Facebook Twitter

ას 14-311-04 8 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

1996წ. 29 ოქტომბერს ი. ნ-ემ და მ. ს-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ბათუმის სავაგონო დეპოს მიმართ და მოითხოვეს ორი ცალი ოცტონიანი კონტეინერისა და 1 ცალი ხის ვაგონის ღირებულების ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ 1992წ. 5 აგვისტოსა და 23 ოქტომბერს ბათუმის სავაგონო დეპოსგან შეიძინეს 2 ცალი ოცტონიანი კონტეინერი, ერთი ცალი ხის ვაგონი და 4 ცალი ხუთტონიანი კონტეინერი, რაშიც გადაიხადეს 8200 რუსული რუბლი. გამყიდველმა მათ გადასცა მხოლოდ 4 ცალი ხუთტონიანი კონტეინერი (1700 რუბლის ღირებულების). რაც შეეხება 2 ცალ ოცტონიან კონტეინერსა და 1 ცალ ხის ვაგონს, ისინი გამყიდველს მყიდველისთვის არ გადაუცია. მყიდველმა (მოსარჩელემ) მოითხოვა კონტეინერებისა და ერთი ხის ვაგონის ღირებულების _ 11741 აშშ დოლარის ანაზღაურება.

ბათუმის რაიონული სასამართლოს 1997წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 7758,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ 1 ცალი ხის ვაგონის შესაძენად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უსაფუძვლობის გამო.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ და ბოლოს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.ნ-ისა და მ.ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «ს. რ-ის» ბათუმის სავაგონო დეპოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათუმის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და მგზავრობის ხარჯების _ 198 ლარის გადახდა. სარჩელის დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეებს ეთქვათ უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1992წ. 5 აგვისტოსა და 23 ოქტომბერს ი.ნ-ემ და მ.ს-ემ ბათუმის სავაგონო დეპოს ანგარიშზე შეიტანეს 8200 რუსული მანეთი 2 ცალი 20ტ კონტეინერისა და 1 ცალი ხის ვაგონის შესაძენად, რომელიც არ მიუღიათ, რის გამოც მოითხოვეს მათ მიერ გადახდილი 6500 მანეთის აშშ დოლარის კურსის მიხედვით ანაზღაურება, ამასთან სასამართლო (მგზავრობის) ხარჯების _ 198 ლარის მოპასუხეზე დაკისრება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების მოთხოვნა, რომ მათ გადახდილი აქვთ 2 ცალი 20ტ კონტეინერისა და 1 ცალი ხის ვაგონის ღირებულება _ 6500 მანეთი, რასაც მოწინააღმდეგე მხარე არ უარყოფს, აგრეთვე, მხარეთა შორის ფაქტობრივად ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით იქნა დადებული. რაც შეეხება აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ბათუმის სავაგონო დეპომ არ შეასრულა, გამყიდველმა ი.ნ-ესა და მ.ს-ეს გადასცა მხოლოდ 4 ცალი ხუთტონიანი კონტეინერი, მაგრამ 2 ცალი ოცტონიანი კონტეინერი და 1 ცალი ხის ვაგონი მყიდველისათვის არ გადაუცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეებთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ჯეროვნად არ შეასრულა.

იმ დროს, როდესაც მხარეთა შორის სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა, მოქმედებდა 1997წ. 25 ნოემბრამდე არსებული სამოქალაქო კოდექსი, რომლის 237-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს მიიღოს ქონება და გადაიხადოს მასში გარკვეული თანხა. მოცემულ შემთხვევაში ბათუმის სავაგონო დეპომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულა. მან მყიდველს არ გადასცა ნაყიდი ქონება, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მაშინ როდესაც მოპასუხეებმა თავის მხრივ შეასრულეს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მოწინააღმდეგე მხარეს მთლიანად გადაუხადეს შესყიდული ქონების ღირებულება.

ამავე კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად, თუ გამყიდველი დაარღვევს ხელშეკრულებას და არ გადასცემს მყიდველს ნივთს, მყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, რადგან ი.ნ-ემ და მ.ს-ემ მოითხოვეს მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მოწინააღმდეგე მხარისათვის მათ მიერ გადახდილი ფულადი თანხის უკან დაბრუნება. პალატამ მიიჩნია, რომ მათი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან სააპელაციო პალატამ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის აჭარის ფილიალის 2003წ. 19 მაისის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრულია 1 ცალი ოცტონიანი კონტეინერის ღირებულება 600 აშშ დოლარით, ხოლო 1 ცალი ხის ვაგონის ღირებულება _ 300 აშშ დოლარით, სულ _ 1500 აშშ დოლარით.

ი.ნ-ემ და მ.ს-ემ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეზე 11741 აშშ დოლარის დაკისრება. კასატორები თვლიან, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობა და დასაბრუნელი თანხა ინფლაციის გათვალისწინებით უნდა დაეკისრებინა მოპასუხისათვის. აღნიშნული გარემოების გამო მათ გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიაჩნიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის გამო, რადგან სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ დაასაბუთა გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც დასაბუთებულად იქნა მიჩნეული სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლომ მიუთითა ასევე იმ მოსაზრებებზე, რომლებითაც გაიზიარა ან არ გაიზიარა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი და მიუთითა კანონზე, რომლითაც იხელმძღვანელა სარჩელის დაკმაყოფილებისას.

კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობა უნდა გაეზიარებინა, დაუსაბუთებელი საკასაციო პრეტენზიაა, რადგან გამყიდველის მიერ უკან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა განისაზღვრა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით. კასატორი არ ასაბუთებს, რატომ არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნა და ეხელმძღვანელა მხოლოდ მის მიერ მითითებული მტკიცებულებებით დასაბრუნებელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 249-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე დასაბუთებულია, რადგან მითითებული ნორმის საფუძველზე, თუ გამყიდველი დაარღვევს ხელშეკრულებას და არ გადასცემს მყიდველს ნივთს, მყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე მოითხოვს არა ზიანის ანაზღაურებას, არამედ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, რისი უფლებაც მას გააჩნია. უკან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა კი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით სასამართლომ განსაზღვრა ნივთის საბაზრო ღირებულების მიხედვით, რადგან ის ფულის ერთეული, რაც ნივთის შესაძენად გადაიხადა მყიდველმა, დღეს მიმოქცევაში აღარ არის.

პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად განსაზღვრა დასაბუთებული თანხის ოდენობა და იგი არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას რუსული რუბლის ნაცვლად ინფლაციის გათვალისწინებით 11741 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, რადგან, ჯერ ერთი, მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია და სასამართლო მოთხოვნის ფარგლებს ვერ გასცდებოდა, მეორე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს დაუბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). სარგებელს მოსარჩელე არ ითხოვს. ამდენად, სასამართლომ სსკ-ის 248-ე მუხლის ფარგლებში სწორად განიხილა და გადაწყვიტა მოცემული დავა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლი და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ნ-ისა და მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.