ას-133-428-04 21 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონის გამგეობის 1993წ. 29 ოქტომბრის ¹165 გადაწყვეტილებით დამტკიცდა თბილისის სანერგე მეურნეობის საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ნ. ი-ისა და ნ. ზ-ლ-ი-ასათვის თბილისის სანერგე მეურნეობის დასახლების მეორე კორპუსში 26,5 კვ.მ ფართის ოროთახიანი ბინის გამოყოფის შესახებ ორდერი გამოიწერა ნ. ი-ზე.
1995 წელს ნ.ი-ის ყოფილი ბინა განაწილდა ჟ. მ-ეზე. ჟ.მ-ემ დაიკავა სხვა ოჯახის კუთვნილი ოროთახიანი ბინა, საიდანაც გამოსახლებულ იქნა 1999 წელს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ოროთახიანი ბინის ნაცვლად ნ. ი-მა და ნ. ზ-ი-ი-ამ მოითხოვეს სამოთახიანი ბინის გამოყოფა, იმ საფუძვლით, რომ მათი ოჯახი შედგებოდა სამი სულისაგან.
დავა არაერთხელ იყო სასამართლო განხილვის საგანი. უკანასკნელად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 4 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ი-ასა და ნ. ზ-ი-ი-ას საზედამხედველო საჩივარი. ძალაში დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1998წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ი-ს და ნ. ზ-ლ-ი-ას უარი ეთქვათ სამოთახიანი ბინის მიკუთვნებაზე და კანონიერად იქნა მიჩნეული სადავო ოროთახიანი ბინის გამოყოფა.
თბილისის სანერგე მეურნეობის პროფკავშირის კომიტეტისა და საბინაო კომისიის 2000წ. 24 აპრილის სხდომაზე ნ. ზ-ი-ი-ას ოჯახისათვის გამოყოფილი ოროთახიანი ბინა გადაეცა ჟ. მ-ეს. გარდაბნის რაიონის გამგეობის 2000წ. 26 პრილის ¹89 დადგენილების საფუძველზე ამ უკანასკნელზე გაიცა ბინის ორდერი და იგი შესახლდა აღნიშნულ ბინაში.
2001წ. თებერვალში ნ. ზ-ი-ი-ამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში გარდაბნის რაიონის გამგეობის 2000წ. 26 აპრილის დადგენილების ბათილად ცნობისა და ჟ.მ-ის უკანონო მფლობელობიდან სადავო ბინის დაბრუნების შესახებ.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ნ. ზ-ი-ი-ამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის რაიონის გამგეობის 2000წ. 26 აპრილის ¹89 დადგენილება მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, ხოლო სადავო ბინის მფლობელობაში დაბრუნების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
ნ. ზ-ი-ი-ამ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასმართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 26 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაუქმდა გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატაის 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება გარდაბნის რაიონის გამგეობის 2000წ. 26 აპრილის ¹89 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში არ გასაჩივრებულა და იგი შევიდა კანონიერ ძალაში. ჟ. მ-ეს მოესპო სადავო ბინის კანონიერად ფლობის უფლება, რადგან აქტის ბათილად გამოცხადება ნიშნავს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების, ასევე წარმოშობილი უფლებების გაუქმებას. პალატამ საჭიროდ ჩათვალა სადავო ბინის სამართლებრივი სტატუსის გარკვევა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატის 2003წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ი-ი-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო ბინის გამოთხოვის შესახებ.
ჟ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტლების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ თბილისის სანერგე მეურნეობას და გარდაბნის რაიონის გამგეობას არ გააჩნდათ სადავო ბინის განაწილების უფლებამოსილება. ძალა დაკარგული იყო ნ. ი-ის სახელზე გამოწერილი ბინის ორდერი, რადგან იგი მოსარჩელეს და მის აწ გარდაცვლილ მეუღლეს არ მიუღიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილება გარდაბნის რაიონის გამგეობის 2000წ. 26 აპრილის ¹89 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნული დადგენილებით გაუქმდა ნ. ი-ზე გამოწერილი ორდერი და სადვო ბინა მიეცა ჟ. მ-ის ოჯახს. ამ დადგენილების ბათილად ცნობის შედეგად ჟ. მ-ემ დაკარგა უფლება სადავო ბინაზე, რადგან აქტის ბათილად გამოცხადება ნიშნავს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი უფლებების გაუქმებას.
ამდენად, მოპასუხე ჟ. მ-ე ითვლება არამართლზომიერ მფლობელად.
კანონიერ ძალაში დარჩა გარდაბნის რაიონის გამგეობის 1993წ. 29 ოქტომბრის ¹165 გადაწყვეტილება, რომლითაც ი-ას ოჯახს გამოეყო სადავო ოროთახიანი ბინა.
ნ. ზ-ი-ი-ას, როგორც მართლზომიერ მფლობელს, სკ-ის 160-ე, 161-ე და 162-ე მუხლების შესაბამისად ჰქონდა უფლება მოეთხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ სადავო ბინა ეკუთვნოდა შპს «ნ-ს», რომელსაც სასამართლოში დამოუკიდებელი მოთხოვნა არ წარუდგენია არც მოსარჩელის და არც მოპასუხის მიმართ.
სსკ-ის 407–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პერეტენზია.
ჟ. მ-ის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პერეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს გარდაბნის რაიონის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი, 1993 წელს ნ. ი-ზე გაეცა სადავო ბინის ორდერი.
მოსარჩელეს არ განუცხადებია უარი ბინის ორდერის მიღებაზე და 2000წ. გაზაფხულამდე დაკავებული ჰქონდათ სადავო ბინა. სასამართლოს გადაწყვეტილებებითარ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა ოროთახიანი ბინის ნაცვლად სამოთახიანი ბინის გამოყოფის შესახებ და დადასტურდა ოროთახიანი ბინის გამოყოფის მართლზომიერება.
სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.