Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №393I -21 თბილისი

ბ-ა გ, 393I -21 21 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ას საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - ა-სა და გ-ის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ბ-ას პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. ბ-ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. ბ-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ-ას მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ბ-ამ, რომელიც საჩივარზე დართული დაზარალებულის თანხმობის საფუძველზე ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასა და სასჯელისაგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) ჩამდენი პირი, თუ დაზარალებულმა თანხმობა განაცხადა ამ პირის მიმართ აღნიშნული ამნისტიის გავრცელების შესახებ.

3. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულმა გ. ბ-ამ წარმოადგინა დაზარალებულ რ. დ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს და მსჯავრდებულ გ. ბ-ას მიმართ უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, კერძოდ: ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იგი უნდა გათავისუფლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე პირობითად ჰქონდა ჩათვლილი, იმავე გამოსაცდელი ვადით) მოხდისაგან.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ბ-ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ბ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებული გ. ბ-ა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე პირობითად ჰქონდა ჩათვლილი, იმავე გამოსაცდელი ვადით) მოხდისაგან;

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე