საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №366I -21 თბილისი
შ-ა ტ-ლ, 366I -21 8 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. შ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ტ. შ-ას პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ტ. შ-ა, - დაბადებული 19- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2018 წლის 14 დეკემბრიდან.
2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ტ. შ-ას ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ტ. შ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ტ. შ-ას მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ტ. შ-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ტ. შ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით აღნიშნავს, რომ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელი ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და დაზარალებული თანხმობას განაცხადებს, რომ მის მიმართ გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, ხოლო მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის 2021 წლის 13 მაისის წერილით (იხ.: ს.ფ. 48) გაირკვა, რომ მსჯავრდებულ ტ. შ-ას სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი - 352555 ლარი ანაზღაურებული არ აქვს და დაზარალებული უარს აცხადებს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ტ. შ-ას მოთხოვნას, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლის წერილის საფუძველზე მის მიმართ ამნისტიის შესახებ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შესახებ - პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული წერილითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ტ. შ-ას საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება და მის მიმართ არ მიმდინარეობს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რაც არ გამორიცხავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის - 352555 ლარის არსებობას.
4. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ტ. შ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ტ. შ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ტ. შ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე