საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №372I -21 თბილისი
კ-ე გ-ი, 372I -21 18 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის ადვოკატ გ. ს-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. კ-ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განაჩენით გ. კ-ე, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ-ეს განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 19 აგვისტოდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.
2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
2.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. კ-ის ადვოკატის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. კ-ის ადვოკატმა გ. ს-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და გ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელი უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „ბ“ ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, კერძოდ: თუ მან ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ან - თაღლითობა დიდი ოდენობით (180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო მოცემულ შემთხვევაში გ. კ-ე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულია თაღლითობისათვის, დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, კერძოდ: მან თაღლითობა დიდი ოდენობით (180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი.
3. ამასთან, ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გ. კ-ის მსჯავრდებასთან მიმართებით პალატა აღნიშნავს, რომ ამ მუხლით გათავალისწინებულ დანაშაულზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება.
4. ამდენად, მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ. კ-ის ადვოკატ გ. ს-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. კ-ის ადვოკატ გ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე