საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №364I-21 თბილისი
კ-ი მ-მ, 364I-21 3 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. კ-ის ადვოკატ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მ. კ-ის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები ყაზახეთის რესპუბლიკაში:
· ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუს ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს 2015 წლის 11 ივნისის დადგენილებით მ. კ-ი ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
· ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუს ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს 2015 წლის 22 ივნისის დადგენილებით დაზუსტდა მ. კ-ის დანაშაულებრივი ქმედებებით მიყენებული ზიანის ოდენობა;
· ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუს ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს 2015 წლის 22 ივნისის დადგენილებით მ. კ-ის დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირდა ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით);
· ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუს ოლქის აქთაუს საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით მ. კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა 2 თვით პატიმრობა;
· ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუს ოლქის აქთაუს საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაიცა ნებართვა მ. კ-ის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ;
· ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუს ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს 2016 წლის 29 მარტის დადგენილებით დაზუსტდა მ. კ-ის დანაშაულებრივი ქმედებებით მიყენებული ზიანის ოდენობა;
· ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუს ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს 2016 წლის 29 მარტის დადგენილებით მ. კ-ის დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირდა ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით).
2. საქმის მასალების მიხედვით, მ. კ-ის დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2012 წლის 30 იანვარს მ. კ-ი დაინიშნა შპს „ხ-ის“ დირექტორად. მას შემდეგ, რაც მ. კრუჩინინი კ. კ-თან ერთად ესწრებოდა ა-ის რ-ის ქ. ბ-ში ფ. გ-ისაგან ნავთობის ნარჩენების გადამამუშავებელი მინიქარხნის მშენებლობის პროექტის შეძენასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, მას გაუჩნდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების განზრახვა. აღნიშნული განზრახვის შესასრულებლად 2012-2014 წლებში მ. კ-მა შპს „ხ-ის“ ანგარიშიდან მოხსნა და უკანონოდ მიითვისა 20560000 ყაზახური ტენგე, რომელიც განკუთვნილი იყო ნავთობის ნარჩენების გადამამუშავებელი მინიქარხნის მშენებლობის პროექტის შესაძენად. ამასთან, მან წარადგინა განზრახ მცდარი ინფორმაცია, რომ კომპანია „C. T. ..“ ეკუთვნის ფ. გ-ს და 2013 წლის 22 მაისსა და 2014 წლის 10 დეკემბერს აღნიშნული კომპანიის ანგარიშზე ჯამურად გადარიცხა და მიითვისა 50000 აშშ დოლარი. ამ ქმედებებით მ. კ-მა შპს „ხ-სა“ და მის დამფუძნებელს - კ. კ-ს მიაყენა 29027800 ყაზახური ტენგეს ოდენობის მატერიალური ზიანი.
3. მ. კ-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
o 2015 წლის 11 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ძებნილი მ. კ-ი;
o ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მ. კ-ს შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის ათვლა დაეწყო 2015 წლის 11 დეკემბრიდან;
o 2015 წლის 30 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მ. კ-ის ექსტრადიციის თაობაზე მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები;
o 2016 წლის 7 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მ. კ-ის ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარადგინეს 2016 წლის 8 აპრილს;
o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის განჩინებით მ. კ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2016 წლის 11 ივნისამდე;
o თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის განჩინებით მ. კ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი;
o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით მ. კ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2016 წლის 11 სექტემბრამდე;
o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მ. კ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაო - 15000 ლარით. მასვე დაეკისრა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
4. 2021 წლის 17 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ. კ-ის ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა და დასაშვებად იქნა ცნობილი ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ. კ-ის, - დაბადებულის 19-- წლის პირველ იანვარს, - ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუს ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს 2016 წლის 29 მარტის დადგენილებით ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართებით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. კ-ის ადვოკატმა ი. კ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მ. კ-ის ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას შემდეგი საფუძვლით: ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ალბათობა, რომ მ. კ-ი დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, ვინაიდან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, ყაზახეთის სახალხო დამცველისა და სხვა უფლებადამცველების ანგარიშებისა და განცხადებების მიხედვით, ყაზახეთის პენიტენციურ სისტემაში ნებისმიერი პირი შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. ამასთან, ადვოკატის მოსაზრებით, მ. კ-ი არის ჰუმანიტარული სტატუსის პოტენციური მატარებელი და მის მიმართ მიმდინარეობს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საქმის განხილვა.
5. პროკურორი არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს და ითხოვს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.
3. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი მ. კ-ის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. კ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების სტანდარტები და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. ამასთან, ადვოკატმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც მ. კ-ის მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ვარაუდს დაადასტურებდა, ხოლო მისი ზოგადი განცხადებები ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებად.
5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).
6. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა თანახმად: ექსტრადიციის შემთხვევაში მ. კ-ს მიეცემა დაცვის ყველანაირი კანონიერი შესაძლებლობა; იგი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.
7. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. კ-ის საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული წარმოება არ დასრულებულა და პროცესის დასრულებამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიცია, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავს საკითხებზე მიმდინარე სამართალწარმოება ვერ იქნება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი გარემოება.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. კ-ის ადვოკატ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე