Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №390I -21 თბილისი

გ-ე კ, 390I -21 8 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ კ. გ-ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და კ. გ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. კ. გ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. გ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. გ-ემ, რომელიც საჩივარზე დართული დაზარალებულის თანხმობის საფუძველზე ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასა და სასჯელის განახევრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მათ შორის ნასამართლობის არქონა), სასჯელი უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, თუ მან დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა და დაზარალებულმა თანხმობა განაცხადა ამ პირის მიმართ აღნიშნული ამნისტიის გავრცელების შესახებ.

3. მოცემულ შემთხვავაში, ვინაიდან მსჯავრდებულმა კ. გ-ემ საჩივარს დაურთო დაზარალებულ შპს „ს-ის“ წარმომადგენლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს და მსჯავრდებულ კ. გ-ის მიმართ უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, კერძოდ: ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მას უნდა გაუნახერდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული ძირითადი სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, პირობითად ჩათვლილი 3 წელი, გამოსაცდელი ვადა - 3 წელი და საბოლოოდ კ. გ-ეს უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. გ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ კ. გ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული ძირითადი სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, პირობითად ჩათვლილი 3 წელი, გამოსაცდელი ვადა - 3 წელი და საბოლოოდ განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე