Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№969აპ-20 14 ივნისი, 2021 წელი

ხ-ე გ., 969აპ-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილისა და მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ხ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით – ოჯახის წევრის მიმართ სისტემატურ ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის აგვისტოში გ. ხ-ე ოჯახის წევრს – ქ. თ-ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სცემდა სისტემატურად, კერძოდ: 2019 წლის 14 აგვისტოს თ---–--–-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. ხ-ემ სახის არეში ხელის დარტყმებითა და საჯდომის არეში ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს – ქ. თ-ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ასევე, 2019 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ბ-ი, რ-სა და ---ის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ, გ. ხ-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს – ქ. თ-ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, არაერთხელ დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, სახეში ჩაარტყა ტელეფონი, ხელებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა ადგილას და ძლიერად მოუჭირა ხელი მარცხენა მკლავის არეში. ასევე, 2019 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 01:30 საათზე, ბ------ში მდებარე ქ. თ-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, გ. ხ-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს – ქ. თ-ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახესა და სხეულის სხვადასხვა ადგილას, ასევე მუშტი ჩაარტყა წელის არეში. გ. ხ-ის მიერ ჩადენილმა სისტემატურმა ცემამ გამოიწვია ქ. თ-ის ფიზიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის განაჩენით გ. ხ-ის, – დაბადებულის 1--- წელს, ნასამართლობის არმქონის, – მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; გ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· გ. ხ-ემ 2019 წლის 26 აგვისტოს სცემა ქ. თ-ს – პირს, ვისთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

3. აღნიშნული ქმედებისათვის გ. ხ-ეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 საათით, რაც, 2019 წლის 26 აგვისტოდან იმავე წლის 31 აგვისტომდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გ. ხ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, ხოლო დაცვის მხარემ – გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, გ. ხ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანი ბორჩაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ხ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.

7. კასატორი – მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ა-- საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ხ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. ხ-ის მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ადვოკატის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა და კვლავაც განმარტავს, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით. დანაშაულის მსხვერპლი, შესაძლოა, ცდილობდეს ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. ამიტომ, ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაზარალებულის ჩვენების არარსებობისას ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი – ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

4. ამდენად, უნდა შეფასდეს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების შირაარსობრივი მხარე, რათა დადგინდეს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურების შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება და აკმაყოფილებს თუ არა მათი ერთობლიობა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, კერძოდ:

4.1. №---- შეტყობინების თანახმად, ქ. თ-მა 2019 წლის 26 აგვისტოს დარეკა „112-ში“, შეატყობინა თავისი ცემის თაობაზე და ითხოვა სამართალდამცავების დახმარება.

4.2. მოწმე ნ. კ-ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება), 2019 წლის 26 აგვისტოს ქ. თ-ი გ. ხ-ესთან შესახვედრად გავიდა სახლიდან, მოგვიანებით კი დაურე-- მას და შეატყობინა, რომ იყო პოლიციის განყოფილებაში, სადაც მიაკითხა მეგობარს და ნახა, რომ ქ-ი იყო ძალიან აღელვებული, უჩიოდა ტკივილს სხეულის სხვადასხვა არეში და თვალნათლივ ეტყობოდა დაზიანებებიც.

4.3. მოწმე ე. შ-ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) ირკვევა, რომ არის ქ. თ-ის დედა და გ. ხ-ე ოჯახში მიღებული ჰყავდათ, როგორც სიძე, რადგან ქ-თან ერთად ცხოვრობდა, ეწეოდა ერთიან მეურნეობას და აპირებდნენ დაქორწინებას, თუმცა ბოლო პერიოდში აერიათ ურთიერთობა, გ. ხშირად გამოხატავდა აგრესიას და ფიზიკურად ძალადობდა მის შვილზე, რაც იცის ქ-ის გადმოცემით; ვიდეოზარით საუბრისას მან სხეულზე არსებული დაზიანებებიც აჩვენა.

4.4. 2019 წლის 26 აგვისტოს დაზარალებულის გარეგნული დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტომასალით დადასტურებულია დაზარალებულ ქ. თ-ის სხეულზე არსებული დაზიანებები.

4.5. 2019 წლის 26 აგვისტოს №----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, რომელიც გაიცა მოძალადე გ. ხ-ის მიმართ, 2019 წლის 26 აგვისტოს მან დაზარალებულ ქ. თ-ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

4.6. დაზარალებულმა ქ. თ-მა, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის არსებითი განხილვის დროს უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ. ხ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ასეთი მოცემულობის არსებობის დროს, როდესაც დაზარალებულმა სასამართლოს არ მიაწოდა ინფორმაცია ოჯახის წევრის მხრიდან მასზე ძალადობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ, პალატა აღნიშნული დანაშაულის დასადასტურებლად ვერ გაიზიარებს სხვა მოწმეთა ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეყრდნობა ქ. თ-ისაგან მიღებულ ცნობებს.

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეები – ნ. კ-ი და ე. შ-- არ შესწრებიან გ. ხ-ის მხრიდან ქ. თ-ის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, რომლის თვითმხილველნი არ არიან. მათ მიერ მიცემული ჩვენებები, ქ. თ-ზე ძალადობის ჩამდენი პირის დადგენის თვალსაზრისით, ირიბია. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არაკონსტიტუციურია.

8. მართალია, საქმეშია 2019 წლის 26 აგვისტოს დაზარალებულის გარეგნული დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტომასალით, მაგრამ ამ ოქმით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა ეს დაზიანებები ქ. თ-ს. აღნიშნულის დადგენა ასევე შეუძლებელია შემაკავებელი ორდერითაც.

9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მოცემული საკანონმდებლო დანაწესის მიზანს წარმოადგენს პირის მსჯავრდების გამორიცხვა ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებულებებით გაუმყარებლობის შემთხვევაში.

10. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას, ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილი განაჩენს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს დასაბუთებულად, როდესაც იგი სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას ემყარება. ამავდროულად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყოველი დასკვნა თუ გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებას მოითხოვს.

11. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ხ-ის მიერ ქ. თ-ის ცემის ფაქტს.

12. შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და გ. ხ-ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი გაუქმდეს;

4. გ. ხ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

5. გამართლებულ გ. ხ-ეს აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ხ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია; შესაბამისად, გირაოს შემტანს – მ. ლ-ს – განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა – 3000 (სამი ათასი) ლარი;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე