Facebook Twitter

ას-143-446-04 13 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

კასატორის თხოვნა: გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

1996წ. 8 ნოემბერს შ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ო. გ-ისათვის სარემონტო ხარჯების _ 3500 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით: 1992წ. 2 ოქტომბერს ო.გ-ისაგან იქირავა ქ.ქუთაისში, ... ქვედა სართულზე არსებული დამხმარე 31.97 კვ.მ სათავსი. ქირავნობის ხელშეკრულება დაიდო რვა წლის ვადით. სათავსს დაუფლებისთანავე ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და მიეცა მაღაზიის ფორმა. ო. გ-ემ სათავსი მიჰყიდა ქალიშვილს და მოითხოვა სათავსის გათავისუფლება, რაზედაც მან (შ. მ-მა) უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ სათავსი გ-ისაგან ჰქონდა დაქირავებული რვა წლის ვადით და ხელშეკრულების მოშლის რაიმე საფუძველი არ არსებობდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ო. გ-ეს შ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2884 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2001წ. 18 ივნისს ც. ს-ემ განცხადებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 10 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ სადავო სათავსში ფუნქციონირებდა ფირმა „ც.“ მაღაზია. ამ სათავსში ფირმა „ც.“ არანაირი კაპიტალური რემონტი არ ჩაუტარებია. 2001წ. 5 ივნისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ შ. მ-ი პროცესზე მონაწილეობდა, როგორც ფირმის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ ფირმა „ც.“ არ გაუცია არავითარი მინდობილობა შ. მ-ზე, რომლითაც მას ექნებოდა უფლებამოსილება საქმის წარმოების შესახებ. ც. ს-ე, როგორც ფირმის წარმომადგენელი, სასამართლო პროცესზე მოწვეული არ ყოფილა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ც. ს-ის განცხადება დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1997 ლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით შ. მ-ის სარჩელი, ო. გ-ის მიმართ სარემონტო ხარჯების დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდა. ო. გ-ეს შ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2884 ლარის გადახდა, იგი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, როგორც II ჯგუფის ინვალიდი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. გ-ემ.

2003წ. 31 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა შ. მ-მა, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 10 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, საქალაქო სასამართლომ დაარღვია განცხადების შეტანის ვადა, კერძოდ, ც. ს-ისა და ო. გ-ესთვის ცნობილი იყო 1997-1998 წლებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების თაობაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 დეკემბრის განჩინებით ო. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა შ. მ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის გადაწყვეტრილება. გაუქმდა 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინება. უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 10 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინებას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები: მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის არც ერთი ნორმა, რის გამოც დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ ჩათვალა, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეუძლიათ, შეიტანონ მხარეებმა და მესამე პირებმა, აგრეთვე, იმ პირებმა, რომლებიც, მართალია, არ იყვნენ ჩაბმული საქმეში არც მხარეებად და არც მესამე პირებად, მაგრამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგა შედეგი მათ მიმართ, რომლის შესახებ მათ მხოლოდ ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გაიგეს ანუ სასამართლო გადაწყვეტილებამ აქცია ისინი დაინტერესებულ პირებად. დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ც.ს-ეს არც მხარის და არც მესამე პირის სტატუსით მონაწილეობა არ მიუღია მოცემული საქმის განხილვაში. დადგენილად ცნო ისიც, რომ კანონიერ ძალაში შესული 1997წ. 10 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2001წ. 22 მაისს დაინიშნა აუქციონი ო. გ-ის საცხოვრებელი სახლის სარეალიზაციოდ, ხოლო 2001 წლი21 მაისს ო.გ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა განცხადება 1997წ. 10 აპრილს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ო. გ-ემ, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შ. მ-ის სარჩელზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოისმინა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 3 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 10 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და საქმეზე წარმოება განახლდა. საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით შ. მ-ის სარჩელი ო. გ-ის მიმართ სარემონტო ხარჯების დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. ო. გ-ეს შ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2884 ლარის გადახდა. აღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე შ.მ-ს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ო. გ-ემ. შ.მ-მა შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 10 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. ასეთ ვითარებაში, როცა მხარე ეთანხმება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იწონებს მას და არ შეაქვს სააპელაციო საჩივარი, პალატის აზრით, მას არ აქვს უფლება, ცალკე გაასაჩივროს გადაწყვეტილების გამოტანამდე მიღებული განჩინებები. სსკ-ის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანას იმასთან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მის მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. მოცემულ ვითარებაში, სსკ-ის 430-ე მუხლი საქმის წარმოების განახლების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება. ამდენად, მხარეს შეუძლია გაასაჩივროს იგი საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, მაგრამ შ.მ-ს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია

და აქედან გამომდინარე, ცალკე მას არ შეეძლო, გაესაჩივრებინა აღნიშნული განჩინება. პალატა თვლის, რომ ყველა ის განჩინება, რომელიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას, ემსახურება საბოლოო გადაწყვეტილებას და მიზნად ისახავს, რომ საქმეზე მიღებულ იქნეს სწორი და კანონიერი საბოლოო გადაწყვეტილება. ამდენად, თუ მხარე არ ასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და იწონებს მას, მაშინ ასეთი განჩინების გასაჩივრებისათვის მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ გააუქმა რა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, გაუქმების საფუძვლად მიუთითა მხოლოდ ის გარემოება, რომ თავის დროზე, 2001წ. 3 ოქტომბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით არასწორად მოხდა საქმის წარმოების განახლება და აქედან გამომდინარე, გააუქმა საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სხვა საფუძვლების შესახებ არ უმსჯელია. ზემოთ მოტანილი მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი და მან გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა მხოლოდ იმ განჩინების უსწორობა, რომლის ცალკე, გადაწყვეტილების გარეშე, გასაჩივრების უფლება შ.მ-ს არ ჰქონდა. პალატა ასევე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და უცვლელი დატოვა 1997წ. სასამართლოს გადაწყვეტილება, არ იმსჯელა საერთოდ ც.სიმსივის განცხადების შესახებ და არ გასცა პასუხი მის მოთხოვნას.

ასეთ ვითარებაში, პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ არსებითად უნდა განიხილოს ო. გ-ის სააპელაციო საჩივარი და საქმის მასალებიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.