საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №48I -20 თბილისი
ტ-ი გ-ი, 48I -20 7 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის - ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის გამომძიებლის 2001 წლის 16 მარტის დადგენილებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე №- ო. ჩ-ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
2. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის გამომძიებლის 2001 წლის 15 ივნისის დადგენილებით გ. ტ- ბრალდებულის სახით დაუსწრებლად მიეცა პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ო. ჩ-ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე.
3. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 ივნისის ბრძანებით ბრალდებულ გენადი ტ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.
4. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის გამომძიებლის 2001 წლის 16 ივნისის დადგენილებით გამოცხადდა ბრალდებულ გ. ტ-ს ძებნა და იმავე დღეს მოსამართლის ბრძანება და დადგენილება, ბრალდებულ გ. ტ-ს მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ, შესასრულებლად გაეგზავნა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს.
5. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის გამომძიებლის 2001 წლის 16 ივნისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე №-- ბრალდებულ გ. ტ-ს მიმართ შეჩერდა წარმოება.
6. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურორის 2002 წლის 25 მარტის დადგენილებით გაუქმდა 2001 წლის 16 ივნისის დადგენილება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და განახლდა გამოძიება.
7. განსასჯელ გ. ტ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართა 2015 წლის 24 აპრილს.
8. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა იშუამდგომლა განსასჯელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, გ. ტ-ს მიმართ რეალურად არ მიმდინარეობდა ძებნა და გასული იყო მისი ბრალდებულად ყოფნის კანონით დადგენილი ვადა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 აპრილის დადგენილებით გ. ტ-ს ადვოკატ მარიკა გერსამიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა გ. ა-ეს ძე ტ-ის, - დაბადებულის 19- წლის 17 ივლისს, - მიმართ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულად ყოფნის ვადის გასვლის გამო.
10. აღნიშნული დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება გ. ტ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 აპრილის დადგენილება დარჩა უცვლელად.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილემ ი. ხ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას გ. ტ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ 2001 წლის 16 ივნისის დადგენილებით გამოცხადებული იყო ძებნა და სასამართლოს კანონით დადგენილ სისხლისსამართლებრივი დევნის 12-თვიან ვადაში არ უნდა ჩაეთვალა 2001 წლის 16 ივნისიდან 2020 წლის 30 აპრილამდე პერიოდი, ვინაიდან კანონმდებლობის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის ვადაში არ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებული ემალება გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ხოლო ძებნის გამოცხადებად მიიჩნევა გამომძიებლის მიერ ძებნის შესახებ დადგენილების გამოტანა და არა ძებნის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარება.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
14. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში ვერ უთითებს.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
16. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის - ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე