საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №964აპ-20 თბილისი
მ-ი ზ., 964აპ-20 9 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ის ადვოკატ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 იანვრის განაჩენით ზ. მ-ი, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 25 აპრილიდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. განაჩენის მიხედვით, ზ. მ-ს მსჯავრი დაედო: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში; ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში: ზ. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებების - 0.078 გრამი „ჰეროინის“, 0.6277 გრამი „ბუპრენორფინის“, 4.872 გრამი „ტრამადოლისა“ და 0.318 გრამი „მეთადონის“ (მარილი) შემცველი აბები, აბის ნატეხები და ფხვნილისებური ნივთიერებები, რომლებიც 2019 წლის 25 აპრილს მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ-ი, დ. ა-ის ხ-ის №--ში მდებარე მაღაზია „ბ.“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. მ-ის ადვოკატმა ნ. ჩ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ზ. მ-ის გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. მ-ის ადვოკატმა ნ. ჩ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ზ. მ-ის გამართლებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. მ-ის ადვოკატ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა 2021 წლის 9 ივნისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზების დასკვნებით, ზ. მ-ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა და არ არსებობს მისი გამართლების საფუძველი, ხოლო დეტალურ მსჯელობას პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს.
3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიმართ უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი, უფრო მკაცრი ნორმით, მას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს 2019 წლის 25 აპრილიდან.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. მ-ის ადვოკატ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე, 307-ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. მ-ის ადვოკატ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ზ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 25 აპრილიდან;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე