Facebook Twitter

ას-13-312-04 11 მაისი, 2004 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 26 ივლისს მ., ზ. და ვ. ნ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების _ მ. გ-ისა და ქ.ქობულეთის ნოტარიუსი კახიძის მიმართ ანდერძის ბათილად ცნობისა და ძველი ანდერძის ამოქმედების თაობაზე. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ქ.ქობულეთში, ... მდებარე ბინა საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მ. ნ-ის მამიდის _ ე. ქ-ის სახელზე, რომლის 1992წ. 16 ივლისის სანოტარო წესითG დამოწმებული ანდერძის თანახმად, იგი აპირებდა, მთელი თავისი ქონება ეანდერძა მ. ნ-ის შვილების _ ზ. და ვ. ნ-ებისათვის. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ისინი მატერიალურად ეხმარებოდნენ ე.ქ-ეს, რომელიც შემოდგომასა და ზამთარს მათთან ერთად, ქ.თბილისში, ხოლო გაზაფხულსა და ზაფხულს _ ქ.ქობულეთში ატარებდა. მოსარჩელეთა მითითებით, 2000წ. 25 აპრილს მათ ესტუმრათ ე. ქ-ის მეზობელი მ. გ-ე და შესთავაზათ ე.ქ-ის მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ, მისი კუთვნილი ბინის მ.გ-ის სახელზე გადაფორმება, რაზეც უარი მიიღო. იმავე წლის 26 აპრილს მ. ნ-მა ქ.ქობულეთში ჩააკითხა მამიდას და შეატყობინა მ.გ-ის წინადადების შინაარსი. ე.ქ-ემ, რომლის ჯანმრთელობა მისი ასაკისათვის დამაკმაყოფილებელი იყო, მეზობლის შემოთავაზება უარყო და მოსარჩელეს სთხოვა შემოდგომამდე ქ.ქობულეთში დაეტოვებინა. 2000წ. 1 ივლისს ე. ქ-ე გარდაიცვალა. მოსარჩელეთა განმარტებით, მათთვის მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამავე წლის 28 აპრილს ე.ქ-ეს შეუდგენია ახალი ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი ქონება გადაუცია მ. გ-ისათვის. მხარის განმარტებით, მოანდერძე ანდერძზე ხელს პირადად არ აწერს, რის საფუძვლადაც მითითებულია ე. ქ-ის უსინათლობა. ამასთან, ანდერძი შეადგინა და წაიკითხა ქ.ქობულეთის ნოტარიუსმა კ-ემ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს 2000წ. 28 აპრილს შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა და 1992წ. 16 ივლისის ანდერძის ძალაში დატოვება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დარჩა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 13 ივნისის განჩინებით საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილევლად.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში აღნიშნული დავის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2003წ. 24 ივნისს 11.00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა სასამართლო სხდომაზე არც მ. გ-ე და არც ნოტარიუსი კ-ე არ გამოცხადებულან. მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა აპელანტი მხარის წარმომადგენელმა ნ.ტ-ემ, რომელმაც განმარტა, რომ სასამართლოში დროულად გამოცხადდა, თუმცა შენობის დაცვამ იგი არ შეუშვა. სხდომის ჩატარების შესახებ კი მოგვიანებით შეიტყო, კერძოდ, სასამართლოს ეზოში მოწინააღმდეგე მხარის ნახვის შემდეგ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 241-ე, 233-ე და 102-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ 2003წ. 24 ივნისის სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ მტკიცებულება აპელანტმა მხარემ ვერ წარმოადგინა, ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ნ.ტ-ე დროულად გამოცხადდა პროცესზე, თუმცა შენობაში არ შეუშვეს, რადგან მ.ნ-ისა და მისი წარმომადგენლის დ.ჯ-ის განმარტებით, ისინი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ 10.30 საათზე, სხდომის დაწყებამდე დაუბრკოლებლივ შევიდნენ შენობაში, ხოლო სხდომა გაიხსნა 11.30 საათზე, ვინაიდან პალატა ელოდა აპელანტების გამოცხადებას. პოლიციის მუშაკის _ ო. ზ-ის ახსნა-განმარტების თანახმად, მ.გ-ე, თავის წარმომადგენელთან ერთად, დაახლოებით 12.00 საათისთვის იდგა სასამართლოს ეზოში, ხოლო შემდეგ უწყების ჩვენებისთანავე, დაუბრკოლებლად შევიდა შენობაში, ნოტარიუსი კ-ეც გამოცხადდა 12.00 საათის დასაწყისში და ასევე შევიდა სასამართლო შენობაში. სააპელაციო პალატისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში კ-ემ მიუთითა, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფრთხილებულ იქნა სხდომის თარიღის შესახებ, გამოცხადდა 12.00 საათზე და პირველ სართულზე ელოდა მ.გ-ესა და ნ.ტ-ეს.

ზემოხსენებული, განჩინება მ. გ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა მოცემული საქმე განიხილეს ტენდენციურად. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა საჩივარში მითითებული გარემეობა იმის შესახებ, რომ სადავო სხდომის დღეს მ.გურგენიძის წარმომადგენელი ნ.ტ-ე სასამართლო შენობის დაცვამ დროულად არ შეუშვა შენობაში, რითაც მხარეს პროცესში მონაწილეობის ყოველგვარი შესაძლებლობა მოესპო. კასატორის მითითებით, განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებანი არასათანადოდაა გამოკვლეული და საჭიროა საქმის არსებითად განხილვა. ამდენად, კასატორმა მოითხოვა უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შედეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის «ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი საკასაციო სასამართლო აუქმებს კანონის დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უგზავნის იმავე სასამართლოს.

დადგენილია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 20 ოქტომბრის განჩინებით ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2003წ. 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 241-ე მუხლზე და დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან დადგინდა აპელანტის სხდომაზე არასაპატიოდ გამოუცხადებლობის ფაქტი, კერძოდ, მ.გ-ისა და მისი წარმომადგენლის არგუმენტი სასამართლოში დანიშნულ დროზე სასამართლოს დაცვის მუშაკთა მხრიდან დაბრკოლების შექმნის გამო გამოუცხადებლობის შესახებ, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით გაბათილებული აქვს მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მ. ნ-ის, მისი წარმომადგენლის _ დ. ჯ-ისა და სასამართლოს დაცვის მუშაკის _ ო. ზ-ის ჩვენებებით.

ზემოხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მ.გ-ე ამტკიცებდა რა, სასამართლოს დაცვის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო სასამართლო სხდომაზე მის გამოუცხადებლობას, აღნიშნულთან დაკავშირებით ამავე დაცვის მუშაკის მიერ მიცემული ჩვენება უტყუარად ვერ იქნება მიჩნეული. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებაში ისინი დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ და მხოლოდ მათ განმარტებებზე დაყრდნობით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დანამდვილებით არსებობის დადგენა არ შეიძლება.

ამდენად, სასამართლოს სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სრულად და ობიექტურად არ გამოუკვლევია მტკიცებულებები აპელანტთა არასაპატიოდ გამოუცხადებლობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით და საქმის მასალებით სასამართლო სხდომაზე მხარის დროულად გამოუცხადებლობის ხელისშემშლელი გარემოების არარსებობა დასაბუთებული არ არის. მითითებული გარემოება სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების არსებობაზე მიანიშნებს, რაც ამავე კოდექსის 241-ე მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საქმის მასალებით და თვით გასაჩივრებული განჩინებითაც დგინდება, რომ მხარე და მისი წარმომადგენელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოცხადების დროს სასამართლოს შენობაში იმყოფებოდნენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ოქტომბრის განჩინება, ამავე სასამართლოს 2003წ. 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.