Facebook Twitter

ას-15-323-04 11 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: საავტორო უფლებების დარღვევით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 11 ივლისს ი. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს სამაუწყებლო კომპანია «რ.-....»-ის მიმართ საავტორო უფლების დარღვევის შედეგად მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, 2003წ. საახალწლო ეთერში გადაიცა რესპუბლიკის მოედანზე ჩატარებული კონცერტი, სადაც შესრულდა ი.ბ-ის ავტორობით შექმნილი სიმღერა «ფიფქების» მოსარჩელის უნებართვოდ გადამუშავებული ვერსია. ი.ბ-ემ აღნიშნა, რომ 2002წ. 30 დეკემბერს მას ტელეფონით დაუკავშირდა ნ. მ-ი, რომელმაც ითხოვა ზემოხსენებული სიმღერის საახალწლო კონცერტზე უსასყიდლოდ შესრულების ნებართვა, რასაც დაეთანხმა, თუმცა აღნიშნული თანხმობა სიმღერის რამენაირ ცვლილებას არ ითვალისწინებდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი ნაწარმოების დამახინჯებული ვერსია ტელევიზიით რამოდენიმეჯერ გადაიცა, რის შედეგად მოპასუხეს უნდა დაეკისროს საავტორო უფლებების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის _ 10000 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის _ 5000 აშშ დოლარის გადახდა.

მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულა. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე საოლქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამდენად, ი. ბ-ის სარჩელი საავტორო უფლების დარღვევის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისათვის 1 000 ლარის ანაზღაურება.

სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ ი. ბ-ემ 35 წლის წინ შექმნა მუსიკალური ნაწარმოები «ფიფქები». 2003წ. საახალწლო ეთერში ტელეკომპანია «რ.-....»-ის» მიერ გადაიცა რესპუბლიკის მოედანზე ჩატარებული კონცერტი, რომლის დროსაც შესრულდა მოსარჩელის სიმღერა «ფიფქების» შეცვლილი ვერსია, თუმცა საქმის მასალებით არ დადასტურდა მუსიკალური ნაწარმოების გადაკეთება მოპასუხის მიერ.

სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა «საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ» კანონის მე-5 მუხლით და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა მოსარჩელის, როგორც მუსიკალური ნაწარმოების ავტორის, ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვიდეოფირის გამოკვლევის შედეგად, იმავე კანონის მე-18 მუხლისა და მე-2 მუხლის «ვ» პუნქტის საფუძველზე ნაწარმოების ავტორის ქონებრივი უფლების დარღვევად სასამართლომ ჩათვალა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ ავტორის ნებართვის გარეშე განხორციელდა მისი ნაწარმოების საჯარო გადაცემა, აღნიშნული საავტორო უფლების დარღვევისათვის სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია «საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ» კანონის 59-ე მუხლის «მ» პუნქტის თანახმად, შპს «რ.-....»-ისათვის კომპენსაციის სახით 500 ლარის დაკისრება, პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევად საოლქო სასამართლომ ჩათვალა ი.ბობოხიძის ნაწარმოების მისი ნებართვის გარეშე ხელყოფა, რითაც შეილახა ავტორის პატივი და ღირსება, კერძოდ, მოსარჩელის მუსიკალური ნაწარმოების გამოყენება აუდიოვიზუალური ნაწარმოების შესაქმნელად, რამაც გამოიწვია ავტორის მუსიკალური ნაწარმოების დამახინჯება.

კოლეგიამ იხელმძღვანელა «საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ» კანონის მე-4 მუხლის «ბ» პუნქტით და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ვიდეოფირის მიხედვით დამზადებული აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში მისამღერის სახით ჩართულია მოსარჩელის მუსიკალური ნაწარმოები «ფიფქები». სასამართლომ გაიზიარა ი.ბ-ის არგუმენტი იმის შესახებ, რომ დამახინჯდა მოსარჩელის ნაწარმოები, რამაც წარმოშვა მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი, კერძოდ, ავტორისეული პირველადი ნაწარმოების სტილი, ფორმა და მელოდია დამახინჯდა სხვა სიმღერასთან ერთად გამოყენებით.

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის «ე» პუნქტზე, რომელიც აწესებს «ბერნის კონვენციის» მე-6 მუხლის შესაბამის ნორმას, კერძოდ, ავტორს უფლებას ანიჭებს, წინ აღუდგეს მისი ნაწარმოების დამახინჯებას, სხვაგვარ მოდიფიკაციას ან შინაარსის დაკნინებას. ეს უფლება ემყარება ავტორის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვას. დაუშვებლად არის მიჩნეული მესამე პირთა მიერ ისეთი ქმედება, რამაც შეიძლება ავტორის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შელახოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რამაც გამოიწვია კანონით დაცული არაქონებრივი ინტერესების ხელყოფა.

კოლეგიამ იხელმძღვანელა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სკ-ის 413-ე მუხლით და საავტორო უფლების არსისა და ავტორისათვის მიყენებული არაქონებრივი ზიანის სიმძიმის გათვალისწინების საფუძველზე გონივრულად მიიჩნია ი.ბობოხიძის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 500 ლარის დაკისრება. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარემ. ი. ბ-ის წარმომადგენელმა ლ. მ-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მისი აზრით, საოლქო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი და 234-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნები საქმის განხილვისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესის შესახებ, რითაც არსებითად შეილახა მოსარჩელის კანონიერი ინტერესები. კასატორის განმარტებით, მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ დააკმაყოფილა ი.ბ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რის შემდეგაც კოლეგიას უნდა დაედგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: იყო თუ არა ი.ბ-ე მუსიკალური ნაწარმოები «ფიფქების» ავტორი, 2003წ. საახალწლო ეთერში აღნიშნული ნაწარმოების გადაცემის ფაქტი, მოსარჩელისათვის ზიანის დადგომა და მითითებული ზიანის ოდენობა, რაც ი.ბ-ის აზრით, შეადგენდა 15000 აშშ დოლარს.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას სარჩელში მითითებული გარემოებები. კოლეგიას უნდა გაერკვია, ითვალისწინებდა თუ არა კანონმდებლობა საავტორო უფლებების დაცვას, კანონის მიხედვით შეიძლებოდა თუ არა საავტორო უფლების დარღვევით ავტორისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენება და ითვალისწინებდა თუ არა კანონმდებლობა ავტორისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. მხარემ თავისი მოთხოვნა დაამყარა «სავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-17, მე-18 და 59-ე მუხლებზე. კასატორის აზრით, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, ემსჯელა ზიანის ანაზღაურების ოდენობაზე, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა-არარსებობაზე და, შესაბამისად, მოსარჩელეც უნდა გათავისფლებულიყო მათი მტკიცების ტვირთისაგან. მხარის მითითებით, სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის ახსნა-განმარტება, გამოიკვლია საქმის მასალები, ი.ბ-ეს მოსთხოვა სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურება, ხოლო მოსარჩელეებმა გააკეთეს განმარტებანი საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შესახებ. კასატორის აზრით, კოლეგიამ ასევე დაარღვია სსკ-ის 236-ე და 238-ე მუხლების მოთხოვნები, რითაც შეილახა ი.ბ-ის უფლებები. შპს სამაუწყებლო კომპანია «რ.-....»-ის» წარმომადგენელმა ლ. ჭ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად. კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ დაარღვია სსკ-ის 230-ე და 234-ე მუხლების მოთხოვნები, როდესაც ჩათვალა, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნებს, თუმცა, ამავდროულად, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გაარკვია რა მოლაპარაკება შედგა ი.ბ-ესა და ნ.მ-ს შორის, რაც მხოლოდ მოსარჩელის განმარტებით, ცალმხრივად არ დგინდება. ლ.ჭ-ემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მისი პირადი არაქონებრივი უფლებების შელახვად მიიჩნევდა შპს «რ.-....»-ის» მიერ ეთერის საჯარო ტიტრების (მინაწერის) მეშვეობით ი.ბ-ის მუსიკალური ნაწარმოების ავტორად გამოცხადებას. კასატორმა მიუთითა «საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ» კანონის პირველ მუხლზე და მიიჩნია, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრისას უმთავრესია დადგინდეს, არის თუ არა აღნიშნული კანონის დაცვის ობიექტი ი.ბ-ის შელახულად მიჩნეული უფლება. მხარის აზრით, ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები შეილახა არა აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების გავრცელებით, არამედ მუსიკალური ნაწარმოების შექმნით, რომელშიც გამოყენებული იყო მოსარჩელის ნაწარმოები, ხოლო კონცერტის ტელემაუწყებლობის საშუალებით პირდაპირი ეთერით გადაცემა არ ნიშნავს, იმას, რომ იქმნება ნაწარმოები, რომელიც საჯაროდ გადაიცემა. კასატორმა მიუთითა «საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ» კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის «ე» და «ვ» ქვეპუნქტებზე, რომლის მიხედვით, ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებაა, დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია, ასევე ნება დართოს სხვა პირებს ნაწარმოებს დაურთონ სხვა ავტორთა ნაწარმოები. ლ.ჭ-ემ აღნიშნა, რომ მუსიკალური ნაწარმოები, რომელშიც ჩართული იყო მოსარჩელის ნაწარმოები, ი.ბ-ის განმარტებით, შექმნილია ნ. მ-ის მიერ, რომელსაც ნებართვა მისი ნაწარმოებიდან ფრაგმენტების გამოყენების შესახებ არ მიუღია. ი.ბ-ის ნაწარმოების დამახინჯებისა და სხვა ნაწარმოებში ჩართვის გზით ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები შელახა არა შპს სამაუწყებლო კომპანია «რ.-....»-მა, არამედ ფიზიკურმა პირმა ნ.მ-მა. რაც შეეხება სამუწყებლო კომპანია «რ.-....»-ს», კასატორის აზრით, მან განახორციელა ნაწარმოების გადაცემა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით იმ სახით, რა სახითაც წარმოადგინა ნ.მ-მა ანუ მოპასუხემ განახორციელა ნ.მ-ის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულება. მხარემ მიუთითა იმავე კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის «ა» ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ ი.ბობოხიძის განმარტებით, მისი პირადი არაქონებრივი უფლებები შეილახა არა იმით, რომ საჯაროდ შესრულებული ნაწარმოებზე არ მიუთითეს მისი სახელი (არ აღიარეს ავტორად), არამედ იმით, რომ დამახინჯებული ნაწარმოების ავტორად გამოაცხადეს. კასატორის განმარტებით, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონი არ იცნობს ასეთი სახის არაქონებრივ უფლებებს და პასუხისმგებლობას მათი ხელყოფისათვის. მხარემ იხელმძღვანელა სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის მე-4 წინადადების მიხედვით, ხელმყოფისაგან შეიძლება მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც, თუკი სახეზეა მისი ბრალეული მოქმედება, რომელმაც მას მოგება მოუტანა. მოპასუხის მხრიდან ასეთი ზიანის მიყენების ფაქტი ვერ დადასტურდა, ასევე ვერ დადასტურდა მოპასუხის მოქმედების ბრალეულობა და მატერიალური მოგების ფაქტი, რაც მთლიანად გამორიცხავს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანის ანაზღაურებისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს კანონის დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად უბრუნებს საოლქო სასამართლოს შესაბამის კოლეგიას ან პალატას. ვინაიდან საოლქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს კანონდარღვევა, იგი უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს კოლეგიამ არასწორად განმარტა სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი და მიუთითა, რომ იმის გასარკვევად სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, არსებითად განიხილა საქმე. შემდგომში სასამართლომ შეამოწმა რა სარჩელის საფუძვლიანობა მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და ის ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

სსკ-ის XXVI თავით მოწესრიგებულია რა მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესი და პირობები, ამავე კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, მთავარ სხდომაზე გამოუცხადებელი მოპასუხის მიმართ სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება თუკი არსებობს სამი წინაპირობა: მოსარჩელის შუამდგომლობა, მოპასუხე კანონით დადგენილი წესით არის გაფრთხილებული სხდომის ჩატარების თაობაზე და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც დამტკიცებულად ითვლება იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლოს ვალდებულება სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულ შეფასებაში გამოიხატება, რა დროსაც უნდა გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა კანონის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება დამტკიცებულად ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით. თუკი დაცულია სსკ-ის 230-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, სარჩელი მთლიანად უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობით არა აქვს უფლება, არსებითად იმსჯელოს საქმეზე, გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასოს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის მიზანშეწონილობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა მხოლოდ ორივე მხარის მონაწილეობისას არის შესაძლებელი.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს კანონის დანაწესებიდან გამომდინარე, ან უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის შუამდგომლობა და გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ან უნდა გადაედო საქმის განხილვა. სასამართლოს უნდა ემსჯელა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე, ამასთან, უნდა შეეფასებინა ითვალისწინებდა თუ არა კანონი მოსარჩელის მოთხოვნას _ საავტორო უფლების დაცვას და ამ უფლების დარღვევის შემთხვევაში მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დარღვეულია სსკ-ის მე-4, 230-ე, 234-ე და 243-ე მუხლების მოთხოვნები, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ბ-ის წარმომადგენლის _ ლ. მ-ისა და შპს სამაუწყებლო კომპანია „რ. ....-ის“ წარმომადგენლის _ ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.