Facebook Twitter

ას-150-452-04 6 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: თანხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 6 მაისს მამა-შვილმა დ. და ბ. ბ-ეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე სს „ს-ის“ მიმართ. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2002წ. 21 მარტსა და 13 სექტემბერს მათ და სს „ს-ის“ გლდანი-ნაძალადევის ფილიალს შორის, მისი მმართველის _ დ. ჯ-ის სახით, დაიდო ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, ბანკში ექვსი თვის ვადით შესანახად შეიტანეს 14000 აშშ დოლარი: ბ. ბ-ემ _ 10000 აშშ დოლარი, ხოლო დ. ბ-ემ _ 4000 აშშ დოლარი. 2002წ. 3 ოქტომბერს ნ. ბ-ემ მოითხოვა დ. ბ-ის მიერ შეტანილი თანხის დაბრუნება, რაზეც უარი მიიღო იმ მოტივით, რომ თანხის მისაღებად თვით დ. ბ-ე უნდა მისულიყო. იმავე დღეს ვერც დ. ბ-ემ მიიღო თანხა. ორი დღის შემდეგ კი მოსარჩელეებმა შეიტყვეს, რომ მოპასუხე საზოგადოების ყოფილი მმართველის თვითმკვლელობის შემდეგ ბანკს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავდა. მოსარჩელეებმა კვლავ მიმართეს ბანკს თანხის დაბრუნების თაობაზე, მაგრამ უარი მიიღეს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს 14000 აშშ დოლარის დაბრუნება.

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მისი განმარტებით, ბ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებითა და შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ ბ. ბ-ეს ნამდვილად აქვს შემოტანილი 10000 აშშ დოლარი, ხოლო 4000 აშშ დოლარის ბანკში შეტანის შემოსავლის ორდერი არ არსებობს, ამიტომ მოპასუხემ სარჩელი ცნო 10000 აშშ დოლარის დაბრუნების ნაწილში, ხოლო 4000 აშშ დოლარის ნაწილში უარყო მტკიცებულებათა არარსებობის გამო.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ სს „ს-ს“ დაევალა ბ. ბ-ის მიერ 2002წ. 13 სექტემბერს გლდანი-ნაძალადევის ფილიალისთვის შენახვის მიზნით მიბარებული 10000 აშშ დოლარის, თანხის შენახვისათვის თვეში 20 ლარის გამოკლებით, დაბრუნება ბ. ბ-ისათვის. დ. ბ-ეს 4000 აშშ დოლარის დაბრუნებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000წ. 28 აპრილის ¹132 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის მიერ ფიზიკური პირების საბაზრო ოპერაციების წარმოების წესის“ 42-ე მუხლის თანახმად, ნაღდი ფულის შეტანა ხორციელდება შემოსავლის ორდერის საფუძველზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ-ემ 2002წ. 21 მარტს შენახვის მიზნით ბანკის ფილიალში შეიტანა 4000 აშშ დოლარი, ხოლო ბ. ბ-ემ _ 10000 აშშ დოლარი, ამ უკანასკნელს გააჩნია სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო დ. ბ-ემ ასეთი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ბ-ემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება დ. ბ-ისათვის 4000 აშშ დოლარის დაბრუნების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება _ დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ს-ს“ დაეკისრა დ. ბ-ისათვის 4000 აშშ დოლარის დაბრუნება.

გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დ. ბ-ესა და „ს-ის“ გლდანი-ნაძალადევის ფილიალის მმართველს _ დ. ჯ-ეს შორის 2002წ. 21 მარტს დადებული ხელშეკრულებით დ. ბ-ემ, როგორც ფიზიკურმა პირმა, ბანკში შეიტანა 4000 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით, 2002წ. 21 სექტემბრამდე შენახვის მიზნით. ამავე ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, ბანკში შენახვის მიზნით ჩაბარებული ფულადი თანხა ან ფასეულობა დაიბრუნოს ვადაზე ადრე, ხოლო 2.2. პუნქტის თანახმად, ბანკი ვალდებულია, უზრუნველყოს ფიზიკური პირისაგან მიღებული ფულადი თანხის ან ფასეულობის შენახვა ბანკში მოქმედი წესების შესაბამისად. სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის დაიდო მიბარების ხელშეკრულება, შესაბამისად, იხელმძღვანელა სკ-ის 770-ე და 396-ე მუხლებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998წ. 24 ივლისის ¹66 ბრძანებულებით დამტკიცებული „კომერციულ ბანკებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ“ დებულების 30-ე მუხლით და მიიჩნია, რომ თანხის შემოსვლის ორდერის არარსებობა არ მიუთითებს იმაზე, რომ დ. ბ-ეს ფაქტობრივად არ შეუტანია თანხა.

სააპელაციო პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს-ის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ დ. ფ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება 4000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 52-ე მუხლი, რომლის თანახმად, მხარის მიერ გამოვლენილი ნების განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტო გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტში დაფიქსირებული ნების გამოვლენა, რომლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ხელმოწერისა და ფულადი თანხების ან ფასეულობათა ჩაბარების დღიდან, გონივრული განსჯის შემთხვევაში დ. ბ-ისგან მოითხოვდა ბანკში ფულის შეტანის დამადასტურებელ საბუთს (ორდერს). ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 24.07.98 წ. ¹66 „ა“ ბრძანებით დამტკიცებული დებულების შენიშვნის მე-2 პუნქტის მითითება იმის შესახებ, რომ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და სხვა ფასეულობის გირაოდ (ხელშეკრულების საფუძველზე) ან შესანახად მიღება ხორციელდება შესყიდვის მიზნით ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების მიღების ანალოგიურად იმ განსხვავებით, რომ ჩამბარებელს, ნაცვლად 0402004 ქვითრისა მიეცემა აღნიშნულთან დაკავშირებით კომერციულ ბანკსა და მას შორის გაფორმებული ხელშეკრულების (ბეჭედდასმული) ასლი. აღნიშნულ მითითებაში „სხვა ფასეულება“ გულისხმობს ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულ ნებისმიერ ძვირფასეულობას, მაგრამ არა ფულს. ბანკში ფულის შეტანა უნდა მოხდეს ზემოთმითითებული დებულების მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სალაროს შემოსავლის ორდერებით, ხოლო მისი შენახვა განხორციელდება გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთებისათვის დადგენილი შენახვის წესით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად ცნო და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ შემდეგი გარემოებები:

დ. ბ-ესა და სს „ს-ის“ გლდანი-ნაძალადევის ფილიალის მმართველ დ. ჯ-ეს შორის 2002წ. 21 მარტს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დ. ბ-ემ, როგორც ფიზიკურმა პირმა, ბანკში შეიტანა 4000 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით, 2002წ. 21 სექტემბრამდე, შენახვის მიზნით. მოცემული ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს შენახვის მიზნით ჩაბარებული ფულადი თანხა ან ფასეულობა დაიბრუნოს ვადაზე ადრე. ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტით, ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს ფიზიკური პირისაგან მიღებული ფულადი თანხის ან ფასეულობის შენახვა ბანკში მოქმედი წესების შესაბამისად.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სს „ს-ის“ წარმომადგენელსა და დ. ბ-ეს შორის 2002წ. 21 მარტს გაფორმებული შეთანხმება მიბარების ხელშეკრულებას წარმოადგენს და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული დავაც ამ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით უნდა დარეგულირდეს.

სკ-ის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს, შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. კანონი ამ ურთიერთობისათვის სავალდებულო ფორმას არ ადგენს. ამდენად, მხარეებს ნებაყოფლობით შეუძლიათ, განსაზღვრონ გარიგების ზეპირი ან წერილობითი ფორმა, რისი უფლებაც მათ აქვთ სკ-ის 68-ე მუხლით. აღნიშნული ნორმის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ, თვითონ განსაზღვრონ იგი.

მიბარება-შენახვის ურთიერთობისას მხარეთა დამოკიდებულება გარკვეულწილად ურთიერთნდობაზეა დამყარებული, რადგან მიმბარებლის მიერ მის მფლობელობაში და, შესაძლოა, საკუთრებაშიც არსებული ქონების სხვა პირისათვის შესანახად გადაცემა, შემნახველის სანდოობიდან გამომდინარე, ნივთის ნორმალურ მდგომარეობაში შენახვის გარანტიას ეფუძნება. შემნახველი პირის საქმიანობიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, მიბარებაზე შეთანხმების ფიქსირება შესაძლებელია სხვადასხვა სახელებით (დებულება, ინსტრუქცია და სხვა) გამოცემული დანაწესების ერთობლიობის მოთხოვნათა დაცვით, რომლის დარღვევა მიმბარებლის პასუხისმგებლობას ვერ წარმოშობს. ამავე კოდექსის 770-ე მუხლით, მიმბარებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესანახად მიბარებული ნივთის დაბრუნება, იმ შემთხვევაშიც, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული იყო. მითითებული ნორმა აწესებს შემნახველის ვალდებულებას, მიმბარებლის მოთხოვნისთანავე დააბრუნოს მიბარებული ნივთი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ¹66 ბრძანებით დამტკიცებული „საკრედიტო დაწესებულებებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ» დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით, ფიზიკური პირებისაგან ნაღდი ფულის მიღება და გაცემა ხდება სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერებით. სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები უნდა შეიცავდეს შემდეგ აუცილებელ რეკვიზიტებს: თარიღი, კლიენტის სახელი და გვარი, ანგარიშის ნომერი საკრედიტო ორგანიზაციაში, ანგარიშზე ჩასარიცხი და ანგარიშიდან მოსახსნელი თანხა, კლიენტის, საოპერაციო და სალაროს მუშაკების ხელმოწერები“. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ იგი არეგულირებს საკრედიტო დაწესებულებებში მოსახლეობის მომსახურებისას ნაღდ ფულთან მუშაობის წესებს, რომელიც დაკავშირებულია საკასო ოპერაციებთან. რაც შეეხება შენახვას, იგი მოწესრიგებულია ამავე ბრძანების შენიშვნის მე-2 პუნქტით, რომლის ძალითაც ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და სხვა ფასეულობის გირაოდ ან შესანახად მიღება ხორციელდება შესყიდვის მიზნით ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების მიღების ანალოგიურად, იმ განსხვავებით, რომ ჩამბარებელს, ნაცვლად 0402004 ქვითრისა, მიეცემა აღნიშნულთან დაკავშირებით საკრედიტო დაწესებულებასა და მას შორის გაფორმებული ხელშეკრულების (ბეჭედდასმული) ასლი. უდავოა, რომ ფული ფასეულობათა კატეგორიას წარმოადგენს.

დ. ბ-ეს წარმოდგენილი აქვს საკრედიტო დაწესებულებასა და მას შორის გაფორმებული ბეჭდიანი ხელშეკრულება, რაც საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს სადავო თანხის ბანკში ჩაბარების დასადასტურებლად.

საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურატურისადმი გაგზავნილი წერილით სს „ს-ის“ მმართველი ადასტურებს ფილიალის მმართველის დ. ჯ-ის ვალდებულებას 74000 აშშ დოლარზე, რომელიც წარმოიშვა მის მიერ ფიზიკურ პირებთან არასწორად გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. ზემოხსენებული საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანებით დამტკიცებული დებულება განკუთვნილია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საკრედიტო დაწესებულებებისა და მათი ფილიალებისათვის საკასო სამუშაოების ჩასატარებლად და სალაროს მეურნეობის მოსაწესრიგებლად. დებულებით დადგენილი მოთხოვნების ბანკის წარმომადგენელთა მიერ შეუსრულებლობა ან დარღვევებით განხორციელება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს საკრედიტო დაწესეულებას. სალაროს მეურნეობის მოუწესრიგებლობა საბანკო დაწესებულებათა შიდა ორგანიზაციულ პრობლემებზე მიანიშნებს, რაც გავლენას არ ახდენს მესამე პირთა მოთხოვნებზე. ამ უანასკნელთა უფლებები დაცულია სკ-ის 396-ე მუხლით, რომლის ძალითაც მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.