Facebook Twitter

¹ბს-1315-891(2კ-05) 31 ოქტომბერი, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ლ. ჭანტურია

კასატორი _ 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი გ. ქ.-ი (მოპასუხე); 2. შპს «ო», წარმომადგენელი თ. ლ.-ე (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. მ.-ე, ც. ა.-ა, ლ. ფ.-ე (არ გამოცხადდა), სხვები

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.

დავის საგანი _ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების კანონმდებლობასთან შესაბამისობის ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1993 წლის 3 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ტყიბულის ზონის ...-ის ... ქარხანამ მოპასუხეების _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის ტყიბულის საქალაქო განყოფილების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. ტყიბულის სახელმწიფო ქონების მართვის რაიონული განყოფილების კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის ბათილად ცნობა;

ბ. სოფ. ...-ის ... ქარხნის იჯარით გაცემისა და მისი გამოსყიდვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადასტურებულად ცნობა;

გ. სახელმწიფო ქონების მართვის ტყიბულის ტერიტორიული განყოფილებისათვის იჯარით აღებული სახელმწიფო ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დავალება (ტ.1, ს.ფ. 2-4).

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1993 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დადასტურებულად იქნა ცნობილი ქ. ტყიბულის ზონის ...-ის ... ქარხნის იჯარით გაცემისა და მისი გამოსყიდვის შესაბამისობა მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან, სახელმწიფო ქონების მართვის ქ. ტყიბულის ტერიტორიულ განყოფილებას დაევალა სოფ. ...-ის ... ქარხნის კოლექტივზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა (ტ.1, ს.ფ. 114).

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1993 წლის 15 დეკემბრის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის 1995 წლის 20 ნოემბრის წარდგინების საფუძველზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით და სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 165-169, 176-178).

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება ძალაში ძალაში იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს საზედამხედველო კოლეგიის 1996 წლის 8 აგვისტოს ¹8/52 დადგენილებით (ტ.1, ს.ფ.192-197).

2001 წლის 9 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებით მიმართა ყოფილი შპს «...-ის» დამფუძნებელთა რწმუნებულმა მუხრან ტ.-მა. განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებისა და საზედამხედველო კოლეგიის 1996 წლის 8 აგვისტოს დადგენილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1993 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

განცხადების საფუძვლები შემდეგში მდგომარეობდა:

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებაში მითითებული საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის 1995 წლის 20 ნოემბრის წარდგინება დაეყრდნო სისხლის სამართლის ¹4695811 ახლად აღძრულ საქმეს, რომელზედაც გამოძიება დამთავრდა ამ წარდგინების შედგენიდან 3 წლის შემდეგ და საქმე შეწყდა წარმოებით. დღეისათვის მათთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები, რომელთა საქმის განხილვისას ცოდნის შემთხვევაში დადგებოდა მათთვის სასურველი შედეგი. სისხლის სამართლის ¹4695811 საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მათი საჩივრის საფუძველზე გენერალური პროკურორის 2000 წლის 13 ნოემბრის დადგენილებით აღძრული საქმის წარმოება დაევალა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურას, რომლის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გენერალურმა პროკურორმა 2001 წლის 13 ივლისს დაამტკიცა დასკვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ¹4695811 სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვის შესახებ და რომლის საფუძველზეც გენერალურმა პროკურორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა წარდგინებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების მოთხოვნით. გენერალური პროკურორის აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია 1995 წლის 20 ნოემბრის წარდგინებაში მითითებული გარემოებების საპირისპირო ფაქტები.

განმცხადებელმა სასამართლოს წარუდგინა საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ 2001 წლის 13 ივლისს დამტკიცებული დასკვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ¹4695811 სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვის აუცილებლობის შესახებ (ტ.2, ს.ფ.2-9, 16-32).

აღნიშნული განცხადება ქვემდებარეობით განსახილველად გადაეცა ტყიბულის რაიონულ სასამართლოს.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 აპრილის განჩინებით ყოფილი შპს «...-ის» დამფუძნებლების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა, საქმის წარმოება განახლდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» და «ვ» ქვეპუნქტების საფუძველზე (ტ.2, ს.ფ.338-340).

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს «ო.-ა» (ტ.2, ს.ფ. 246-247).

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1990 წლის 1 სექტემბერს დაიდო საიჯარო ხელშეკრულება ...-ის ... ქარხნის იჯარით გადაცემის შესახებ ტყიბულის აგროსამრეწველო გაერთიანებასა და ამავე ქარხნის შრომით კოლექტივს შორის. უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1993 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადასტურებულად იქნა ცნობილი ...-ის ... ქარხნის იჯარით გაცემისა და მისი გამოსყიდვის შესაბამისობა მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტყიბულის ტერიტორიულ განყოფილებას დაევალა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა. რესპუბლიკის პროკურატურის წარდგინების სააფუძველზე უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც იმავე სასამართლოს საზედამხედველო კოლეგიის 8 აგვისტოს დადგენილებით ძალაში დარჩა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმდა ...-ის ... ქარხნის იჯარა-გამოსყიდვა, ქარხანა გადაეცა სახელმწიფოს და დღეისთვის ამ ქონებაზე დაფუძნებულია დამოუკიდებელი იურიდიული პირი შპს «ო.-ა.»

რაიონული სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეების _ გ. მ.-ის, ე. წ.-ის, მ. ნ.-ის, ლ. ფ.-ის, ნ. ქ.-ის, ჯ. ნ.-ის, ც. ა.-ას და სხვათა სარჩელის საფუძველზე ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა ტყიბულის ...-ის ... ქარხნის იჯარა-გამოსყიდვისათვის გადახდილი თანხის _ 84148 აშშ დოლარის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის და 331.18 აშშ დოლარის საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში.

იმ მოტივით, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას აქვს პრეიუდიციული ძალა და ამ გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტებს დადასტურება აღარ სჭირდება, სასამართლომ არ გაიზიარა მესამე პირ შპს «ო.-ის» მოსაზრება იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების არარსებობის შესახებ, რადგან ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი დადგენილად იყო მიჩნეული. რაც შეეხებოდა აღნიშნული ქარხნის იჯარით გაცემისა და მისი გამოსყიდვის მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის დადასტურების მოთხოვნას, რაც მოსარჩელე მხარეს საკუთრების უფლების მოსაპოვებლად სჭირდებოდა, სასამართლომ იგი არ დააკმაყოფილა სარჩელის განხილვის დროისათვის საქმის გარემოებათა შეცვლის მოტივით, კერძოდ, რომ აღნიშნულ ქონებაზე ამჟამად დაფუძნებულია კერძო სამართლის იურიდიული პირი შპს «ო.-ა,» რომლის რეგისტრაციის გაუქმება მხარეს არ მოუთხოვია.

რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს აღნიშნული ქარხნის იჯარით გაცემისა და მისი გამოსყიდვის საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის აღიარების კანონიერი ინტერესი აღარ გააჩნდათ, რადგან აღნიშნული აღიარება სჭირდებოდათ ქარხნის მესაკუთრის უფლების მოსაპოვებლად, ხოლო დღეის მდგომარეობით იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის მიზნით გადახდილი თანხა მათ დაბრუნებული ჰქონდათ.

რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე განცხადებით მეორე მხარეს წარმოეშვა უკვე შესრულებულის უკან დაბრუნების ვალდებულება, რაც დაევალა კიდეც სასამართლო წესით. ამასთან, მოსარჩელეებს ჰქონდათ უფლება, არ გასულიყვნენ ხელშეკრულებიდან, სამოქალაქო კოდექსი კი ხელშეკრულებიდან ნაწილობრივ გასვლას არ ითვალისწინებდა (ტ.3, ს.ფ.94-99).

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ფ.-ის წარმომადგენელმა ქ. ჭ.-მა და ნ. მ.-მ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და 1993 წლის 1 დეკემბრის სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტების მითითებით, გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილით დგინდებოდა, რომ საქმეზე არ არსებობდა მოპასუხე, ვინაიდან საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა იმ დროს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დღეს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა კი პროკურატურას არ მიიჩნევდა მხარედ და საქმეზე უნდა შეწყვეტილიყო წარმოება, რაც სასამართლოს არ განუხორციელებია.

აპელანტების აზრით, სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპი, თვითონ იკისრა მოპასუხის რიგი უფლებები და მოპასუხის მაგივრად მოსარჩელეს მიაკუთვნა მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის აღიარების უფლება, რომელიც მათ არ მოუთხოვიათ.

რაც შეეხებოდა მათ მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნას, ასეთს ადგილი არ ჰქონია. თუ დადგინდებოდა 1996 წლის 3 აპრილის არბიტრაჟის გადაწყვეტილების არაკანონიერება, მათი მხარე დააბრუნებდა ქარხნის მიღებულ ღირებულებას, ვინაიდან აღნიშნული ღირებულების ანაზღაურება მოხდა 1996 წლის 3 აპრილის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული განეკუთვნებოდა ცალკე საკითხს და სასამართლოს მასზე არ უნდა ემსჯელა. შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის 2003 წლის 2 ოქტომბრის დადგენილებით და ამ დადგენილებამდე არსებული საგამოძიებო და სასამართლო მასალებით დასტურდებოდა, რომ ქარხნის გაიჯარებისა და გამოსყიდვის საბუთებში სიყალბეს ადგილი არ ჰქონია. აპელანტების მითითებით, სასამართლომ არ იმსჯელა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოთხოვნაზე, კერძოდ, უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1993 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. ასევე, მათი თანდასწრებით არ მომხდარა სასამართლო პროცესზე კერძო სამართლის იურიდიულ პირ შპს «ო.-ის» დაფუძნების შესახებ დოკუმენტის წარმოდგენა და მათ მსჯელობაც ვერ ექნებოდათ მის გაუქმებაზე (ტ.3, ს.ფ.112-117).

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას აპელანტების წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააზუსტა და განმარტა, რომ სადავო ობიექტი მის მარწმუნებლებს არა სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის წესით ჩამოართვეს. მათი განხილვის საგანი სააპელაციო საჩივართან ერთად არის 1993 წლის 1 დეკემბრის სასარჩელო განცხადება სოფელ ...-ის ... ქარხნის იჯარით გაცემის და მისი გამოსყიდვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ნაწილში. საბოლოოდ მოითხოვეს ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და 1993 წლის 1 დეკემბრის სარჩელის დაკმაყოფილება (ტ.3, ს.ფ.144).

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა, ნ. მ.-ის და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა და დადასტურებულად იქნა ცნობილი მოსარჩელეების მიერ ...-ის ... ქარხნის იჯარით გაცემისა და მისი გამოსყიდვის კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმ ნაწილში, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებას აქვს პრეიუდიციული ძალა და მასში დადგენილად მიჩნეულ ფაქტებს დადასტურება აღარ სჭირდება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო რაიონული სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს საქმის განხილვის დროისათვის საქმის გარემოებების შეცვლის გამო, ვინაიდან აღნიშნულ ქონებაზე ამჟამად კერძო სამართლის იურიდიული პირია დაფუძნებული, რომლის რეგისრტაციის გაუქმებასაც მხარე არ მოითხოვს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც მიუთითა, რომ მოსარჩელეებს აღნიშნული ქარხნის იჯარით გაცემისა და მისი გამოსყიდვის საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის აღიარების კანონიერი ინტერესი აღარ გააჩნდათ და მათ ეს სჭირდებოდათ ქარხნის მესაკუთრის უფლების მოსაპოვებლად, რაც დავის საგანი არ იყო.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეებს აქვთ ქარხნის იჯარით გაცემისა და მისი გამოსყიდვის საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის აღიარების ინტერესი. აღნიშნული გარემოება კი დადგენილად არის მიჩნეული ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. თავისთავად, მოსარჩელეების სარჩელის დაკმაყოფილება არ გულისხმობს ქარხნის ქონებაზე მათ მესაკუთრედ ცნობას, მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში მომავალში თუ რა უფლებებს მიანიჭებს მოსარჩელეებს, დავის საგანი და სარჩელზე უარის თქმის საფუძველი არ არის.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომ ვაკე-საბურთალოს 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეები გავიდნენ ხელშეკრულებიდან. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული არ გამომდინარეობდა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა მსჯელობას იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. შესაბამისად, მცდარი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ (ტ.3, ს.ფ. 150-157).

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს «ო.-მა» და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

კასატორი შპს «ო.» თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ იგი სასამართლო პროცესზე არ ყოფილა მიწვეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც ამავე კოდექსის 394-ე მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად კასაციის აბსოლუტური საფუძველი იყო. კასატორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის არასწორი განმარტების საფუძველზე დაასკვნა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტი და აღნიშნული გადაწყვეტილების პრეიუდიციული ძალიდან გამომდინარე, ეს ფაქტი მოსარჩელის მხრიდან მტკიცებას არ საჭიროებს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლს. ამ შემთხვევაში საქმეებში არ მონაწილეობდნენ იგივე მხარეები, 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ განხილულ დავაში კი მოპასუხეები სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტყიბულის სამმართველო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და მესამე პირი შპს «ო.» იყვნენ. შესაბამისად, 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები ხელახალი მტკიცების საგანი უნდა გამხდარიყო.

სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არაფერია ნათქვამი იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაუქმებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა თანხის უკან დაბრუნების მოტივით იჯარის ხელშეკრულების გაუქმებაზე უსაფუძვლოა, კასატორი არ დაეთანხმა. მისი მოსაზრებით, ის გარემოებები და ფაქტები, რამაც 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი განსაზღვრა და დაფიქსირდა გადაწყვეტილების მოტივაციაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად ატარებდა პრეიუდიციულ მნიშვნელობას, თუმცა აღნიშნულით სააპელაციო სასამართლო არ დაინტერესდა და შესაბამისად, ვერ დაასაბუთა თავისი მოსაზრება სადავო ხელშეკრულების შეწყვეტა-არსებობასთან დაკავშირებით (ტ.3, ს.ფ. 171-173).

კასატორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ ... ქარხნის იჯარით გაცემისა და მისი გამოსყიდვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადასტურებისას არ გამოიკვლია და არ შეისწავლა საწარმოს იჯარაზე გასვლის, მოიჯარეთა ორგანიზაციის შექმნის, მის მიერ საწარმოს გამოსყიდვის კანონიერების საკითხი და მისი შესაბამისობა «სსრკ და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების შესახებ» კანონის მოთხოვნებთან. სასამართლომ გადაწყვეტილების ერთადერთ საფუძვლად 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების პრეიუდიციულ ძალაზე მიუთითა, თითქოსდა, ამ გადაწყვეტილებით დადგენილად არის ცნობილი ...-ის ... ქარხნის იჯარით გაცემისა და გამოსყიდვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. კასატორის აზრით, არასწორი იყო სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა, რადგან ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს დავის საგანს წარმოადგენდა არა ...-ის ... ქარხნის კოლექტივის იჯარაზე გადასვლისა და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობის განხილვა, არამედ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს მიმართ 1990-94 წლებში ტყიბულის ...-ის ... ქარხნის იჯარა-გამოსყიდვისათვის გადახდილი თანხის მოიჯარეთათვის დაბრუნება. ამდენად, ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს არ უმსჯელია და არც შეეძლო ემსჯელა ...-ის ... ქარხნის კოლექტივის იჯარაზე გადასვლასთან დაკავშირებულ გარემოებებსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი, რადგან განსახილველ საქმეში სხვა მხარეები იყვნენ წარმოდგენილი. სასამართლომ შეფასება არ მისცა მოიჯარეთათვის თანხების დაბრუნების ფაქტს, რის საფუძველზეც ყველა ურთიერთობა სახელმწიფოს (მეიჯარეს) და აპელანტებს (მოიჯარეს) შორის გაუქმდა და მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას არეგულირებს.

კასატორის აზრით, ასევე არ არის გარკვეული, თუ რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ მოსარჩელეები 1993 წლის სასარჩელო განცხადების საპროცესო უფლებამონაცვლეებად, რადგან 1993 წლის სასარჩელო განცხადება საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილი იყო ტყიბულის ზონის ... ქარხნის მიერ, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის შემცირება, შეცვლა თუ მის განხილვაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ტყიბულის ზონის ... ქარხნის კანონიერ უფლებამონაცვლეს, ასეთად კი ქ. ჭ.-ის, ნ. მ.-ისა და ლ. ფ.-ის მიჩნევა არ შეიძლებოდა (ტ.3, ს.ფ.174-177).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არ ემყარება საქმის მასალებს, კანონის სწორ განმარტებასა და გამოყენებას, რის გამოც გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო საფუძვლები სახეზეა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მოითხოვს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ემყარებოდეს საქმის მასალებს და შეიცავდეს მათი სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოტანილ თანმიმდევრულ დასკვნებს (მუხ.105, 249). აღნიშნული გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილების ყოველმხრივ დასაბუთებულობას, მათ შორის, განსაკუთრებით, სასამართლოს მიერ დავის საგანთან მიმართებაში სარეზოლუციო ნაწილში დადგენილი დასკვნების თაობაზე არგუმენტირებული მსჯელობის არსებობას სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად არამოტივირებულია. აღნიშნული გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს როგორც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგობის, ისე სარჩელის საფუძვლიანობისა და კანონშესაბამისობის დამასაბუთებელ არგუმენტებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კრიტიკით, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას. საქმეზე სარჩელის დავის საგანია ...-ის ... ქარხნის იჯარით გაცემისა და მისი გამოსყიდვის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა დავა არსებითად, რომ სარჩელის მოთხოვნასთან მიმართებაში არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები და არ მოუხდენია მათი სამართლებრივი შეფასება, არ მიუთითებია, კონკრეტულად, რომელი კანონის რომელი ნორმის თანახმად მიიჩნია იჯარა-გამოსყიდვა განხორციელებულად, არ შეუმოწმებია იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების შესრულების საკითხი. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არის გარკვეული მხარეთა შემადგენლობა, კერძოდ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების ავტორთა პროცესუალური სტატუსისა და მოსარჩელის საკითხი.

სარჩელი, რომელზეც წარმოება განახლდა, აღძრულია ქ. ტყიბულის ზონის ...-ის ... ქარხნის სახელით. სარჩელს ხელს აწერს სოფ. ...-ის საიჯარო ... ქარხნის საიჯარო საბჭოს თავმჯდომარე მ. დოღონაძე. საქმეში არსებული «ქ. ტყიბულის ზონის ...-ის ... ქარხნის საიჯარო საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ» ტყიბულის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 12 ოქტომბრის ¹558 გადაწყვეტილების 1 პუნქტის თანახმად, საიჯარო საწარმო წარმოადგენდა იურიდიულ პირს (ტ.1, ს.ფ.43); ...-ის საიჯარო ... ქარხნის წესდების 4.3 მუხლის თანახმად, საიჯარო ქარხანას ყველა საწარმოსა და ორგანიზაციაში წარმოადგენდა დირექტორი; ამავე წესდების 5.1. და 5.2 მუხლების თანახმად, შრომითი კოლექტივის საერთო კრებებს შორის პერიოდში შრომითი კოლექტივის უფლებამოსილებებს ახორციელებდა მოიჯარეთა საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქარხნის დირექტორი (ტ.1, ს.ფ. 53, 56). ამდენად, თავის დროზე სარჩელი აღიძრა ...-ის ... ქარხნის, როგორც იურიდიული პირის მიერ, თავისი სახელით.

განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილია ყოფილი შპს «...-ის» დამფუძნებელთა სახელით წარმომადგენელ მ. ტ.-ის მიერ. ამასთან, საქმეზე არ არის დადგენილი განმცხადებელთა კონკრეტული წრე. პირველი ინსტანციის სასამართლოში განცხადების განხილვისას წარდგენილია შემდეგი პირების მიერ მ. ტ.-ის სახელზე გაცემული რწმუნებულებების მხოლოდ ასლები: მ. ნ.-ი, ჟ. კ.-ი, ნ. ქ.-ე, გ. რ.-ი, ჯ. ნ.-ი, ც. ა.-ა, ლ. გ.-ე როგორც ი. ჯ.-ს მემკვიდრე, ლ. ფ.-ე, ნ. მ.-ე, ი. მ.-ე, ი. მ.-ე. საქმეზე არ არის გამორკვეული, თუ რომელი პირების სახელით შეიტანა განცხადება მ. ტ.-მა და ყველა მათგანი წარმოადგენდა თუ არა შპს «...-ის» დამფუძნებელს. საქმეში არსებული შპს «...-ის» წესდების თანახმად, მის დამფუძნებელთა შორის არ ფიგურირებენ მ. ნ.-ი, ი. ჯ.-ა ან ლ. გ.-ე, ნ. მ.-ე, ი. მ.-ე, ი. მ.-ე. ლ. გ.-ის, როგორც ი. ჯ.-ს მემკვიდრის თაობაზე რაიმე მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, ამასთან, აღნიშნული რწმუნებულება გაცემულია მხოლოდ 2001 წლის 25 იანვრამდე და ამდენად, განცხადების შეტანის დროისათვის ვადაგასული იყო (ტ. 2, ს.ფ.171-183, 188-192).

გარდა იმისა, რომ საქმეზე არ არის გარკვეული განმცხადებელთა კონკრეტული წრე, ასევე არ არის გარკვეული განცხადების შეტანაზე მათი უფლება, რაც არსებითია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დასაშვებობისათვის. საქმის მასალების თანახმად, განმცხადებლებს აქვთ მოსარჩელეობის პრეტენზია, რაც არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» და «ვ» ქვეპუნქტების საფუძველზე საქმის წარმოების განახლება შეიძლება მოითხოვოს საქმეში მონაწილე მხარემ ან მისმა უფლებამონაცვლემ; ამ საფუძვლით საქმეზე წარმოების განახლების შემთხვევაში საქმის განხილვა გრძელდება მასში მონაწილე მხარეთა შემადგენლობით. მოცემულ საქმეზე კი მითითებული ნორმების საფუძველზე ისე განახლდა წარმოება და მ. ტ.-ის მარწმუნებელი ყოფილი დამფუძნებლები ისე ავტომატურად ტრანსფორმირდნენ მოსარჩელეებად, რომ არ გარკვეულა განცხადების შეტანის დროისათვის ვინ იყო ყოფილი ...-ის ... ქარხნის უფლებამონაცვლე, შეიძლებოდა თუ არა მ. ტ.-ის მარწმუნებლები მიჩნეულიყვნენ ასეთად და ჩაბმულიყვნენ მის ნაცვლად საქმეში მოსარჩელის სტატუსით.

შპს «...-ის» წესდების 1.3 პუნქტის თანახმად, შპს «...-ი» დაფუძნებულია საიჯარო საწარმო «...-ის» ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს. სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, განცხადების შეტანის დროისათვის _ 2001 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით თუ არსებობდა შპს «...-ი» ან მისი უფლებამონაცვლე სხვა იურიდიული პირი, თუ შეიძლებოდა მისი ყოფილი პარტნიორები განხილულიყვნენ როგორც ...-ის ... ქარხნის უფლებამონაცვლეები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოარკვია, თუ რომელი კონკრეტული პირების სარჩელი განიხილა რაიონულმა სასამართლომ, ვისი სარჩელსიგანიხილა თავად და დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ზოგადად მიუთითებს: «ნ. მ.-ის და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდეს...»

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იმსჯელოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო წარმომადგენელ მ. ტ.-ის განცხადების დასაშვებობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, უწინარეს ყოვლისა, უნდა გამოარკვიოს საკითხი, შემოტანილია თუ არა განცხადება უფლებამოსილი პირების მიერ და დასაშვებია თუ არა იგი, არიან თუ არა განმცხადებლები უფლებამოსილი სუბიექტები, მოითხოვონ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილი აქვთ ლ. ფ.-ის წარმომადგენელ ქ. ჭ.-ს და გ. მ.-ის უფლებამონაცვლე ნ. მ.-ეს. სააპელაციო საჩივარი ისეა მიღებული წარმოებაში და განხილული, რომ საქმეში არ მოიპოვება ნ. მ.-ის უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, ხოლო ლ. ფ.-ის მიერ ქ. ჭ.-ის სახელზე გაცემული რწმუნებულება სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის _ 2005 წლის 18 მაისის მდგომარეობით ასევე ვადაგასული იყო, რამდენადაც გაცემულია 2005 წლის 1 აპრილამდე, ამასთან, აღნიშნული რწმუნებულებით არ არის გარკვეული, ჰქონდა თუ არა ქ. ჭ.-ს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება. ამდენად, საქმის ხელახალი განხილვისას ასევე ხელახალ შემოწმებას საჭიროებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა რაიონული სასამართლოს მიერ საქმეზე მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესის არსებობის საკითხთან დაკავშირებით სარჩელის მოთხოვნის ფარგლების გადამეტების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელი. აღნიშნული მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამდენად, აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესის არსებობა გადამწყვეტია ამ ტიპის სარჩელის დასაშვებად მიჩნევისათვის და სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის გამორკვევა დაუშვებელია განხილულ იქნეს როგორც სარჩელის ფარგლების გადამეტება.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პრეიუდიციული ძალის მქონედ მიიჩნია ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ასეთი მსჯელობა სრულიად შეუსაბამოა. სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, ფაქტებს, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას, განეკუთვნება კანონიერ ძალაში შესულ საქმეზე დადგენილი ფაქტები, თუ ამ საქმეთა განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. მოცემულ საქმეზე არ გამოდიან იგივე მხარეები, რომლებიც მონაწილეობდნენ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით განხილულ საქმეში. ამ უკანასკნელ საქმეზე მოსარჩელეებია გ. მ.-ე, ე. წ.-ე, მ. ნ.-ი, ლ. ფ.-ე, ნ. ქ.-ე, ჯ. ნ.-ი, გ. კ.-ი, ჟ. კ.-ი, ს. ყ.-ი, მ. ც.-ი. ც. ა.-ა, გ. რ.-ი, ჟ. ნ.-ე და სხვები, ხოლო მოპასუხეებია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ამდენად, ამ საქმეზე მონაწილეობდა მხოლოდ ნაწილი იმ პირებისა, რომლებიც მონაწილეობენ განსახილველ საქმეზე, რის გამოც მითითებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს ვერ ექნება სავალდებულო ძალა მოცემულ საქმეზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას

თავიდან უნდა გამოიკვლიოს საკასაციო სასამართლოს მიერ ზემომითითებული გარემოებები, მათ შორის, ყოფილი შპს «...-ის» დამფუძნებელთა რწმუნებულ მ. ტ.-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი, აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესი, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თუკი მიიჩნევს, რომ როგორც განცხადება, ისე სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დასაშვებია, უნდა გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ო.-ისა» და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს;

4. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.