საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№387I-21 ქ. თბილისი
ო-ი ბ-ე, 387I-21 1 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. ო-ის (B. O-N) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ე-ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:
1988 წლის 30 მარტს თურქეთის რესპუბლიკის დინარის მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ბ-ე ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №765 კოდექსის 450-ე მუხლის მე-10 ნაწილითა და 463-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა სისხლის აღების მიზნით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ერთი დასრულებული ეპიზოდისა და ორი მცდელობის ეტაპზე შეჩერებული ეპიზოდის, ასევე – თურქეთის რესპუბლიკის №6136 კანონის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. იმავე განაჩენით ბ-ე ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 36 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. 1991 წლის 16 სექტემბრამდე ბ-ე ო-ი იხდიდა ზემოაღნიშნულ სასჯელს, თუმცა ისპარტის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის სასამართლოს მითითებული თარიღის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა პატიმრობიდან და დარჩენილი სასჯელი ჩაეთვალა პირობითად.
3. 2000 წლის 26 სექტემბერს ბ-ე ო-მა კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობაში დახმარება და დინარის მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 81-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით. აღნიშნული განაჩენი 2008 წლის 9 აპრილს ძალაში დატოვა თურქეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ.
4. 2008 წლის 16 სექტემბერს დინარის მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ-ე ო-ის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი გაუქმდა და მას დაეკისრა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი დანაშაულის ჩადენიდან – 2000 წლის 26 სექტემბრიდან – სასჯელის სრულად მოხდის თარიღამდე – 2020 წლის 6 ივლისამდე დარჩენილი ვადის მოხდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ისპარტის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის სასამართლომ.
5. 2010 წლის 17 თებერვალს დინარის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის სასამართლომ განიხილა თურქეთის რესპუბლიკის ახლად ამოქმედებული სისხლის სამართლის კოდექსის დებულებების ბ. ო-ის მიმართ გამოყენების საკითხი. მისი ქმედებები დაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „j“ ქვეპუნქტით და ბ. ო-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 36 წლით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 19 წელი, 9 თვე და 10 დღე). აღნიშნული განაჩენი ძალაში დარჩა თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით.
6. 2011 წლის 20 მაისს თურქეთის რესპუბლიკამ გამოსცა ბ. ო-ის დაკავების ბრძანება.
7. ბ. ო-ის ექსტრადიციის თაობაზე 2016 წლის 11 თებერვლის შუამდგომლობის თანახმად, ბ. ო-ის ექსტრადიცია მოთხოვნილია მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ამასთან, დამატებითი ინფორმაციის შემცველი 2016 წლის 29 ივლისის დოკუმენტის თანახმად, ბ, ო-ის ექსტრადიცია არ მოითხოვება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების დანაშაულისათვის და აგრეთვე – დინარის მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის განაჩენის აღსრულების მიზნით.
8. 2016 წლის 8 მარტიდან ბ. ო-ი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
9. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის დინარის მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 1988 წლის 30 მარტის განაჩენის მიხედვით, ბ. ო-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ო-ისა და გ-ის ოჯახებს შორის სისხლის აღების დავის გამო დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მტრული დამოკიდებულება. 1984 წლის 29 ივნისს თურქეთის რესპუბლიკაში, სასაფლაოდან დაბრუნების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სამლოცველოს მახლობლად, ბ-ე ო-მა და მისმა ოჯახის წევრებმა – ვ. ო-მა, ჯ. ო-მა და ქ. ო-მა ცეცხლი გახსნეს მ. გ-ის, ო. გ-ისა და ბ. გ-ის მიმართულებით. აღნიშნული ქმედების შედეგად გარდაიცვალა ბ. გ-ი, ხოლო მ. გ-ი – დაიჭრა.
10. აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „j“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა სისხლის აღების მიზნით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ერთი დასრულებული და ორი – მცდელობის ეტაპზე შეჩერებული ეპიზოდი), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, მოცემული დანაშაულისათვის ბ. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 36 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 19 წელი, 9 თვე და 10 დღე.
11. 2016 წლის 13 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ. ო-ი.
12. 2016 წლის 15 აპრილს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ბ. ო-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
13. 2016 წლის 5 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ბ. ო-ისა და მისი ადვოკატის საჩივარი 2016 წლის 15 აპრილის განჩინების გაუქმების შესახებ.
14. იმავე დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ბ. ო-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
15. 2016 წლის 11 ივლისსა და 5 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ბ. ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
16. 2016 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ბ. ო-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2016 წლის 13 ოქტომბრამდე.
17. 2016 წლის 14 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ბ. ო-ისა და მისი ადვოკატის საჩივარი 2016 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმების შესახებ.
18. 2016 წლის 9 აგვისტოსა და 2016 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან დამატებითი ინფორმაცია ბ-ე ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
19. 2016 წლის 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბ. ო-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი. იმავე განჩინებით ბ. ო-ს დაეკისრა სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი აკრძალვა და ვალდებულებები.
20. 2021 წლის 15 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ბ. ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, თურქეთის რესპუბლიკის დინარის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის №2020/12-2010/26 გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.
21. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით დასაშვებად ცნო ბ. ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის დინარის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის №2020/12-2010/26 გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.
22. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. ო-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ს-ე-ა-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განჩინების გაუქმებასა და თურქეთის რესპუბლიკაში ბ. ო-ის ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას იმ მოტივით, რომ, როგორც ბ. ო-ი ამტკიცებს, 1991 წელს ის შეიწყალა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და შეწყალების აქტით გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-2, მე-5 და მე-7 მუხლების, ასევე – მე-6 მუხლის მოთხოვნები; იმის გამო, რომ ბ. ო-ი 1991 წელს გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, გასულია ხანდაზმულობის ვადა; თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ბ. ო-ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება სერიოზული საფრთხე, რადგან 1984 წელს მომხდარი შემთხვევის შემდეგ კონფლიქტი არ ამოწურულა; მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ასევე დაემუქრება წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიკვდილის საშიშროება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრის შემთხვევაშიც, ვინაიდან დაზარალებულ მხარეს თურქეთის დღევანდელ ხელისუფლებაში ჰყავს გავლენიანი ნათესავები; ბ. ო-ს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები; საქართველოში ყოფნის პერიოდში იგი არ ყოფილა შემჩნეული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში; 2010 წლიდან საქართველოში პატიოსნად შრომობს და მიჰყვება სოფლის მეურნეობას.
23. პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა ბ. ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ბ. ო-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2016 წლის 13 აპრილს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ბ. ო-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ბ. ო-ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ან მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბ. ო-ის მიერ დანაშაულის ჩადენიდან გასულია 35 წელი, იგი ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით 1988 წლიდან 1991 წლის 16 სექტემბრამდე სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ბ. ო-ის ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია საპატიმრო დაწესებულებაში ან გათავისუფლების შემდეგ მის მიმართ უკანონო ქმედების, ძალადობის ან/და არასათანადო მოპყრობის რაიმე ინციდენტის თაობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ ბ. ო-ის ოჯახის წევრები, თუმცა არც მათ მიმართ ჩადენილი რაიმე უკანონო ქმედების შესახებ ინფორმაცია არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის დაცვის მხარეს. ამდენად, დაუსაბუთებელია ადვოკატის მოსაზრება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შესახებ.
6. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005, „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (იხ.Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხის თაობაზე.
7. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, შესაძლოა, დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, no 69235/11, § 66, ECtHR, 23/05/2011; Zarmaev v Belgium, no 35/10, ECtHR, 27/02/2014). გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, ECtHR, 28/06/2011), რომელთა არსებობა მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
8. აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკაში უფლებების დარღვევის რისკები, საქართველოს გენერალური პროკურატურის პარალელურად, შეისწავლა შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელიც განიხილავდა ბ. ო-ის მოთხოვნას საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ დაადგინა რეალური საფრთხის არსებობა ბ. ო-ის ექსტრადიციის შემთხვევაში მისი რაიმე ნიშნით დევნასა ან/და უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. მსგავსი საფრთხეები ვერ დაადგინეს ვერც თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმაც.
9. მხედველობაშია მისაღები თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
10. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ბ. ო-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა მისი ცალკეული უფლებები, მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმეშია თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ბ. ო-ის ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისათვის, ექსტრადიციის შემთხვევაში იგი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლებით. საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ასევე წარმოდგენილ იქნა გარანტია, რომ ბ. ო-ის ექსტრადიციის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებას, მათ შორის – სასჯელის მოხდის პერიოდშიც.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის – წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიები საჯარო და ხელმისაწვდომია; გაცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ; გარანტიები საკმარისად კონკრეტულია და არა – ზოგადი და ბუნდოვანი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ვარაუდისათვის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ბ. ო-ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი და საეჭვოდ მიიჩნიოს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.
12. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენი გამოტანილია ბ. ო-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით და იგი უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით. გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს ბ. ო-მა და მისმა ადვოკატმა წარადგინეს დაცვის მხარის პოზიცია და ისარგებლეს განაჩენის გასაჩივრების უფლებითაც. ბ. ო-ისათვის სასჯელის ზომად 36 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებაც არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო, ვინაიდან მან, ფაქტობრივად, უნდა მოიხადოს 19 წელი, 9 თვე და 10 დღე. ამდენად, მის მიმართ გამოყენებული სასჯელი არ არის გადაჭარბებულად არაპროპორციული.
13. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს არ მოუწვდია საქართველოს პროკურატურისათვის რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამაც კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ბ. ო-ის ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს.
14. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ბ. ო-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბ. ო-ს საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე ორივე ინსტანციის სასამართლომ უარი უთხრა. შესაბამისად, იგი არ სარგებლობს საერთაშორისო დაცვით საქართველოში და არ გააჩნია საერთაშორისო დაცვის მაძიებლის სტატუსი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
16. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ბ. ო-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბ. ო-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.
17. გარდა ამისა, ბ. ო-ის ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
18. დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც ბ. ო-ი მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ბ. ო-ის მიმართ 1988 წელს გამოტანილი განაჩენის აღსრულება დაიწყო იმავე წელს, თუმცა 1991 წელს მის მიმართ გამოიყენეს პირობითი მსჯავრი. ვინაიდან პირობითი მსჯავრის პერიოდში ბ. ო-მა ჩაიდინა ახალი დანაშაული, 2008 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი გაუქმდა. ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილება ბ. ო-ის მიმართ რეალური სასჯელის გამოყენების შესახებ მიღებულია 2011 წელს. იმავე წლიდან იგი იძებნება თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის 15-წლიანი ვადა გასული არ არის. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №765 კოდექსის 112-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკაში განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა იწურება 2031 წელს.
19. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ბ. ო-მა გასაუბრებისას განმარტა, 2011 წლიდან დაკავებამდე ცხოვრობს საქართველოში, სადაც არ ჰყავს ოჯახის წევრები, ხოლო თურქეთში ცხოვრობენ მისი სამი ძმა და ოთხი შვილი. ბ. ო-ს არ გააჩნია საქართველოში კანონიერად ცხოვრების საფუძველი. ასეთ ვითარებაში, ბ. ო-ის ექსტრადიციის შემთხვევაში, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.
20. სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე საკითხის განხილვას არ აბრკოლებს ასევე ის ფაქტი, რომ ბ. ო-ი არის თავშესაფრის მაძიებელი, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას (სუსგ №17I-15, №7I-16, №251-20).
21. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის დინარის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის №2020/12-2010/26 გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ე-ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი