საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №392I -21 თბილისი
ა-ი თ, 392I -21 21 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ა-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თ-ის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ თ. ა-ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და თ. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. თ. ა-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი - ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. თ. ა-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2018 წლის 3 აპრილიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის პირველი აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და თ. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. თ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ამავე კოდექსის 59-ე და 67-ე მუხლების მე-5 ნაწილების თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 აპრილის განაჩენით შეფარდებული პირობითი მსჯავრი. ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ა-ს განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. თ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო, ხოლო სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 19 ივლისიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით:
· მსჯავრდებული თ. ა-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის პირველი აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად);
· მსჯავრდებულ თ. ა-ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის პირველი აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად), ასევე გამოსაცდელი ვადა და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე გამოსაცდელი ვადით;
· მსჯავრდებული თ. ა-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად);
· მსჯავრდებულ თ. ა-ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი, რომელიც დაემატა 2019 წლის პირველი აგვისტოს განაჩენს, - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად), ასევე გამოსაცდელი ვადა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ თ. ა-ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აპრილისა და 2019 წლის პირველი აგვისტოს განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. ა-მა, რომელიც ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე სასჯელის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ თ. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აპრილისა და 2019 წლის პირველი აგვისტოს განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელებისაგან (რომლებიც პირობითად ჰქონდა ჩათვლილი) გათავისუფლებასთან მიმართებით.
3. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აპრილისა და 2019 წლის პირველი აგვისტოს განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულ თ. ა-ის მიმართ შეფარდებული სასჯელების შემცირების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში საქალაქო სასამართლომ არასწორად აღასრულა „ამნისტიის შესახებ“ კანონი და მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელისაგან გათავისუფლება ან შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებულ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე.
4. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ თ. ა-ის მიმართ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი უნდა გაევრცელებინა შემდეგნაირად:
ü მსჯავრდებულ თ. ა-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ¼-ით უნდა შემცირებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან - ამავე კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, პირობითად ჩათვლილი 5 წელი, გამოსაცდელი ვადა - 6 წელი და უნდა განსაზღვროდა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად უნდა დადგენოდა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 წელი და 9 თვე - ჩათვლოდა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;
ü მსჯავრდებულ თ. ა-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა განახევრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის პირველი აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, აქედან - ამავე კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, პირობითად ჩათვლილი 4 წელი, გამოსაცდელი ვადა - 4 წელი და უნდა განსაზღვროდა 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად უნდა დადგენოდა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 წელი - ჩათვლოდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
ü მსჯავრდებულ თ. ა-ს საბოლოოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, უნდა განსაზღვროდა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად უნდა დადგენოდა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 წელი და 9 თვე - ჩათვლოდა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
5. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ა-ისათვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, დარჩეს უცვლელად, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს იხილავს საჩივრის ფარგლებში, ასევე, ამავე კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს, მიიღოს მსჯავრდებულისათვის არასასიკეთო გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის საჩივრის საფუძველზე. ამავე დროს, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იხილავს მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების საკითხს, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიღებულია ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე.
6. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ა-ისათვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის შემცირების საფუძველი არ არსებობს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ თ. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე