¹ას-151-454-04 16 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 12 ნოემბერს გ. ხ.-მ სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 8 დეკემბრის განკარგულებით დაფუძნდა შპს “ს.-ა”, ამ უკანასკნელმა სახაზინო საწარმო “გ.-ის” ბალანსზე დააფუძნა შპს “რ.-ი”. მასვე დაევალა სახაზინო საწარმოში შემავალი საწარმოთა და რკინაბეტონის ქარხნის ბაზაზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შექმნა. ამ დროისათვის “პ.-ის” ¹... სამშენებლო სამმართველო არსებობდა, როგორც სახაზინო საწარმო და დღემდე არ მომხდარა ცვლილებების რეგისტრაცია.
ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, 1999წ. 20 დეკემბერს, შპს “რკ.-მ” გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, გაუქმდა სახაზინო საწარმო “გ.-ი” და შეიქმნა შპს “რ.-ი”, რომლის დამფუძნებელი იყო შპს “რკ.-ა”, რაც დაუშვებელი იყო მოსარჩელის აზრით, რადგან პარტნიორის ნება უნდა გამოხატულიყო არა ბრძანებით, არამედ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობით. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კანონის თანახმად, დაუშვებელია შპს-ს მიერ შპს-ს შექმნა.
2000წ. 2 დეკემბერს ¹1-3/740 ბრძანებით საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიერ შეიცვალა შპს “რ.-ის” სახელწოდება “ა.-ით”. სასამართლოში ცვლილებები განხორციელდა 2000წ. 10 ნოემბერს, ე.ი იურიდიული პირი წარმოიშვა ქონების მართვის სამინისტროს ბრძანების გამოცემამდე, რაც ეწინააღმდეგება “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-5 მუხლის 4.1. და 5.2 პუნქტს. ცვლილებების რეგისტრაციამდე, შპს “ა.-მ” 2000წ. 1 დეკემბრის ბრძანებით ¹2 სახაზინო საწარმო თბილისის ¹... სამშენებლო სამმართველოს ძირითადი საშუალებები გადაეცა საზოგადოების ფილიალს “მ.-ს”, რისი უფლებამოსილებაც არ გააჩნდა მას, ამასთან, ეს მოქმედება ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს.
2000წ. 30 დეკემბრის ბრძანებით შპს “ა.-ის” მიერ დაფუძნდა ¹... სამშენებლო საწარმო (ფილიალი), რომლის დირექტორადაც დაინიშნა იგი.
მისი აზრით, ფილიალის დებულება ეწინააღმდეგება “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-16 მუხლს, იგი რეგისტრირებული არ არის სასამართლოში.
შპს “ა.-ის” დირექტორმა 2001წ. 5 ივნისის ბრძანებით გააუქმა 30 დეკემბრის ბრძანება დირექტორად მისი დანიშვნის შესახებ, აღნიშნული ბრძანებები უკანონოა და იგი გამოყენებულია არარსებული საწარმოს მიმართ, ამასთან, აღნიშნული ბრძანებები არ შეთანხმებულა პარტნიორთა კრებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 2000წ. 30 დეკემბრის, 2001წ. 5 ივნისის 1999წ. 20 დეკემბრის ბრძანებების გაუქმება, სახაზინო საწარმოს აღდგენა და მისი აღდგენა სახაზინო საწარმოს დირექტორად. ასევე მოითხოვა, ნება დაერთოს თავად გარდაქმნას სახაზინო საწარმო შპს-დ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
2003წ. 7 მარტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ შპს “რკ.-ის” 1999წ. 20 დეკემბრის ¹173 ბრძანებით რკინიგზის სახაზინო საწარმო “გ.-ის” ბაზაზე შეიქმნა შპს “რ.-ი”, რომლის ქონების ბაზაზე, მის სამართალმემკვიდრედ შემდგომ შეიქმნა შპს “ა.-ი”. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ბრძანება არ არღვევს გ. ხ.-ის კანონით დაცულ ინტერესებს. ბრძანება ეფუძნება მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 70-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა 1999წ. 1 სექტემბრამდე სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად უნდა უზრუნველყონ მათ მიერ შექმნილი სახაზინო საწარმოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა სახელმწიფოს 100%-ანი წილის მონაწილეობით.
შპს “ა.-ის” 2000წ. 30 დეკემბრის ბრძანებით სახაზინო საწარმო თბილისის ¹... სამშენებლო სამმართველოს ბაზაზე დაარსდა შპს “ა.-ის” ¹... სამშენებლო საწარმო (ფილიალი), რომლის დირექტორად დაინიშნა გ. ხ.-ე, რომელსაც დაევალა ფილიალის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია. გ. ხ.-ემ აღნიშნული მითითება არ შეასრულა, რის გამოც აღნიშნული ბრძანება გაუქმდა 2001წ. 5 ივნისის ბრძანებით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ უნდა დაფუძნებულიყო შპს და არა ფილიალი, რადგან “მეწარმეთა შესახებ” კანონის თანახმად, ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის შერჩევა დამფუძნებლის ნებაზეა დამოკიდებული.
გ. ხ.-ე მოითხოვდა სახაზინო საწარმოს დირექტორად აღდგენას და მისთვის ნებართვის მიცემას თავად გარდაქმნას სახაზინო საწარმო შპს-დ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული მოთხოვნა ეწინააღმდეგება “მეწარმეთა შესახებ” კანონს. სახაზინო საწარმოში დირექტორად აღდგენა გულისხმობს სახაზინო საწარმოს აღდგენას, საწარმოთა გარდაქმნის პრეროგატივა კი ეკუთვნის სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის 2003წ. 25 დეკემბრის განჩინებითYუცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ.-მ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
კასატორის მოსაზრები, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ გ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ან ადგილობრივმა თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა 1999წ. 1 სექტემბრამდე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად უზრუნველყონ მათ მიერ შექმნილი სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა (სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე, შპს “ს.-ის” გენერალური დირექტორის 1999წ. 20 დეკემბრის ¹173/ნ ბრძანებით გაუქმდა სახაზინო საწარმო “გ.-ი” და მის უფლებამონაცვლედ ჩამოყალიბდა შპს “რ.-ი” (შემდგომში “რ.-ის” ქონების ბაზაზე და მის სამართალმემკვიდრედ შეიქმნა შპს “ა.-ი”, რომლის წესდებაც დამტკიცდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინიტრის 2000წ. 8 თებერვლის ¹1-3/740 ბრძანებით). 1999წ. 20 დეკემბრის ბრძანებით განისაზღვრა, რომ სახაზინო საწარმო “გ.-ის” სტრუქტურაში შემავალ საწარმოთა ბაზაზე უნდა ჩამოყალიბებულიყო “რ.-ი” საწარმოები, ფილიალები და სტრუქტურული ერთეულები. აღნიშნული ბრძანება გამოიცა საქართველოს სახელმწიფოს ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ამდენად, სახაზინო საწარმო “გ.-ი”, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო 100% წილობრივი მონაწილეობით გარდაიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 1999 წლამდე მოქმედი რედაქციის 2.3 მუხლის თანახმად, სახაზინო საწარმო შეადგენდა სამეწარმეო მიზნებისათვის განკუთვნილ სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების განცალკავებულ ქონებას და იგი იმართებოდა სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანოების მიერ. სახელმწიფომ “ს.-ის” ტრანსპორტის დეპარტამენტის გაერთიანება “ს.-ის” გზათა სამშენებლო ტრესტის ¹... სამმართველოს ქონება შეიტანა შპს “ა.-ის” საწესდებო კაპიტალში. შპს ა.-მ” აღნიშნული ¹... სამმართველოს ბაზაზე დააფუძნა შპს “ა.-ის” ¹... ფილიალი. აქედან გამომდინარე, სახაზინო საწარმო “ს.-ის” ტრანსპორტის დეპარტამენტის გაერთიანება “პ.-ის” გზათა სამშენებლო ტრესტის ¹... სამმართველო დღესდღეობით არ არსებობს.
“მეწარმეთა შესახებ” კანონი, რომელიც შეიცავს სამეწარმეო საზოგადოებების ამომწურავ ჩამონათვალს, არ ითვალისწინებს სახაზინო საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საზოგადოებას. ასეთი საზოგადოებები გაუქმდა 1999წ. 19 თებერვლის კანონით “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. აქედან გამომდინარე, არარსებული საწარმოს დირექტორის თანამდებობაზე გ. ხ.-ის აღდგენა შეუძლებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება სწორია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 25 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.