვის. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
6. საკასაციო პალატა, მართალია, დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევს მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან თავის არიდებას, მაგრამ მხედველობაში იღებს, რომ ზ. ა-ემ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი მძიმე დანაშაული, რის შედეგადაც არსებითად დაზიანდა დაზარალებულთა ინტერესები, რომლებიც ითხოვენ ზ. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებას, რასაც მსჯავრდებული გულგრილად ეკიდება. ჯარიმა ვერ გამორიცხავს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, გააცნობიეროს თავისი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და არ წარმოადგენს მასზე ზემოქმედების იმ ფორმას, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს სასჯელის მიზნების რეალურად განხორციელება, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული ჯარიმა – 2000 ლარი – უნდა შეიცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, რაც, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, უნდა იყოს მინიმალური – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
7. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულების თანხმობა მსჯავრდებულ ზ. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება ზ. ა-ისათვის განსაზღვრულ სასჯელზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ზ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ზ. ა-ეს დამატებითი სასჯელის სახით 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება;
5. მსჯავრდებულ ზ. ა-ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან;
6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზ. ა-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია;
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი