Facebook Twitter

ას-139-426-04 7 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 6 თებერვალს ნ. ხ-მა, ნ. დ-ემ, გ. გ-ემ, მ. ე-ემ, ჟ. ნ-ემ, ლ. გ-ამ, დ. ლ-ემ, მ. დ-ემ, ლ. ჯ-ემ, ი. კ-ამ, ლ. ე-ემ და მ. ფ-ემ შპს «ბ-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით.

ისინი მუშაობდნენ შპს «ბ-ში” ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. საწარმოს ადმინისტრაცია სისტემატურად არღვევდა მათ შრომის პირობებს, იყო დაბალი ანაზღაურება და მოცდენები, მაგრამ დაპირდებოდნენ შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის მომატებას.

2002წ. 9 ივნისს სამუშაოზე ყოფნისას მოულოდნელად გამოირთო შუქი, რამდენიმე ხნით შეწყდა მუშაობა, რის გამოც საწარმოს ადმინისტრაციას და მუშაკებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. ადმინისტრაცია შეეცადა მუშაკებს, დაეწერათ განცხადებები სამუშაოდან ნებაყოფლობით გათავისუფლებისა და სამუშაოზე მიღების შესახებ, მაგრამ როცა მუშაკებმა ადმინისტრაციის მოთხოვნა არ შეასრულეს, ადმინისტრაციამ ისინი დაითხოვა სამუშაოდან. მეორე დღეს საწარმოს ადმინისტრაციამ მხოლოდ 146 თანამშრომელი აღადგინა სამუშაოზე, დანარჩენები კი მიიჩნიეს მომხდარი ინციდენტის ორგანიზატორებად და უარი უთხრეს სამუშაოზე აღდგენაზე.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ შპს «ბ-ის” ¹51 ბრძანება, რომლითაც ისინი გათავისუფლდნენ სამუშაოდან, ბათილია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მითითებული მუშაკები სამუშაოდან დაითხოვეს ადმინისტრაციის 2002წ. 9 ივლისის ¹51 ბრძანებით, ხოლო იმავე წლის 20 სექტემბრის მიმართვით სამუშაოდან დათხოვნილი პირებისათვის ცხადი გახდა, რომ მათ სამუშაოზე ხელმეორედ არ მიიღებდნენ. აქედან გამომდინარე, მოპასუხემ მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს დარღვეული აქვთ შრომის დავის გადასაწყვეტად სასამართლოსთვის მიმართვის ერთთვიანი ვადა. გარდა ამისა, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. ისინი სამუშაოდან გაათავისუფლეს შრომის განაწესის (სამუშაოს 30 წუთზე მეტი დროის მანძლზე მეტი ხნით შეწყვეტის გამო) დარღვევის გამო, მაგრამ როცა ადმინისტრაცია გაერკვა ამ ქაოსის გამომწვევ მიზეზებში, ყველა მუშაკი ხელახლა მიიღო სამუშაოზე გარდა თოთხმეტისა, რომლებიც ამ ინციდენტის ორგანიზატორებად ჩაითვალნენ.

მოგვიანებით (უთარიღო განცხადებით), მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ი. შ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საწარმოს ადმინისტრაციის 2003წ. 7 მარტის ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებით განაცდურის სახით თითოეულ მოსარჩელეზე 660-660 ლარის ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ნაწილობრივ გაუქმდა 2002წ. 9 ივნისის ¹51 ბრძანება და მოსარჩელეები ნ. ხ-ი, ნ. დ-ე, გ. გ-ე, მ. ე-ე, ჟ. ნ-ე, ლ. გ-ა, დ. ლ-ე, მ. დ-ე, ლ. ჯ-ე, ი. კ-ა, ლ. ე-ე და მ. ფ-ე აღდგენილ იქნენ სამუშაოზე. მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: გ. ხ-ის სასარგებლოდ 707,52 ლარი, ნ. დ-ის – 680,13 ლარი, გ. გ-ის – 681,67 ლარი, ჟ. ნ-ის – 653,73 ლარი, ლ. გ-ას – 745,67 ლარი, დ. ლ-ის – 679,03 ლარი, მ. დ-ის – 643 ლარი, ლ. ჯ-ის – 653,29 ლარი, ი. კ-ას – 689 ლარი, ლ. ელიავას – 642,40 ლარი, მ. ფ-ის – 807 ლარი.

მ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები მოპასუხე საწარმოში მუშაობენ განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულებით. ისინი დისციპლინური წესით არასდროს ყოფილან დასჯილნი. 2002წ. 9 ივლისს საწარმოს ადმინისტრაციამ მოსარჩელეები სხვა 131 მუშასთან ერთად დაითხოვა სამუშაოდან შრომის დისციპლინის დარღვევის მოტივით, მაგრამ მეორე დღეს, მოსარჩელეების გარდა, ყველა მუშაკი აღადგინა პირვანდელ სამუშაოზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ საწარმოს ადმინისტრაციამ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რატომ ეთქვა უარი მოსარჩელეებს სამუშაოზე აღდგენაზე, მაშინ, როცა დადგენილი იყო მხოლოდ ერთი მუშაკის – მ. ე-ის ბრალეულობა ელექტროენერგიის გამორთვაში, რასაც მოჰყვა მუშაკთა მიერ მუშაობის დროებით შეჩერება. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეებს გაშვებული არ ჰქონდათ სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან საწარმოს ადმინისტრაცია დათხოვნილ მუშაკებს ატყუებდა, რომ ისინი შვებულებაში იყვნენ და შვებულების დამთავრების შემდეგ დააბრუნებდა სამუშაო ადგილებზე. ადმინისტრაციის 2002წ. 20 სექტემბრის წერილი კი სამუშაოდან დათხოვნილ მუშაკებს არ ჩაბარებია. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ გაშვებული ვადა მოსარჩელეებს ჩაუთვალა საპატიოდ.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საწარმოს ადმინისტრაციას მუშაკთა სამუშაოდან დათხოვნის დროს დარღვეული ჰქონდა შკკ-ის 34-ე, 37-ე და 38-ე მუხლების მოთხოვნები.

2003წ. 23 ივლისს მ. ე-ემ, ხოლო ამავე წლის 24 ივლისს შპს «ბ-მა” სააპელაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს «ბ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მ. ე-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და იგი აღდგენილი იქნა შპს «ბ-ში” ადრინდელ სამუშაოზე და მოპასუხეს მ. ე-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის სახით 670,70 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მუშაკთა სამუშაოდან დათხოვნის საკითხი არ იყო შეთანხმებული პროფკავშირულ კომიტეტთან. სარჩელის წარდგენის ვადა დარღვეული არ იყო, ვინაიდან მოსარჩელეებს არ ჩაბარებიათ შრომის წიგნაკები, არც 2002წ. 9 ივლისის ¹51 ბრძანება სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე და არც 2003წ. 7 მარტის ბრძანება ¹51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

2004წ. 15 იანვარს შპს «ბ-მა” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა წერილობით წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ საპელაციო სასამართლომ არასწორად აღუდგინა სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა მოსარჩელეებს, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვის დროს კასატორმა მიუთითა, რომ უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი. უმაღლესმა სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი აქტი, რომლითაც დგინდებოდა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ასლი დროულად ჩაბარდა მოსარჩელეებს, მათ კი სარჩელი შეიტანეს დაგვიანებით.

მისი მოსაზრებით, ვინაიდან სარჩელი ხანდაზმულია, საკასაციო სასამართლომ უნდა მიიღოს ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი არ უნდა დააკმაყოფილოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ გასული არ იყო სარჩელის წარდგენის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა, ვინაიდან მოსარჩელეებს სამუშაოდან დათხოვნის ბრძანება და შრომის წიგნაკი არ ჩაბარებიათ კანონით დადგენილი წესით. სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე ადმინისტრაციის მიერ მიღებული ბრძანება მათ ჩაბარდათ მოგვიანებით, სარჩელის განხილვის დროს.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული 2002წ. 4 აგვისტოს თარიღით შედგენილი აქტი, რომლითაც დასტურდება მოსარჩელეებისათვის სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებისა და შრომის წიგნაკების ჩაბარების ფაქტი, არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. აღნიშნულ აქტში, რომელიც შედგენილია მოპასუხე ორგანიზაციის კადრების მენეჯერისა და ინსპექტორების მიერ, მართლაც მითითებულია იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებს გადაეცათ ბრძანების ამონაწერი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, მაგრამ მათ ხელის მოწერით არ დაადასტურეს ბრძანების ჩაბარების ფაქტი. ასევე უარი განაცხადეს შრომის წიგნაკის ჩაბარებაზეც, მაგრამ აღნიშნული აქტი ცალმხრივია.

შკკ-ის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დათხოვნის საქმეთა გამო, მუშას ან მოსამსახურეს შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

მითითებული ნორმა არ ადგენს, თუ რა წესით უნდა მოხდეს დათხოვნის ბრძანების ჩაბარება ან როდის ჩაითვლება ბრძანება ჩაბარებულად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრძანების ჩაბარების დღეს უნდა გაუთანაბრდეს ის დღე, როდესაც მუშაკმა უარი განაცხადა ბრძანების ჩაბარებაზე. მუშაკის მიერ ბრძანების ჩაბარებაზე უარის თქმის მტკიცების რაიმე განსაზღვრული ფორმა ნორმატიული აქტით დადგენილი არ არის. ასეთი უარი დავის შემთხვევაში შეიძლება დადასტურდეს ხელწერილით, აქტით, რომელიც არ იქნება ცალმხრივი ან სხვა მტკიცებულებით (როგორიცაა ქვითარი საფოსტო გზავნილის შესახებ, შეტყობინება ჩაბარებით, საფოსტო შეტყობინება ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ, დადასტურება ფაქსით გაგზავნილი შეტყობინების მიღების შესახებ და სხვა). მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი აქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების ხელმოწერაზე ცალმხრივია და ამიტომ მტკიცებულებით საფუძველს მოკლებულია, რის გამოც კასატორის მოსაზრება ამ ნაწილში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება და ვერ დაედება საფუძვლად მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ, თითქოს სააპელაციო სასამართლომ არასწორად აღუდგინა მოსარჩელეებს სარჩელის წარდგენის გაშვებული ვადა, პირიქით, სააპელაციო სასამართლომ სარჩელის წარდგენის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა გაშვებულად კი არ ჩათვალა და ვადის გაშვება საპატიოდ კი არ მიიჩნია, არამედ სარჩელის წარდგენის ერთთვიანი ვადა არ ჩათვალა გაშვებულად იმ მოტივით, რომ მოსარჩელეებს დათხოვნის ბრძანება არ ჩაბარებიათ მოცემულ საქმეზე მათ მიერ წარდგენილი სარჩელის სასამართლოში განხილვამდე.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელეები სამუშაოდან დათხოვნილი არიან პროფკავშირების, თანხმობის გარეშე.

შკკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე და ეს თანხმობა არ არის აუცილებელი მიღებული იყოს წინასწარ, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში პროფკავშირებს თანხმობა მოსარჩელეთა დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციისათვის არც წინასწარ მიუცია და არც მის შემდეგ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათი დათხოვნა განხორციელებულია კანონის დარღვევით.

ზემოთ მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «ბ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.