საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №22აგ-19 თბილისი
ყანჩაშვილი თენგიზ, 22აგ-19 28 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ყ-ის ადვოკატ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის პირველი მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 თებერვლის განაჩენით თ. ყ-ი, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2009 წლის 28 იანვრიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 მარტის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და თ. ყ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. თ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2008 წლის პირველი ნოემბრიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით თ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2015 წლის 7 თებერვლიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულის საააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. 2019 წლის 17 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ თ. ყ-ის ადვოკატმა გ. დ-ამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 იანვრის განაჩენის შეცვლა და თ. ყ-ის ქმედების მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირება, ასევე, მისი პატიმრობიდან გათავისუფლება. ადვოკატმა მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ გარემოებებს: მსჯავრდებულ თ. ყ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 თებერვლისა და 27 მარტის განაჩენების ნაცვლად სასამართლოს უნდა მიეღო ერთი განაჩენი, ვინაიდან მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს შორის სამდღიანი ინტერვალი იყო, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის განაჩენით დადგენილი დანაშაულისათვის თ. ყ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებთან ერთად არ დაკვალიფიცირდებოდა ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ამასთან, ადვოკატმა გ. დ-ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების არგუმენტად მიუთითა სასამართლო პრაქტიკის შესახებ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენი №1ბ/746-17, რომელზეც პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის პირველი ივნისის განჩინებით №710აპ-17.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის პირველი მაისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ყ-ის ადვოკატ გ. დ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ყ-ის ადვოკატმა გ. დ-ამ, რომელიც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლებით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას შუამდგომლობის დასაშვებობის სტადიიდან მსჯელობისათვის. ამასთან, უთითებს, რომ შუამდგომლობაში აღნიშნული სასამართლო პრაქტიკის შესახებ მსჯავრდებულ თ. ყ-ის საქმის არსებითი განხილვისას არ იყო ცნობილი. ასევე უთითებს, რომ, მართალია, მისი მოთხოვნის საფუძველზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს, მაგრამ სასამართლომ ანალოგიის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუშვას და განიხილოს მისი შუამდგომლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ თ. ყ-ის ადვოკატ გ. დ-ას შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. რაც შეეხება ადვოკატის მოთხოვნას, მსჯავრდებულ თ. ყ-ისათვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მან დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა ზიანი და მის მიმართ პრეტენზია არ აქვს, ასევე თ. ყ-ს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც საჭიროებენ მის ზრუნვას, სასამართლო მიუთითებს, რომ ეს გარემოებები ასევე არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ თ. ყ-ის ადვოკატ გ. დ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. ყ-ის ადვოკატ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის პირველი მაისის განჩინება მსჯავრდებულ თ. ყ-ის ადვოკატ გ. დ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე